კუმკვატი, იგივე კინკანი, უფრო და უფრო ხშირად გვხვდება საქართველოში. ეს ეგზოტიკური ციტრუსი უკვე ჩვენს ქვეყანაშიც მოჰყავთ. მას მანდარინის, ფორთოხლისა და ლიმონის შერეული გემო აქვს და ძალიან სასარგებლოა.
როგორც მებაღე ტარიელ გრიგალაშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თავადაც მოჰყავს კუმკვატი. მისივე თქმით, ეს ციტრუსი შხამ-ქიმიკატებით არ იწამლება და ამიტომ, შეგიძლიათ, კანიანად თამამად მიირთვათ. გარდა იმისა, რომ უმად ძალიან გემრიელია, მისგან შესანიშნავი მურაბა, ჯემი და ჩირი მზადდება. კუმკვატს დეკორატიული მიზნითაც ახარებენ ქოთნებში.
კუმკვატი სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
კინკანის სამშობლო სამხრეთ ჩინეთია. სასიამოვნო მომჟავო-მოტკბო გემო აქვს, იჭმევა კანიანად როგორც სადესერტო ხილი; მწიფობას ნოემბრიდან იწყებს და თებერვლამდე გრძელდება. დეკემბერში მოკრეფილი ხილი კარგად ინახება, მწიფდება და გემოსაც ინარჩუნებს. კუმკვატი კარგად ინახება საყინულეშიც.
გთავაზობთ კუმკვატის მურაბის, ჯემის, ჩირისა და ლიქიორის რეცეპტებს:
კუმკვატის მურაბა

საჭირო ინგრედიენტები:
- 2 კგ კუმკვატი
- 2 კგ შაქარი
- 400-500 მლ წყალი
- ვანილი გემოვნებით
- ლიმონმჟავა (დანის წვერზე)
მომზადების წესი:
გარეცხეთ 2 კგ კუმკვატი. თავებზე ქერქი თხელ ფენად მოაჭერი. დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. გადაუღვარეთ წყალი და ეს პროცესი კიდევ ორჯერ გაიმეორეთ.
პირველი დღე: დააყარეთ კუმკვატს 2 კგ შაქარი და გააჩერეთ დილამდე.
მეორე დღე: დაასხით 400-500 მლ წყალი. დადგით საშუალო ცეცხლზე და ადუღეთ 15 წუთი. გააცივეთ დაეს პროცესი კიდევ ორჯერ გაიმეორეთ.
საბოლოო ეტაპი: მესამედ დადგით და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთით. ბოლოს დაამატეთ ცოტა ვანილი და დანის წვერით ლიმონმჟავა.
ჩაასხით მზა მურაბა სტერილურ ქილებში და მოხუფეთ. მურაბა გამოდის უხვად სიროფიანი
კუმკვატის ლიქიორი

ინგრედიენტები:
- 1 კგ კუმკვატი
- 1 ლ არაყი (40%)
- 400-500 გ შაქარი
- 200 მლ წყალი
- 1 ვანილის ჩხირი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
- კუმკვატი კარგად გარეცხეთ და გაჭერით შუაზე (თესლი არ ამოიღო).
- ჩააწყვეთ დიდ ქილაში და დაასხით არაყი ისე, რომ სრულად დაფაროს.
- დაახურეთ მჭიდროდ და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას 3-4 კვირა. დროდადრო შეანჯღრიეთ.
- ამ პერიოდის შემდეგ გადაწურეთ სითხე და შეინახეთ.
- მოამზადეთ სიროფი: წყალში გაადნეთ შაქარი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააცივეთ.
- შეურიეთ გაციებული სიროფი გადაწურულ არაყს.
- ჩამოასხით ბოთლებში და გააჩერეთ კიდევ 1-2 კვირა.
რაც უფრო დიდხანს დააყოვნებთ, უფრო გემრიელი იქნება.
კუმკვატის ჯემი

ინგრედიენტები:
- 1 კგ კუმკვატი
- 750 გ შაქარი
- 1 ლიმონის წვენი
- 100 მლ წყალი
მომზადების წესი:
- კუმკვატი კარგად გარეცხეთ. გაჭერით შუაზე და ამოიღეთ თესლები (თესლები შეინახეთ - მათგან შეგიძლიათ პექტინის მიღება).
- გაატარეთ კუმკვატი ხორცსაკეპ მანქანაში ან დაჭერით ძალიან წვრილად.
- თესლები შეკარით მარლაში და ჩადეთ ქვაბში დაჭრილ კუმკვატთან ერთად (ეს დაგეხმარებათ ჯემის შესქელებაში).
- დაამატეთ წყალი, შაქარი და ლიმონის წვენი.
- დადგით საშუალო ცეცხლზე და როცა ადუღდება, მოხადეთ ქაფი.
- დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 40-45 წუთი, პერიოდულად მოურიეთ.
- როცა სასურველ კონსისტენციას მიიღებს (წვეთი თეფშზე აღარ გაიწელება), გადმოდგით ცეცხლიდან.
- ამოიღეთ თესლების პარკი.
- ცხელი ჯემი ჩაასხით სტერილურ ქილებში და მოხუფეთ.
ჯემი რომ კარგად შეიკრას, შეგიძლიათ დამატებით ჩაამატოთ ვაშლის პექტინი ან მეტი ლიმონის წვენი.
კუმკვატის ჩირი

საჭირო ინგრედიენტები:
- 1 კგ კუმკვატი
- 500 გ შაქარი
- 1 ლ წყალი
მომზადების წესი:
- კარგად გარეცხეთ კუმკვატი და გაჭერით შუაზე. თესლები ამოიღეთ.
- მოამზადეთ სიროფი: აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ შაქარი და მოურიეთ სანამ არ გაიხსნება.
- ჩაყარეთ გაჭრილი კუმკვატი მდუღარე სიროფში და ადუღეთ 5 წუთი.
- გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ სიროფში 6-8 საათი ან ღამის განმავლობაში.
- შემდეგ ისევ წამოადუღეთ 5 წუთით და გააჩერეთ სიროფში კიდევ 6-8 საათი.
- ეს პროცესი გაიმეორეთ კიდევ ერთხელ (სულ სამჯერ უნდა მოხდეს დუღილი).
- ბოლო დუღილის შემდეგ გადაწურეთ კუმკვატი და დააწყვეთ საშრობ ცხაურზე ან გაშალეთ თხელ ფენად საცხობ ქაღალდზე.
- გააშრეთ მზეზე ან გამოსაშრობ აპარატში 50-60°C-ზე (დაახლოებით 1-2 დღე).
- მზა ჩირი შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ ქილაში.
გაითვალისწინეთ:
- საშრობად შეგიძლიათ ღუმელიც გამოიყენოთ მინიმალურ ტემპერატურაზე, ოდნავ შეღებული კარით
- თუ გინდათ უფრო ტკბილი ჩირი, შეგიძლიათ გაშრობის შემდეგ მოაყაროთ შაქრის პუდრა
- კარგად გამშრალი ჩირი შეიძლება შეინახოთ 6-8 თვე.