საქართველოში ბევრი მოსწავლე სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე ფიქრობს და ხშირად, ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა აქვთ. რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ გადაწყვეტთ, საიდან და როგორ უნდა დაიწყოთ ჯერ ძიება და შემდეგ რა მონაცემები შეგროვება დაგჭირდებათ - თემაზე ვრცლად განათლების კონსულტანტი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი, ნათია სირაბიძე გვესაუბრება. მას სოციალურ ქსელში საკუთარი ბლოგი - "ნათია განათლებაზე" აქვს, სადაც განათლების, ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში ჩაბარების პროცედურებსა და გზებზე ხშირად აქვეყნებს რეკომენდაციებს. ამჯერად კი, რჩევებს Mshoblebi.ge-ს მკითხველს უზიარებს:
- პირველ რიგში, მოსწავლემ უნდა მოიფიქროს, რომელ ქვეყანასა და უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. ამერიკის შეერთებულ შტატებში 100 %-იანი დაფინანსების მოპოვების შანსი არის, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია. სწავლის ღირებულება კი, წელიწადში, დაახლოებით, 60-80 ათასი დოლარია, რაც დიდ ინვესტიციას მოითხოვს. ამასთან შედარებით, ევროპაში სწავლა გაცილებით იაფია. სტუდენტმა შესაძლოა, სიმბოლური თანხა გადაიხადოს იმ ქვეყანაში, რომელი ქვეყნის ენაც იცის. მაგალითად, თუ წავა საფრანგეთში და ისწავლის ფრანგულად, ან გერმანიაში წავა და გერმანულად ისწავლის, მაშინ გადასახადი გაცილებით ნაკლები იქნება. მაგრამ, თუ სტუდენტი ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩაბარებას გეგმავს, ამ შემთხვევაში, სწავლის გადასახადი, დაახლოებით, 8-10 ათას ევროს შეადგენს. ეს მხოლოდ სწავლის ღირებულებას მოიცავს.
ამიტომ, პირველ რიგში, როდესაც მომავალი სტუდენტები უნივერსიტეტების შერჩევას დაიწყებენ, კონკრეტული ქვეყნების მიხედვით, უნდა მოიძიონ, რამდენია გადასახადი, როგორია დაფინანსების პირობები და თავად რისი შესაძლებლობა აქვთ.
სასურველია, მომზადება მე-9 კლასიდან დაიწყონ. უცხოურ უნივერსიტეტებში მე-9 კლასის შემდეგ ნიშნებს, აქტივობებს, სხვადასხვა პროექტში ჩართულობას - ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში სწორედ, ბოლო 3 წლის მონაცემები იგზავნება.
ამერიკაში უფრო მარტივი პროცედურებია. პირველ რიგში, საჭიროა უნივერსიტეტის შერჩევა. შემდეგ კი უნივერსიტეტში აპლიკაციის გადაგზავნა. კარგი არის ის, რომ ერთი აპლიკაციით შესაძლებელია, ჩვენი მონაცემები 20 უნივერსიტეტში გადავაგზავნოთ. ბოლო ეტაპი ფინანსური დეკლარაციის გადაგზავნაა. უნივერსიტეტს რამდენიმე კრიტერიუმით ვარჩევთ - რამდენად შესაბამისი ფაკულტეტი აქვს, ტერიტორიულად ჩვენთვის რამდენად ხელმისაწვდომია და როგორი ტიპის დაფინანსების მიღების შესაძლებლობა გვაქვს.
ორი ტიპის დაფინანსება არსებობს - ერთი აკადემიური მოსწრების მიხედვით განისაზღვრება, მეორე კი საჭიროების შესაბამისად. თუ დაფიქსირდა, რომ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, რომ სწავლის გადასახადი გადაიხადოს, უნივერსიტეტი ამ ფაქტორსაც განიხილავს. ქართველი ახალგაზრდები სულ მცირე 50%-იან დაფინანსებას იღებენ ხოლმე.
ამერიკულ უნივერსიტეტში აპლიკაციას გაგზავნის შემდეგ რამდენიმე თვეში, მოდის შეტყობინება იმის შესახებ, მიგვიღო თუ არა უნივერსიტეტმა და რა რაოდენობის დაფინანსება მოგვცა. ფინანსური დეკლარაციის წარდგენის შემდეგ ხდება განსაზღვრა, ამას დაემატება თუ არა დაფინანსება. ყველა უნივერსიტეტს სხვადასხვა წესი აქვს. არის შემთხვევები, როდესაც აკადემიური მოსწრებისა და ფინანსური დეკლარაციის დოკუმენტები ერთად იგზავნება. ან კიდევ შესაძლოა, ჯერ აკადემიური მოსწრების მიხედვით განიხილონ და შემდეგ მოითხოვონ ფინანსური დოკუმენტაცია.
- დავიწყოთ მთავარი აპლიკაციით. არის ასეთი საიტი - commonapp.org, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ შესახებ მონაცემები შევიყვანოთ. მათ შორის, რეკომენდაციები, ნიშნები, აქტივობები, ესსე, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. შეგვიძლია, ეს მონაცემები, ამერიკის 20 სხვადასხვა უნივერსიტეტში გადავაგზავნოთ.
ასევე არის ქომონაპის მსგავსი ფინანსური აპლიკაცია - https://cssprofile.collegeboard.org/, დეკლარაციის შევსება სწორედ აქ ხდება. ამერიკულ უნივერსიტეტებში აინტერესებთ, რამდენად იხდის ოჯახი გადასახადებს, რამდენად ოფიციალურად აქვს გარკვეული შემოსავალი. თუ შემოსავლებს ვერ დავადასტურებთ, არის ალბათობა, რომ ამერიკაშიც იგივე გავაკეთოთ. ამიტომ, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ვრცელი ინფორმაცია მიიღონ. პირველ ეტაპზე, დოკუმენტების ატვირთვას არ გვთხოვენ, მაგრამ მოგვიანებით ყველა ფინანსური საკითხის დოკუმენტურად დადასტურება დაგვჭირდება.
ასე, რომ ეს ორი აპლიკაცია არის შესავსები. ძირითადად, კონსულტაციას უფრო მეტად ფინანსური საკითხების კუთხით ვუწევ ხოლმე, რადგანაც ამ აპლიკაციაში თითოეული შემდეგი შეკითხვა გამომდინარეობს იქიდან, თუ რა პასუხები გავეცით მანამდე. მაგალითად, თუ მამას ან დედას მეორე ოჯახი ჰყავს, მეორე ოჯახში შვილებზე, მეუღლის შემოსავალზეც კი ივსება მონაცემები. საკმაოდ დიდი და შრომატევადი საქმეა. სამაგიეროდ, არის შანსი, რომ ამ ძირითადი დოკუმენტების გადაგზავნის საფუძველზე, ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება მივიღოთ.
- ერთი შეხედვით, აპლიკაციის გადაგზავნა ამერიკის უნივერსიტეტებში შედარებით მარტივია, ვიდრე ევროპაში. რადგანაც ისინი, ძირითადად, ორი გამოცდის შედეგებს ითხოვენ. ეს არის ინგლისური ენა და მათემატიკა-უნარები. შედეგების გადაგზავნის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება ხდება.
ევროპაში, სამხრეთის ქვეყნებში, მაგალითად, იტალიასა და ესპანეთში, ზოგიერთ უნივერსიტეტში, შესაძლოა, მისაღები გამოცდის გარეშეც მოხვდეს სტუდენტი. მაშინ, როდესაც გერმანიაში, ავსტრიაში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში ჩვენი ატესტატი საკმარისი არ არის. დამატებითი მისაღები გამოცდების ჩაბარებაა საჭირო. მათ შორის, არის ენის გამოცდა, მათემატიკის და კიდევ ერთი დამატებითი საგნის გამოცდა იმის მიხედვით, თუ რომელ პროგრამაზე გსურს ჩაბარება. შეიძლება ქიმია, ბიოლოგია ან სხვა საგანი იყოს. თუ ეს გამოცდები ჩავაბარეთ, დიდი ალბათობით, მოსამზადებელ საფეხურზე მოვხვდებით და არა პირველ კურსზე. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში ბაკალავრიატი 3-წლიანია, ქართული მოდელის მსგავსად, საბოლოოდ, 4 წელი გამოდის. არის შემთხვევები, როდესაც შესაძლოა, გერმანიაში, ავსტრიაში პირველ კურსზე ჩავირიცხოთ, თუ საქართველოში 2 წელი ვისწავლეთ და მოსამზადებელში ამას ჩაგვითვლიან. ასევე, თუკი შევძლებთ და წარვადგენთ, რომ კონკრეტული პროფესიის მიმართულებით ვიმუშავეთ და გამოცდილება დავაგროვეთ. მოკლედ, ყველა უნივერსიტეტს თავისი კრიტერიუმები აქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სასწავლებლის შერჩევის დროს, წინასწარ უნდა შევისწავლოთ და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ.
- ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებს ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა მიდგომა აქვთ. ევროპის უნივერსიტეტებში როდესაც ესსეს ვაგზავნით, ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ, რომ ღირსეული კანდიდატი ვართ, რომელიც შემდგომში თავისი ქვეყნისთვის რაღაც ღირებულსა და მნიშვნელოვან გააკეთებს. მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი ან სხვა ქვეყანა რომ მიგვიღებს, დაგვეხმარებიან, მოგვცემენ საჭირო ცოდნასა და უნარებს, რომ შემდეგ დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში და განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ხშირ შემთხვევაში, აქცენტი კეთდება იმაზეც, თუ რატომ გვინდა, ესა თუ ის პროფესია მათ ქვეყანაში შევისწავლოთ, რა პრობლემები არსებობს ჩვენთან, რით მოვაგვარებთ ამ ყველაფერს და იქ მიღებული ცოდნა, რა შედეგს გამოიღებს შემდგომში.
რაც შეეხება ამერიკას, ესსეს, ნიშნებსა და სხვა აკადემიურ მონაცემებს დიდ ყურადღებას აქცევენ. ამერიკელებს აინტერესებთ, რამდენად საინტერესო ადამიანები ვართ და პირადად ჩვენ რამდენად დაგვეხმარება კონკრეტულ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა. ხშირად ინტერესდებიან იმ სირთულით, რომელიც ცხოვრებაში გვქონდა, მაგრამ გადავლახეთ. ამერიკელებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ საერთაშორისო სტუდენტისთვის იქ ცხოვრება მარტივი არ არის. განსხვავებული ტემპი, ცხოვრების სტილი აქვთ, რის გამოც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ადაპტირება უჭირთ. ამიტომაც, შემფასებელი კომისია ესსეზე დაყრდნობით წინასწარ ცდილობს, შეაფასოს, რამდენად შეძლებს კონკრეტული სტუდენტი იქ ცხოვრებასა და განათლების მიღებას. სწორედ ამას ემსახურება შეკითხვა სირთულეზე, რომელთა გადალახვაც მოვახერხეთ. აინტერესებთ საინტერესო, კრეატიული, შემოქმედებითი ადამიანები. ამერიკაში ესსეში ამის წარმოჩენა მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც ევროპის უნივერსიტეტებში პირდაპირ ვეუბნებით, რომ მათთან ვისწავლით და შემდეგ ამ ცოდნით რაიმე ღირებულს გავაკეთებთ.
- როდესაც ამერიკის უნივერსიტეტებში აქტივობების შესახებ ინფორმაცია შეგვყავს, არანაირი დოკუმენტი არ გვჭირდება. სერტიფიკატების თარგმნა, მასალების მოძიება საჭირო არ არის. 150 სიმბოლოთი უნდა გამოვხატოთ, რა აქტივობაში მივიღეთ მონაწილეობა და რაში დაგვეხმარა, თავად როგორ განვვითარდით. სხვადასხვა ტიპის აქტივობაში შეიძლება, მონაწილეობა. დაწყებული კონფერენციებიდან, დასრულებული მეზობლისთვის, კლასელისთვის ან ოჯახის წევრებისთვის გაწეული დახმარებით. მაგალითად, თუ პატარა და-ძმა გვყავს და მშობლებს მათ სწავლებაში, აღზრდაში ვეხმარებით, ესეც გარკვეული აქტივობაა. სულ 10 აქტივობის ჩაწერა შეგვიძლია. იქვე ვუთითებთ, ეს აქტივობა აკადემიურია (მაგალითად, ოლიმპიადაში გავიმარჯვეთ) თუ საზოგადოებრივი (ვინმეს დავეხმარეთ, რაიმე პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობა მივიღეთ, ჩვენი ცოდნა გავაზიარეთ და ასე შემდეგ.) ბუნებრივია, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა კარგია. მაგრამ, არ იფიქროთ, რომ თუ გაცვლითი პროგრამით არ ყოფილხართ რომელიმე სხვა ქვეყანაში, ეს ჩაბარებისგან შეგაფერხებთ.
ევროპაში ეს ყველაფერი ნაკლებად აინტერესებთ. ევროპული უნივერსიტეტები პორტფოლიოს უფრო მეტად აკვირდებიან. მაგალითად, თუ არქიტექტურის მიმართულებით გვინდა, რომ ვისწავლოთ და გვაქვს რაიმე ნახატები, ნახაზები, ან გამოფენა გვქონდა, ამის შესახებ ინფორმაციას ერთ ფაილში მოვამზადებთ და ავტვირთავთ. თუ ვოკალზე ვაბარებთ, კონცერტებზე გაკეთებული ჩანაწერები დააინტერესებთ, თუ დიზაინერობა გვინდა - გრაფიკული ვიზუალი და ა.შ.
