ტაილანდური მედია წერს, რომ საქართველოში ტრეფიკინგის დანაშაულებრივი ქსელი მოქმედებს. გამოცემა nationthailand-ის თანახმად, საქრთველოში ასამდე ტაილანდელი ქალი იძულებით დატყვევებული ჰყავთ და მათ კვერცხუჯრედების დონორობას აიძულებენ. შემზარავი სქემა ტაილანდურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Pavena Foundation for Children and Womenგამოავლინა.
ფონდი ტაილანდის მთავრობას მოუწოდებს, ჩინეთს მიმართოს ჩინური დანაშაულებრივი დაჯგუფების გამოსავლენად, რომელმაც 100 ტაილანდელი ქალი მოატყუა და აიძულა საქართველოში არალეგალური კვერცხუჯრედის ფერმაში ჩამოსულიყო.
ბავშვთა და ქალთა ფონდმა პავენამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში დაახლოებით 100 ტაილანდელი ქალია დაკავებული მათი ნების საწინააღმდეგოდ და კვერცხუჯრედების დონორობას აიძულებენ. ფონდის პრეზიდენტმა პავენა ჰონგსაკულმა განაცხადა, რომ მსხვერპლებს თავდაპირველად სუროგატი დედის კანონიერ სამუშაოს ჰპირდებოდნენ, მაგრამ ისინი დააკავეს და კვერცხუჯრედის დონორობის პროცედურებს იძულებით უტარებენ. ვინც უარს იტყვის პროცედურებზე, გამოსასყიდ თანხას სთხოვენ.
პავენას განცხადებით, ყველაფერი ცნობილი გახდა ერთ-ერთი მსხვერპლისგან, რომელმაც მოახერხა ნათესავებთან დაკავშირება და მათგან გამოსასყიდი ფულის მიღება ტაილანდში დასაბრუნებლად.
მსხვერპლი, რომელიც იდენტიფიცირებულია სახელით ნა, 2024 წლის 27 სექტემბერს დაუკავშირდა ფონდს და დახმარება სთხოვა სხვა ტაილანდელი ქალებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ საქართველოში არიან დატყვევებულნი.
როგორც ნა იხსენებს, ის სამუშაოს ეძებდა საზღვარგარეთ, როდესაც ფეისბუქის რეკლამას წააწყდა, რომელიც ქალებს კარგად ანაზღაურებად სამუშაოს ჰპირდებოდა. გვერდის ადმინისტრატორმა განუმარტა, რომ სამუშაო საქართველოში ლეგალურ სუროგაციას ეხებოდა და რომ ბროკერი ყველა ხარჯს დაფარავდა, მათ შორის პასპორტის და მგზავრობის ხარჯებს. პასპორტის მიღების შემდეგ ნა 10 სხვა ქალთან და ჯგუფის ლიდერთან ერთად გაემგზავრა.
12 ქალიდან არცერთი, მათ შორის ლიდერი, წინასწარ არ იცნობდა ერთმანეთს. ჩამოსვლისთანავე ჯგუფის ლიდერმა თითოეულ ქალს 500 აშშ დოლარი ნაღდი ფული გადასცა, რათა ჰონოდათ მტკიცებულება, რომ ტურისტები იყვნენ. ჯგუფმა ტრანზიტი გაიარა დუბაიში, სანამ სომხეთში გამოფრინდებოდა. მეოთხე დღეს ისინი საქართველოსკენ მიმავალ მატარებელში ჩასხდნენ. ჩამოსვლისთანავე ერთი ღამე სასტუმროში გაატარეს, სადაც ლიდერმა პასპორტები ჩამოართვა.
მეორე დილით ქალები წაიყვანეს კომპლექსში, რომელშიც ოთხი სახლისგან შედგებოდა. ნა პირველ სახლში მოათავსეს, სადაც უკვე 60-მდე ტაილანდელი ქალი იმყოფებოდა. ბევრ მათგანს უკვე ჯანმრთელობა ჰქონდა შერყეული.
მეორე დღეს იგი გადაიყვანეს მეორე სახლში, სადაც მისი შეფასებით, დაახლოებით 10 სხვა ტაილანდელი ქალი იყო დაკავებული. ის ფიქრობს, რომ დაახლოებით 100 ტაილანდელი ქალი იყო გამომწყვდეული ოთხ სახლში. ნამ გაიხსენა, რომ ხედავდა ჩინელ მამაკაცებს, რომლებიც ხშირად მოდიოდნენ შენობაში. მოგვიანებით მან სხვა დაკავებულებისგან შეიტყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ სუროგაციის ვაკანსიას დაჰპირდნენ, არც ერთი მომავალი მშობელი არ მოსულა კონტრაქტების გასაფორმებლად. ამის ნაცვლად, ისინი იძულებულნი გახდნენ ყოველთვიური კვერცხუჯრედების აღების პროცედურები ჩაეტარებინათ, დაჯგუფება კი ამ ბიოლოგიურ მასალს ყიდდა. კვერცხუჯრედის იძულებითი დონორობა ჰორმონალურ სტიმულაციას და ინვაზიურ სამედიცინო პროცედურას გულისხმობს, რაც ჯანმრთელობის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს. უკანონო ოპერაციებს ხშირად არ გააჩნიათ სათანადო სამედიცინო მხარდაჭერა და უსაფრთხოების პროტოკოლები, რაც საფრთხეს უქმნის ქალთა კეთილდღეობას.
ქალების უმეტესობას გამოსასყიდის გადახდა არ შეეძლო. ამიტომ იძულებულნი იყვნენ ყოველთვიურად ეტარებინათ პროცედურები.
ნამ გასული წლის 9 სექტემბერს მოახერხა ტაილანდში დაბრუნება მას შემდეგ, რაც მისმა ოჯახმა გამოსასყიდის თანხა ბანდის ლიდერის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა. პავენას განხცადებით, მან დახმარება სთხოვა სურაფან ტაიპრასერტს, ტაილანდის სამეფო პოლიციის საგარეო საქმეთა განყოფილების მეთაურს. სურაფანი, თავის მხრივ, ინტერპოლს დაუკავშირდა, რომელმაც სამი ქალის გათავისუფლება შეძლო. ისინი ტაილანდში 30 იანვარს დაბრუნდნენ.
სამი გადარჩენილი ქალი ახლა ფონდის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თუმცა, პავენამ მოუწოდა ტაილანდის მთავრობას კოორდინაცია გაუწიოს ჩინეთის ხელისუფლებას, რათა უზრუნველყოს დანაშაულებრივი ქსელის გამოვლენა და დაახლოებით 100 დარჩენილი ტაილანდელი ქალის გათავისუფლება, რომლებიც ჯერ კიდევ საქართველოში რჩებიან.