სამართლის ასოცირებული პროფესორი,თამარ კერძაიაგადაცემაში"დილა მშვიდობისა საქართველო" განმარტავს, ენიჭება თუ არა უპირატესობა მემკვიდრეობისას შვილს, რომელიც მშობელთან ერთად ცხოვრობდა და როგორ ხდება "უღირსი" შვილისთვის მემკვიდრეობის ჩამორთმევა:
- ზოგადად, მემკვიდრეობითი სამართალი ძალიან სენსიტიურია და საოჯახო ურთიერთობებს აერთიანებს. შესაბამისად, კანონიც ამ საკითხს სენსიტიურად ეპყრობა. მაგალითად, თუ გვაქვს რაიმე ტიპის ქონება - პირობითად, სახლი სოფლად მეურნეობა ან ბიზნესი. კანონი ამბობს, რომ გაყოფისას უპირატესობებიც არსებობს. უფრო ზუსტად, თუ ადამიანს ორი შვილი ჰყავს, მათ ნახევარ-ნახევარი ეკუთვნით. მაგრამ, შესაძლოა, ერთ-ერთი შვილი მშობელთან ერთად ცხოვრობდა სოფლად ამ სახლში, ეწეოდა მამასთან ან დედასთან ერთად საერთო მეურნეობას, პირდაპირ ნახევარზე გაყოფა არ ხდება. გაყოფა დაუშვებელია, თუ მეურნეობის შენარჩუნება ვერ ხდება. მაგალითად, თუ გაყოფის დროს მიწას ფუნქცია ეკარგება. ამიტომ, აქ უპირატესობა ენიჭება იმ მემკვიდრეს, რომელიც მამასთან ერთად ცხოვრობდა. ოღონდ, მეორე მემკვიდრეს რჩება უფლება, რომ პროპორციული ნახევარი, ანაზღაურების სახით მოითხოვოს. ვთქვათ, მიწის ნაკვეთი 20 ათას ლარად შეფასდა. შვილი, რომელიც ნაკვეთის მესაკუთრე რჩება, ის ვალდებულია, რომ მეორე მემკვიდრეს 10 ათასი ლარი დაუბრუნოს. თუ 10 ათასი ლარი არ აქვს, შეუძლია, სასამართლოს წესით მისაცემი თანხის განაწილება მოითხოვოს.
მშობელს, უფლება აქვს, შვილს ქონება არ დაუტოვოს. არსებობს "უღირსი მემკვიდრე“, მაგალითად, შვილი, რომელიც მშობლებზე არ ზრუნავდა, ცუდად ექცეოდა, შეურაცხყოფას აყენებდა, ამცირებდა და ასე შემდეგ. მშობლების უმეტესობას ჰგონია, რომ ასეთ დროს დაწერს ანდერძს, დაუტოვებს სხვას ქონებას და ის შვილი ქონებას საერთოდ ვერ მიიღებს. ასე არ ხდება. შვილი პირველი რიგის მემკვიდრეა, რომელსაც სავალდებულო წილი ეკუთვნის. იმისთვის, რომ "უღირს შვილს“ მემკვიდრეობა არ დარჩეს, ანდერძი საკმარისი არ არის. აუცილებელია სასამართლო. თუ ანდერძით მშობელი მთელ ქონებას სხვას უტოვებს და არა შვილს, შვილს იმ ქონების ნახევარი მაინც ეკუთვნის, რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში მიიღებდა. მაგალითად, პირს ჰყავს შვილი და მთელი ქონება სხვას, ნათესავს დაუტოვა. შვილი ამ ქონების ნახევარს მაინც მიიღებს. ანუ, რაც უნდა მიეღო ანდერძის არარსებობის შემთხვევაში, იმის ნახევარს სავალდებულო წილს ავტომატურად მიიღებს.
მაგრამ, თუ მემკვიდრეს სურს, რომ თავისმა შვილმა არ მიიღოს მემკვიდრეობა, ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გზა სასამართლოა. სიცოცხლეში სასამართლოს უნდა მიმართოს და ამ შვილისთვის სავალდებულო წილის ჩამორთმევა მოითხოვოს. მამკვიდრებლების უმეტესობას არასწორად ჰგონია, რომ თუ ანდერძით თავის ქონებას სხვას დაუტოვებს, შვილს აღარაფერი შეხვდება.