"The Squid Game"-ის მეორე სეზონი 2024 წლის დეკემბერში გამოვიდა. სერიალის შესახებ დისკუსია დღემდე გრძელდება და ეს სოციალური მედიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობა პირველი სეზონიც.
სანამ რეჟისორ ჰვან დონ-ჰიოკის დრამის თაყვანისმცემლები აგრძელებენ კამათს იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ერთ ადამიანს სისტემას დაუპირისპირდეს, იქამდე ბევრი ადამიანი სიუჟეტს სამხრეთ კორეაში წარსულში მომხდარ ამბავს უკავშირებს.
სამხრეთ კორეაში არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ამბავი მოხდა, რამაც ადამიანებზე, მათ სოციალურ ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. კორეის ომი განსაკუთრებით დამანგრეველი აღმოჩნდა. 1980-იანი წლების დასაწყისში კი "სეულის გაზაფხული" დაიწყო, რა დროსაც მოქალაქეების დემოკრატიის მიღწევისა და დიქტატურის დამარცხებისთვის იბრძოდნენ. არეულობამ ქვეყნის ეკონომიკაზეც იმოქმედა. თუმცა, დროთა განმავლობაში, სამხრეთ კორეაში სიტუაციის გამოსწორებაზე ფიქრი დაიწყეს.
შედეგად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებს დედაქალაქში ჩაატარებდნენ. ხელისუფლება თვლიდა, რომ მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობა ქვეყანას საერთაშორისო იმიჯის გამოსწორებაშიც დაეხმარებოდა და ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობასაც დაასტაბილურებდა.
მთავარი მიზანი იყო ის, რომ ქვეყანა მედიაში მდიდარ, მოწესრიგებულ მხარედ წარმოჩენილიყო. ამიტომაც, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წინასწარ ქუჩები იმ ადამიანებისაგან, რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ ან ღამეებს უსახსრობის გამო გარეთ ათენებდნენ, სასწრაფოდ გაეთავისუფლებინათ.
პრეზიდენტმა ჩუნ დუ ჰვანმა გასცა ბრძანება, რომ პოლიციას ქალაქის ქუჩაში დაეპატიმრებინა ყველა გაჭირვებული და სოციალურ დაწესებულებაში გადაეყვანათ. სახელდახელოდ მოწყობილ ბანაკში უამრავი ადამიანი აღმოჩნდა. მაგრამ, პოლიციამ არა მხოლოდ მოწყალების მთხოვნელები დააკავა, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც არსებულ პოლიტიკას არ ეთანხმებოდნენ და საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.
"ძმათა თავშესაფარი" ასე ეწოდებოდა სივრცეს, რომელიც საპორტო ქალაქ პუსანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. უსახლკაროებისათვის უნდა ეჭმიათ, სუფთა ტანსაცმელი მიეცათ, რაღაცები ესწავლებინათ და ფულის გამომუშავების შესაძლებლობაც მიეცათ. ისინი თავშესაფარში ერთი წელი უნდა გაეჩერებინათ, შემდეგ კი დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება მიეცათ.
მაგრამ, ძალიან მალე სოციალური ადაპტაციის ადგილი ნამდვილ საკონცენტრაციო ბანაკად გადაიქცა, სადაც, დაახლოებით, 40 ათას ადამიანს დღე და ღამე მუშაობა უწევდა იმისათვის, რომ ერთი თეფში წვნიანი და ბრინჯი მიეღოთ... გაუსაძლისი პირობები იყო. დატყვევებულებმა კი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეძლეს გაქცევა.
ყველა თავშესაფარი, მათ შორის, "ძმათა თავშესაფარი" ერთდროულად დაიხურა. დახურვას კი წინ ძალიან დიდი სკანდალი უძღოდა. სოციალური დაწესებულებიდან გაქცეული 30 პატიმარი მედიას დაუკავშირდა. ისინი არაადამიანურ მოპყრობასა და იმ ტანჯვაზე საუბრობდნენ, რასაც თავშესაფარში გადიოდნენ.
