ბევრ გოგონას საკუთარ ქორწილთან დაკავშირებით უამრავი გეგმა და ოცნება აქვს და სურთ, ამ მნიშვნელოვან დღეს პრინცესების მსგავსად გამოიყურებოდნენ. გამონაკლისი არც ლუიზა დიურანტი ყოფილა. გოგონა ჭკვიან, სიმპათიურ მამაკაცსა და ულამაზეს ქორწილზე ოცნებობდა. მისი ოცნება რეალობად იქცა.
დეკემბრის შუა რიცხვებში გოგონა ლონდონში, მეიფერის რაიონში მდებარე მდიდრულ სასტუმრო Dorchester-ში 350 სტუმრის თანდასწრებით საყვარელ მამაკაცზე დაქორწინდა. ლუიზამ და მისმა რჩეულმა მედიის ყურადღება მიიპყრეს და მათ ქორწილს ბრიტანულ გამოცემებში "ისტორიაში ბოშების ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული დღესასწაული“ უწოდეს.
ლუიზა დიურანტის მშობლები ირლანდიელი ბოშები არიან. ახლა მათ ქონების გაქირავების საკუთარი სააგენტო და ტურისტული ბიზნესი აქვთ. პატარძლის დედა და მამა ამბობენ, რომ ლუიზა მათი ერთადერთი ქალიშვილია, ამიტომ მისი ოცნების ასასრულებლად ფული არ დანანებიათ. ლუსის ყველა სურვილი დიდი სიხარულით აასრულეს. როგორც ცნობილია, ლუიზას მშობლები გრანდიოზული ქორწილისთვის ფულს 2 წლის განმავლობაში აგროვებდნენ.
ლუიზა და მისი რჩეული, ბილი მაგუაირი ძალიან ახალგაზრდები არიან. გოგონა 21 წლისაა, ბიჭი კი - 22-ის. მათ ურთიერთობა ჯერ კიდევ სკოლაში, ოთხი წლის წინ დაიწყეს. ჯერ ქორწილის ხარჯები ბოლომდე არ დაუთვლიათ, თუმცა ის საკმაოდ მდიდრული და ძვირად ღირებული აღმოჩნდა.
ლუიზას სურდა, რომ ქორწილი ზამთარში ყოფილიყო.ორმა დიდმა ავტობუსმა სტუმრები სასტუმრო Hilton-ში წაიყვანა. წყვილმა კი ჯვარი წმინდა იოანეს ეკლესიაში დაიწერა. პატარძალს ულამაზესი კაბა ეცვა და ძვირფასი ქვებით გაფორმებული დიადემა ეკეთა.
ამის შემდეგ ყველა სტუმარი სადღესასწაულო ვახშამზე სასტუმრო Dorchester-ში წავიდა. ერთ დროს ეს სასტუმრო ელიზაბეტ ტეილორის, დევიდ ბოუისა და ბრიჯიტ ბარდოს საყვარელი სასტუმრო იყო.
”დღე მშვენივრად დაიწყო და ყოველი გასული საათის უკეთესი და უკეთესი ხდებოდა. ეს იყო ჯადოსნური დღე და ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება." - თქვა აღფრთოვანებულმა პატარძალმა.
დარბაზის მთავარ დეკორაციად თეთრი ყვავილები აირჩიეს, ცეკვის დროს კი უზარმაზარი დისკო ბურთი გამოჩნდა: პატარძალს სურდა, სტუმრებს ჰქონოდათ შთაბეჭდილება, თითქოს, ისინი ყინულის მოედანზე იყვნენ. ასევე, დარბაზი თეთრი სანთლებითა და მორთული ნაძვის ხეებით იყო გაფორმებული. მთავარი კერძი გამომცხვარი ინდაური იყო, რომელსაც ტრადიციულად დიდ ბრიტანეთში დღესასწაულებისთვის ამზადებენ.
ქორწილში მოწვეული მომღერლები და დიჯეი ჰყავდათ. მეჯვარეებს Michaela Couture-ის მიერ შექმნილი თეთრი კაბები ეცვათ.
ბილიც და ლუიზაც ოჯახურ ბიზნესში მუშაობენ. ქორწილის შემდეგ ისინი ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ კი ბარბადოსში გაფრინდნენ. მათი წვეულება ბრიტანეთში გამართულ ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებულ ბოშურ ქორწილად დაასახელეს. ლუიზა კი არაერთი ჟურნალისა და გაზეთის პირველ გვერდებზე გამოჩნდა.
იხილეთ ქორწილიდან კიდევ რამდენიმე კადრი: