2025 წლის 15 თებერვალს სომხური სამოციქულო ეკლესია ახალგაზრდებისა და შეყვარებულების მფარველის - წმინდა სარქისის დღეს აღნიშნავს.
ახალგაზრდებისა და შეყვარებულების მფარველის, წმინდა საქისის დღე სომხეთში 2007 წლიდან აღინიშნება. იქ ეს დღესასწაული არა მხოლოდ საეკლესიო მსახურებითა და ლოცვებით, არამედ ხალხური წეს-ჩვეულებებით აღინიშნება. ეკლესია წმინდა სარქისის დღემდე ადამიანებს 5-დღიანი მარხვისკენ მოუწოდებს. ტაძრებში საზეიმო ლიტურგია აღევლინება, სასულიერო პირები კი ახალგაზრდებსა და შეყვარებულ წყვილებს ლოცავენ.
ხალხური წეს-ჩვეულებების მიხედვით, სურბ სარქისის დღისთვის იმ ოჯახებში, სადაც დასაქორწინებელი გოგონები ან ბიჭები ცხოვრობენ, მარილიან კვერებს აცხობენ. კერძოდ, ღამით მარილიან პატარა კვერებს აკეთებენ და მიირთმევენ. წყლის დალევა ან კიდევ რაიმეს შეჭმა აკრძალულია. ითვლება, რომ სწორედ სურბ სარქისის ღამეს ადამიანი სიზმარში მომავალ მეუღლეს ნახავს.
წელს წმინდა სარქისის დღეები 10 თებერვლიდან იწყება და უშუალოდ ეს დღე 15 თებერვალს აღინიშნება. ხალხური წარმოდგენის მიხედვით, 15-ში, ღამით შეგიძლიათ, მარილიანი კვერი შემდეგი რეცეპტით გამოაცხოთ:
ს/კ ფქვილი,1/ჩ/კ მარილი, 1 ს/კ წყალი - მოზილეთ ცომი და ტაფაზე ცხიმის გარეშე გამოაცხვეთ კვერი. მიირთვით დაძინებამდე 1 სთ-ით ადრე. არ მიაყოლოთ წყალი. საწოლთან ჭიქა წყალი დაიდგით და დაიძინეთ.
ლეგენდის მიხედვით, უნდა დაგესიზმროთ მომავალი საბედო, რომელიც წყალს დაგალევინებთ.
კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდეგ, მმართველობას წარმართი იმპერატორი იულიანე განდგომილი შეუდგა. ის ქრისტიანებს დევნიდა და წმინდა სარქისი იყო ერთ-ერთი პირველი, რომლის დასჯაც გადაწყვიტა.
იმ დროს წმინდა სარქისს ანგელოზი გამოეცხადა, რომელიც ეუბნებოდა, რომ იმპერია უნდა დაეტოვებინა. მან თავშესაფარი სომხეთში იპოვა. იმ დროს თრდატ დიდის შვილიშვილი - ტირანი მეფობდა.
სარქისმა მიიტანა ამბავი, რომ იმპერატორი იულიანე დიდი ჯარით სპარსეთის წინააღმდეგ მიდიოდა. სომხეთის მეფე რომაელების მიერ თავის მიწებზე შეჭრის თავიდან აცილების მიზნით, სარქისს არწმუნებდა, რომ შაჰ შაპურ II-ის სამსახურში ჩამდგარიყო. შაჰმა სარქისი ჯარების მეთაურის პოსტზე დანიშნა, თუმცა შაპურ II მისგან მოითხოვდა, რომ ცეცხლთაყვანისმცემლობა მიეღო. წმინდა სარქისმა ქრისტიანობის ღალატზე უარი თქვა, რის გამოც მას თავი მოჰკვეთეს.
წმინდა სარქისის დღე ყოველწლიურად აღდგომამდე 64 დღით ადრე, შაბათობით აღინიშნება.