დღეს იშვიათად ნახავთ მშობელს, რომელიც კმაყოფილია შვილების მიერ სკოლაში მიღებული ცოდნით, სასკოლო განათლებით, სკოლაში არსებული გარემოთი. ამიტომ დავინტერესდით და მშობლებს ვკითხეთ, რის შეცვლას ისურვებდნენ სკოლებში, რაც, მათი აზრით, განათლების ხარისხს გააუმჯობესებს. წარმოგიდგენთ მათ მოსაზრებებს:
- "უფასო კვება, გახანგრძლივებული და სხვადასხვა წრეები იქვე, დისციპლინა, გამოცდები ყოველი წლის ბოლოს, რომელსაც ჩაატარებს დამოუკიდებელი სტრუქტურა, კონტროლი, სისუფთავე, პასუხისმგებლიანი, პოზიტიური და პროფესიონალი პერსონალი და დანგრეული სკოლების დროზე აშენება"
- "სკოლა ვეღარ პასუხობს მოთხოვნებს. ინტერნეტი იმხელა ესაძლებლობას სთავაზობს მასწავლებელს, რომ შეიძლება ყველა გაკვეთილი მომზადდეს ძალიან ინფორაციულად და საინტერესოდ, დიდ ეკრანზე, რომელიც ყველა საკლასო ოთახში უნდა იყოს ... ასეთ გაკვეთილზე ბავშვები ტელეფონით არ ითამაშებენ ... უნდა გადამზადდეს მასწავლებლებიც და აუცილებლად დაწესდეს კონტროლი, რამდენად ხარისხიანად ტარდება გაკვეთილები ყველა საგანში."
- "გარდა შესაცვლელი პროგრამებისა, ვისურვებდი მინიმუმ, 5 წრეს (ნამდვილად სასურველია 10 და მეტი) - სავალდებულო იქნებოდა უცხო ენა, მუსიკა, ცეკვა და 2 სპორტული ჯგუფი ინდივიდუალური და ჯგუფური სახეობის, რომელზეც ბავშვები შესძლებდნენ უფასოდ სიარულს ან მინიმალური გადასახადით. ალბათ ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს საცურაო აუზი (ან მოლაპარაკება უახლოეს აუზთან) და სპორტული მოედანი."
- "მე-12 კლასის გაუქმება, სახელმძღვანელოებში მასალის გასაგები ენით გადმოცემა, მე-9 კლასიდან საგნების დიფერენცირება რაც არაჩვეულებრივ შედეგს გამოიღებდა, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნები. რაც ერთ დროს იყო და საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. კაბინეტების საჭირო ტექნიკით აღჭურვა. რელიგიის ისტორიის დამატება, აუცილებლად კვირაში ერთი საათი მაინც ფსიქოლოგია! ასევე უნდა გადაიხედოს მასწავლებლების საკითხიც, ხელფასი უნდა მოემატოთ და ნერვოზიანები დასვან სახლში, რათა ბავშვს არ შეურყიოს ფსიქიკა და არ შეაძულოს საგანი."
- "ხარისხიანი და რელევანტური სასწავლო მასალა. უკიდურესად მოძველებული ან არაფრისმთქმელი, არაადეკვატური და არაფრისმომცემი მასალის (ქართულში განსაკუთრებით) ამოღება. ახალგაზრდა კადრების მოზიდვა პროფესიაში და წახალისება. ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესში. ცხოვრებისეული უნარების სწავლება და ახალი თაობის მომზადება უკიდურესად კონკურენტურიანი გარემოსთვის."
- "მოსწავლეთა მშობლებმა უნდა გამოიღვიძონ, მეტი მოთხოვნები, მეტი ჩართულობა გამოხატონ. სკოლაში შესვლის უფლება წაართვეს მშობელს. საკუთარი შვილების მტრად გვაქციეს. ვინ ადგენს სასწავლო მასალას ჩვენი შვილებისთვის, ან ამ ყველაფერს როგორი მეთოდებით ასწავლიან? ბულინგი, პოსტსაბჭოთა გადმონაშთის პედაგოგები და შეშინებული მშობლები, რომ შენიშვნა არ დააფიქსირონ, ვაითუ უფრო გადაეკიდონ მის შვილს. დღევანდელი სკოლები კარგავენ და ანადგურებენ თაობებს..არავის აღელვებს ჩვენი შვილები, არც სახელმწიფოს და არც პედაგოგებს."