- როგორც გითხარით, უნივერსიტეტებში მე-9 კლასის შემდგომ აკადემიურ მოსწრებასა და აქტივობებს ითვალისწინებენ. თუმცა, იქამდე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სწორად იმართება მოსწავლის ემოციური ინტელექტი და რა უნარებს ფლობს. ძირითადი აქცენტი ქართული ენისა და მათემატიკის ცოდნაზე უნდა გაკეთდეს. ეს აბსოლუტურად ყველა პროფესიას ეხება იმიტომ, რომ ქართულად ვაზროვნებთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ინგლისურად საუცხოო ესსე დავწეროთ, წერას, პირველ რიგში, მშობლიურ ენაზე ვსწავლობთ. შემდეგ უბრალოდ სხვა ენაზე გადაგვაქვს. ამიტომ, ყველაზე დიდი აქცენტი ქართულ ენასა და ლიტერატურაზე და მათემატიკაზე უნდა გავაკეთოთ. მნიშვნელოვანია, ადამიანი მასშტაბურად აზროვნებდეს. მათემატიკა კი, ფაქტობრივად, პრობლემების გადაჭრას გვასწავლის. ეს ორი მიმართულება ადამიანს იმ უნარებს უყალიბებს, რაც საქართველოშიც ეროვნულ გამოცდებზე სჭირდება და ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც.
- დიახ, რამდენიმე კომპანია არის. პირადად მეც, განათლების კონსულტანტი ვარ. მაგრამ, ყველას ვეუბნები, თუ ჩემს ბლოგს ყურადღებას მიაქცევენ, იმდენად ყველა დეტალზე ვსაუბრობ, რომ გონიერი ადამიანები თავისითაც გააკეთებენ. იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდას, მათ მშობლებს არ აქვთ იმის დრო და შესაძლებლობა, რომ ამ ყველაფერზე იფიქრონ, დოკუმენტალურად ასახონ, ანუ მათი საქმე მე უნდა გავაკეთო, რა თქმა უნდა, ეს მომსახურება ფასიანია. თუმცა, ყოველდღიურად უამრავი შეტყობინება შემომდის. ვცდილობ, ყველა მათგანს ვუპასუხო და საჭირო რჩევები გავუზიარო.
აქვე აღვნიშნავ, ყველა უნივერსიტეტს თავისი მოსაკრებელი აქვს, რომ აპლიკაცია გადააგზავნო. როგორც საქართველოშია, 10 ლარი ღირს გამოცდაზე დარეგისტრირება, იქ უნივერსიტეტს რეგისტრაციისათვის სააპლიკაციო მოსაკრებელი აქვს დაწესებული. ამერიკულ უნივერსიტეტებში ეს 70-80 დოლარია თითოეულზე. რა თქმა უნდა, 20 უნივერსიტეტში რეგისტრაცია საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, არის მეთოდები, როდესაც სკოლის დირექტორი აფიქსირებს, რომ კონკრეტული მოსწავლე ფინანსური მდგომარეობის გამო, გადასახადისაგან გაათავისუფლონ. ასე გადასახადისაგან გათავისუფლება მარტივად ხდება.
ევროპის უნივერსიტეტებში აპლიკაციის თანხის მოხსნა გაცილებით რთულია და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. მოსაკრებელი კერძო უნივერსიტეტში 40-80 ევროა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ან არ არის, ან უფრო ნაკლებია.
- ოფიციალური სტატისტიკით, არა თუ ჩვენი უნივერსიტეტების, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულებსაც ექმნებათ სამსახურის პოვნის პრობლემა. ყველას არა, მაგრამ გარკვეულ ნაწილს, უფრო ზუსტად, 23%-ს. საქართველოს უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს შანსი ყველგანაც აქვთ და შეიძლება ითქვას, რომ არსადაც. გააჩნია, პიროვნებას. ერთია, რომ გვაქვს დიპლომი. მეორეა, რა უნარებს ვფლობთ. დამსაქმებლებისთვის მნიშვნელოვანია არა დიპლომი, არამედ ის, თუ რა გაგვიკეთებია ამ ცოდნით, რა აქტივობებში მიგვიღია მონაწილეობა, სად გავიარეთ სტაჟირება, პრაქტიკულად რისი შესრულება შევძელით. საქართველოს უნივერსიტეტების დიპლომს გამონაკლისების გარდა, ყველა ქვეყანაში აღიარებენ. თუმცა, ყველა უნივერსიტეტს ინდივიდუალური მიდგომა აქვს. ზოგან შესაძლოა, პირდაპირ აღიარებდნენ კონკრეტული ფაკულტეტის დასრულებას, ზოგან კი დამატებით სწავლა და იქაური კურსების გავლა იყოს საჭირო.
თამარ იაკობაშვილი