აღმოჩნდა, რომ პოლიცია თავშესაფართან გარიგებული იყო და თითოეულ მიყვანილ ადამიანზე პროცენტს იღებდა. თავშესაფარს კი ბევრი ადამიანის მიყვანა აწყობდა, რომ სახელმწიფოსაგან მეტი დაფინანსება მიეღო. რეალურად, იქ მიყვანილებს, ფაქტობრივად, აშიმშილებდნენ. მათთვის გამოყოფილ ფულს კი თავად იღებდნენ.
თავშესაფარში უმკაცრესი პირობები იყო. იქ მოხვედრილ ადამიანებს არანაირი უფლებები არ ჰქონდათ. ყველას, ვინც უარს ამბობდა მუშაობაზე, სასტიკად სცემდნენ, აუპატიურებდნენ, აწამებდნენ. ყოფილა შემთხვევები, როცა ღარიბ ადამიანებს სამედიცინო ექსპერიმენტებისთვის ყიდდნენ ან გასაყიდად თირკმელებს აშორებდნენ...
იქ მოხვედრილი ადამიანები ჯგუფებად დაყვეს. თითოეულ მათგანს ლიდერი დაუნიშნეს. ლიდერი ჯგუფში დისციპლინაზე იყო პასუხისმგებელი. თუ ვინმე წესებს დაარღვევდა, მთელი ჯგუფი ისჯებოდა. ყველაზე ხშირად სასჯელი ცემა ამ ერთ პოზაში მრავალი საათის განმავლობაში დგომის იძულება იყო.
ამან მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. განსაკუთრებით დაუძლურებული ადამიანები სიგარეტის ან პურის სანაცვლოდ იძულებულები იყვნენ, რომ სხვა ადამიანები დაესმინათ ან რაიმე დაებრალებინათ...
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. აბსოლუტური ძალაუფლების შეგრძნებით, სოციალური კოლონიის ხელმძღვანელმა პაკ ინ გინმა ფსონების მაღაზიის მსგავსი მოიფიქრა. როდესაც მასთან მაღალი რანგის კოლეგები მიდიოდნენ, ის პატიმრებს აიძულებდა, რომ ისეთ შეჯიბრებებში მიეღოთ მონაწილეობა, რაც მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო. სახიფათო შეჯიბრებებს იგონებდა და ყველას აიძულებდა, ბრძანება შეესრულებინათ. ვინც დავალებას ვერ შეასრულებდა, კვდებოდა.
მათზე ფსონებს დებდნენ - გადარჩებოდნენ თუ მოკვდებოდნენ. თუ ის ადამიანი გაიმარჯვებდა, ვის გამარჯვებაზეც კოლონიის უფროსი ფსონს არ დადებდა, მას სასტიკად სცემდნენ. ზოგჯერ ამ სისასტიკეს სიკვდილი მოჰყვებოდა.
მოგვიანებით, ერთ-ერთმა გადარჩენილმა თქვა:
"ვხედავდი, როგორ იღუპებოდნენ ადამიანები დაღლილობისაგან. მათ უბრალოდ ნაგავივით ყრიდნენ."
1986 წელს სამხრეთ კორეელმა ჟურნალისტმა ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა და ადამიანები შოკისმომგვრელი ფაქტების გასაჯაროებამ აღაშფოთა.
ერთ-ერთმა გადარჩენილმა სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას თქვა: "როდესაც საბოლოოდ გამოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჯოჯოხეთიდან გამოვდიოდი. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი რეალური იყო."
დაზარალებულები სახელმწიფოსგან კომპენსაციას ითხოვდნენ. ნაწილმა თანხა მიიღო, ნაწილმა - ვერ.
ზოგიერთ მათგანს თავშესაფარში მიღებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმა დღემდე აწუხებს. დადგინდა, რომ თავშესაფრიდან 19 გოგონა გაყიდეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბიოლოგიური მშობლები ჰყავდათ. 100-ზე მეტი მოზარდი კი თავშესაფარში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
2022 წელს, სამხრეთ კორეის პროკურორების პირველი გამოძიებიდან 35 წლის შემდეგ, კომისიამ დაადასტურა, რომ "ძმათა თავშესაფრებში" 1975-1986 წლებში 657 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით დიდია.
სოციალური დაწესებულების ხელმძღვანელს, პაკ ინ გინს კი 2,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა ამ სასჯელის შეცვლა ითხოვეს, მათი თხოვნა არ დაუკმაყოფილებიათ.