- "მეთორმეტე კლასი გასაუქმებელია, წიგნები შესაცვლელი, პედაგოგები გადასამზადებელი.ზოგიერთი საგანი, მაგალითად მუსიკა, ამოსაღებია ან უნდა გაერთიანდეს ხელოვნებასთან და ისე ისწავლებოდეს და არა ამ ფორმით.ბევრი პრობლემაა სკოლებში,მაგრამ აშკარად არავინ ცდილობს მოგვარებას.პირიქით ყოველწლიურად მინიმუმ ერთ სისულელეს იგონებენ,რომ მეტი არეულობა შეიტანონ სისტემაში.მეტი გაუნათლებელი ბავშვი ადვილად სამართავი ბრბო."
- "საკლასო ოთახში უნდა იყოს ვიდეო კონტროლი ტელეფონში ჩამხობილი მასწავლებლის და თავხედი ბავშვის გასაკონტრილებლად"
- "სუფთა და ფერადი სკოლა კაბინეტები ყველა საგნებს თვალსაჩინოებისთვის.სპორტ დარბაზი ინვენტარით,გასახდელით,გაცვლითი პროგრამები ,შეჯიბრები სხვა სკოლებთან,ფორმები ფერადი და მოხდენილი,მოწესრიგებული და ხალისიანი მოტივირებული პედაგოგები, უცხო ენები ისწავლებოდეს მე-4 კლასიდან მაინც, სანამ არ ისწავლის ბავშვი მშობლიურ ენას და წერას, მოიხსნას დავალებები ან შემცირდეს მაინც, შემოიღონ თეატრის და მუზეუმის აბონემენტები მისაღებ ფასად, გაიხსნას სკოლის მერე გახანგრძლივებული, ყველა ეზო მოწესრიგდეს გამწვანებით."
- "გაკვეთილზევე უთხრან დავალებები და არა საღამოს ჩატში ჩაუყარონ. იქნებ არ აქვთ ტელეფონი? ან არ მინდა მივცე ბავშვებს ტელეფონი?"
- "უფასო კვება, სწავლის დაწყება 10 საათზე, გამოცდები ყველა კლასში წლის ბოლოს, 9,10,11,12 კლასებში ეთიკა და ფსიქოლოგია"
- "მე სკოლაში უფასო კვებას ვეწინააღმდეგები.სკოლა რესტორანი არაა .დახმარება სახელმწიფომ მისცეს ოჯახებს და იკვებონ სახლში .სკოლაში კი სასწავლად მოვიდნენ."
- "ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყნებში სკოლაში უფასო კვებაა - დიახ , დილით მოდიან ბავშვები საუზმობენ და შემდეგ კვლავ აქვთ ლანჩი .. ასე რომ დიახ , სკოლაში კვება აუცილებელია , მაგრამ არა ისე როგორც საქართველოში , არასისტემურად , ჩანთიდან ჩუმჩუმად საჭმლის ამოძრობით. პლიუს მეტი დასვენების წუთი , რომ ბავშვმა შეძლოს ნორმალურად საკვების მიღება ! განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში".
- "9 საათზე რომ მივა და 4-5 საათზე წამოვა, ის მეცადინეობაზე არ იქნება ორიენტირებული, ერთი სული ექნება, სახლში წავიდეს, რომ ჭამოს."
- "ეთიკას ვასწავლიდი და რატომ ამოიღეს? ეთიკის გაკვეთილის დამამთავრებელი ზარი არ უხაროდათ ბავშვებს... კიდევ უნდოდათ გაგრძელება. ბევრ მოსწავლეს რაზეც არასოდეს უფიქრია, ჩვენ ვასწავლიდით. მაშინდელი გულახდილი ჩანაწერები ახლაც მაქვს.. ვერ ვყრი, ცხოვრების მასწავლებელი გაკვეთილები იყო, რა თემებზედაც მათ არავინ არ ესაუბრებოდათ"
- "პირველ რიგში გამოყოფილი სასადილო სივრცე, მერხებზე რომ ჭამენ, არაჰიგიენურია. რამდენიმე საპირფარეშო, რომ ბავშვებმა ხელის დაბანა მოასწრონ. ფიზკულტურისთვის კეთილმოწყიბილი დარბაზები.. და რაც ყველაზე მთავარია, სულელურად ნათარგმნი სახელმძღვანელოების ამოღება სასწავლო მასალიდან."
