ცოტა ხნის წინ ეკრანებზე ახალი დანიური ფილმი გამოჩნდა, რომელმაც მალე აალაპარაკა საზოგადოება. "გოგონა ნემსით" "ოსკარზეც" წარადგინეს. მაყურებელი დაინტერესდა ფილმში განვითარებული მოვლენებით და აღმოჩნდა, რომ მას საფუძვლად ნამდვილი ამბავი უდევს, რომელიც სინამდვილეში ბევრად უფრო სასტიკია, ვიდრე რეჟისორმა გადმოსცა...
მთავარი გმირი - დაგმარ იოჰანა ამალია ოვერბრიუ, დანიელი სერიული მკვლელი იყო, რომელიც 1920 წელს დააკავეს. ძიებისას დადგინდა, რომ შვიდი წლის განმავლობაში, მან 25-მდე ბავშვი მოკლა. ქალს დანიის ყველაზე დიდ სერიულ მკვლელს უწოდებენ. სახლი, სადაც ის საშინელ დანაშაულს ჩადიოდა, დღესაც არსებობს...
დაგმარ ოვერბიუ დანიაში, ფერმერების ოჯახში დაიბადა. პირველი დანაშაული კი 12 წლის ასაკში ჩაიდინა. მაშინ გოგონა გამოსასწორებელ დაწესებულებაში გადაიყვანეს, მაგრამ სამი წლის შემდეგ მშობლებთან დააბრუნეს. წლები გავიდა, ქალი ოფისში დასაქმდა. მალევე დაგმარი ქურდობაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. მოგვიანებით რესტორანში დასაქმდა, სადაც დაორსულდა და პირველი შვილი გააჩინა. ბავშვი იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქალმა ორი სხვადასხვა მამაკაცისაგან ორი ბავშვი გააჩინა. ამ ბავშვებიდან მეორე თავად მოკლა. პირველი მკვლელობა, სავარაუდოდ, 1913 წელს მოხდა. ამის შემდეგ დაგმარმა კიდევ ერთი შვილი გააჩინა.
1915 წელს საცხოვრებლად კოპენჰაგენში გადავიდა და საკონდიტრო მაღაზია გახსნა. იქ კიდევ ერთი მამაკაცი გაიცნო, რომლისგანაც ასევე შვილი გააჩინა. ის ბავშვიც გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა... საბოლოოდ, ქალს ორი შვილი - 1912 წელს დაბადებული ერენა მარია და 1914 წელს დაბადებული პაული შერჩა, რომლებიც დედას არ მოუკლავს ან რაიმე სხვა მიზეზით არ გარდაცვლილან.
1916 წელს დაგმარმა სარეკლამო სააგენტოს დახმარებით ახალი "სამსახური" იშოვა. გაიცნო ქალი, რომელმაც მეორე შვილი ქორწინების გარეშე გააჩინა და არ იცოდა მისთვის რა ექნა. დაგმარმა შესთავაზა, რომ ბავშვს თავად მოუვლიდა ან კარგ ოჯახში გააშვილებდა. სანაცვლოდ დედისგან 12 კრონა მიიღო... როგორც მოგვიანებით სასამართლოზე თქვა, ბავშვი იმავე დღეს დაახრჩო...
მოგვიანებით, სასამართლო პროცესის დროს, მან თქვა, რომ არ იცოდა, რატომ გააკეთა ეს ყველაფერი. ქალმა აღიარა, რომ ჯამში 16 ბავშვი მოკლა. სასამართლომ მტკიცებულებები მხოლოდ 9 ბავშვის მკვლელობაზე მოიპოვა. მათ შორის, ერთი დაგმარის შვილი იყო. თუმცა, ვარაუდობდნენ, რომ მოკლული ბავშვების რიცხვი 25-ს აღწევდა.
სქემა ასეთი იყო - დაგმარი უკავშირდებოდა იმ ქალებს, რომლებმაც შვილი არაოფიციალურად გააჩინეს და ბავშვები სახლში ვერ მიჰყავდათ, ოჯახისა და საზოგადოების რეაქციის ეშინოდათ. დაგმარი მათ გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდა, რომ დროებით თავად მოუვლიდა, შემდეგ კი მდიდარ ოჯახებში გააშვილებდა... როგორც კი ბავშვს მას მიუყვანდნენ, ქალი მათ კლავდა. ცხედრებს ან მარხავდა, ან წვავდა ან კიდევ დროებით სხვენში ინახავდა. როგორც წესი, ამ ბავშვებს დედები აღარ ჰკითხულობდნენ.
დაგმარის დანაშაულებრივი ქმედებები 1920 წელს გამოაშკარავდა.ახალგაზრდა დედამ, რომელმაც მას შვილი მიუყვანა, გადაიფიქრა და ბავშვის უკან დაბრუნება გადაწყვიტა. ბავშვის დაბრუნების ნაცვლად, დაგმარმა ქალს გაურკვევლად აუხსნა, რომ ამას ვერ გააკეთებდა. ქალს ეჭვი გაუჩნდა და პოლიცია გამოიძახა... ბავშვის ცხედარი ღუმელში დამწვარი იპოვეს.
პოლიციამ მკვლელობების რეალური მოტივები ვერ დაადგინა. ადვოკატები ამბობდნენ, რომ დაგმარის სერიულ მკვლელად ჩამოყალიბება ბავშვობაში განცდილმა ტრავმამ, შეურაცხყოფამ და დამცირებამ გამოიწვია. თუმცა, მათ სიტყვებს გავლენა არ მოუხდენია. ქალს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით ეს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. სასამართლოს დასკვნაში ეწერა, რომ მას არავითარი შეწყალება არ შეეხებოდა და დროზე ადრე არ გათავისუფლდებოდა. ისიც დადგინდა, რომ ქალი დანაშაულის ჩადენის დროს მავნე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო...
ფაქტის გასაჯაროებას დანიაში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაიწყეს დებატები იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აქვთ დედებსა და მამებს. ასევე, 1923 წელს უკანონო ბავშვების კონტროლის შესახებ კანონი მიიღეს, რაც პირდაპირ დაგმარის დანაშაულების შედეგი იყო.
ქალმა სიცოცხლის ბოლო ორი წელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა, 1929 წელს კი გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ დანიაში სიკვდილით დასჯა გაუქმდა.
დაგმარის ცხოვრება მწერლებისა და რეჟისორებისათვის საინტერესო აღმოჩნდა. 2007 წელს კარენ სონდერგაად ჯენსენის რომანი, სახელწოდებით Englemagersken გამოქვეყნდა. რომანი დაგმარ ოვერბრიუს ცხოვრების შესახებაა.
2009 წელს დანიურმა ჯგუფმა Leæther Strip-მა მუსიკალური ალბომი ჩაწერა და ალბომში სიმღერები დაგმარის შესახებაცაა.
ასევე, როგორც აღინიშნა, სერიულ მკვლელის ცხოვრება მხატვრული ფილმის „გოგონა ნემსით“ შთაგონება გახდა. ფილმი 2024 წელს გამოვიდა და "ოსკარზეა“ წარდგენილი.