- "კომპიუტერული გამოცდები მეცხრე და დამამთავრებელ კლასებში"
- "სახელმძღვანელოში მასალა უფრო გასაგებად იყოს ახსნილი და რეპეტიტორის დახმარება არ სჭირდებოდეს ყოველ მეორე ბავშვს, სწავლების გარკვეულ საფეხურზე მოხდეს დიფერენცირება და მოსწავლეს შეეძლოს არჩევანის გაკეთება ჰუმანიტარულ და ტექნიკურ საგნებს შორის. კატასტროფაა მძიმე ჩანთების მხრივაც!"
- "პარტიული კონტროლისგან თავისუფალი სკოლა, არჩეული დირექტორი და ძლიერი სამეურვეო საბჭო, ბავშთმოყვარე მასწავლებელი, კარგი ინფასტრუქტურა, სასკოლო კვების პროგრამა, საგანმანათლებლო რესურსები, ბავშვის ინტერესებს მორგებული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები, სწავლების საინტერესო მეთოდები, მშობელთა ჩართულობის პროგრამა, სპორტული და სახელოვნებო წრეები..."
- "დისციპლინა; სწავლა სწავლების პროცესის გაუმჯობესება; კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება; მოსწავლე მასწავლებლის, ერთმანეთისგან გარჩევა; მშობლის ჩართულობა, შვილის სწავლა განათლებაში და მჭიდრო კავშირი სკოლასთან და განსაკუთრებით დამრიგებელთან; არდადეგები დაემსგავსოს არდადეგებს; აიკრძალოს გაკვეთილზე ტელეფონის გამოყენება; გამოცდები ჩატარდეს შერჩევითი წესით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ცენტრალიზებულად (ოღონდ წლის ბოლომდე არჩეული საგანი არ უნდა იყოს ცნობილი); ოქროს მედლების გაცემის წესების გადახედვა; სასწავლო სახელმძღვანელოების, არა სიმძიმის მიხედვით არამედ, ხარისხის მიხედვით, გრიფის მინიჭება და რა თქმა უნდა კეთილმოწყოფილი სასწავლო სივრცე,"
- "არ არსებობდეს მეორე ცვლა. სწავლა იწყებოდეს 9 საათზე. გაიზარდოს დასვენებების ხანგრძლივობა (ბავშვები მთელ-მთელ ხაჭაპურებს ყლაპავენ). კაბინეტები აღიჭურვოს საჭირო აპარატურით, რათა მასწავლებლებმა შეძლონ გამოიყენონ თანამედროვე მიდგომები და მოსწავლეები დააინტერესონ საგნით. გადაიხედოს და განიტვირთოს სახელმძღვანელოები"
- "გაუშვან სკოლიდან პენსიონრები. უნიჭიერესი, ენთუზიაზმით სავზე ახალგაზდრები ოცნებობენ მასწავლებლობაზე, მაგრამ არასოდეს არის მათთვის სკოლაში ადგილი."
- "ნორმალური სახელმძღვანელოები ,ნორმალური პედაგოგები რომლებსაც ბავშვები უყვართ და ზრუნავენ და არა ისეთები, საგანს რომ არ ასწავლიან იმის გამო, რომ მოამზადონ მერე და ვაჭრობად რომ არ ექნებათ ქცეული პედაგოგობა."
- "მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, რომ სხვაგან არ უწევდეს დამატებითი შემოსავლისთვის გაკვეთილების ჩატარება.ეს კლასში განაპირობებს ჩატარებული გაკვეთილის ხარისხს! კლასში მაქსიმუმ 15 მოსწავლე უნდა იყოს! ცოდნის მოთხოვნა და მოსწავლის პასუხისმგებლობაც გაიზრდება. შეფასების კრიტერიუმი უნდა იყოს ნათელი მოსწავლისთვის,თუ რაში ხდება შეფასება. უნდა იყოს სემესტრული და წლიური გამოცდები. განმსაზღვრელი შეფასება მხოლოდ დაწყებით საფეხურზე უნდა იყოს.სკოლის განათლება შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული გამოცდის მისაღებ საგამოცდო მასალასთან,მათემატიკა ძირითადად აცდენილია სკოლისა და საგამოცდო მასალასთან!"