ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ვრცლად საუბრობს, უნდა ამოვიღოთ თუ არა საკვები რაციონიდან პური სრულად:
- ზოგადად, არც ერთი პროდუქტი რაციონიდან სრულად არ უნდა ამოვიღოთ. თუმცა, ზომიერების შეგრძნებამ არ უნდა გვიღალატოს. ძირითადად, პურს წონის კლების მიზნით ელევიან. ეს გეგმა მაქსიმალურად რეალური უნდა იყოს. მერწმუნეთ, საკვები რაციონიდან პურის სრულად გამორიცხვა ხშირ შემთხვევაში, დიდხანს ვერ გასტანს. დროთა განმავლობაში, მისი მირთმევის სურვილი მაინც გვიჩნდება. შესაბამისად, ამდენი ხანი არ მივირთმევთ, შეიძლება შემდგომ ჩვენი თავი ვეღარ გავაკონტროლოთ და საკმაოდ დიდი რაოდენობით მივიღოთ. ეს ერთგვარი ბუმერანგის ეფექტია და ხშირად ნამატიც არ აყოვნებს. ეს მხოლოდ პურზე არ ვრცელდება.
ცხელი და ცივი პურის მირთმევას შორის, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, განსხვავება მინიმალურია. მაგრამ, როდესაც ცხელ პურს მივირთმევთ, მადისაღმძვრელია და უფრო მეტს ვჭამთ. ასევე, ხშირად ჩვენს სურვილებს ვერ ვაკონტროლებთ მაშინ, როდესაც მხოლოდ პურს მივირთმევთ. ამიტომ, ყოველთვის სასურველია, რომ ის განსაზღვრულ პროდუქტთან ან კერძთან ერთად მივირთვათ. ასე უფრო შევძლებთ საკუთარი სურვილისა და ემოციის გაკონტროლებას.
რაც უფრო კალორიულია პროდუქტი, ჯობს, ის დღის პირველ ნახევარში მივირთვათ იმიტომ, რომ ჩვენ შემდგომ ამ კალორიებს აუცილებლად დავწვავთ. თუ პური საკვებ რაციონში დღის მეორე ნახევარში, საღამოს იქნება, კალორიების დაწვა უფრო რთულია. ჩვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი, თუ ის კალორიულია, დავგეგმოთ ისე, რომ უპირატესად დღის პირველ ნახევარში მივირთვათ.
ჯანმრთელი ადამიანისათვის პურის დღიური ნორმა ინდივიდუალურია. თითოეული ჩვენგანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესი, ნივთიერებათა ცვლა აბსოლუტურად ინდივიდუალურია. ენდოკრინოლოგები ჩვენს მაყურებელს, მსმენელს ყოველთვის მოვუწოდებთ, რომ კვების რაციონი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს. ცილის, სასარგებლო ცხიმის, ნახშირწყლის, ვიტამინების, მინერალების, მიკრო-მაკრო ელემენტები შეძლებისდაგვარად უნდა მივიღოთ იმ პროდუქტისგან, რასაც დღის განმავლობაში მივირთმევთ. აქ პურს თავისი კუთვნილი ადგილი აქვს. პურის შემადგენლობაში შედის: B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, უამრავი სასარგებლო მინერალი, ფოლიუმის მჟავა, თუთია. ეს ძალიან კარგი ნაკრებია, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ განუსაზღვრელი რაოდენობით მივირთვათ.
თუ განსაზღვრული კერძი უნდა მივირთვათ, 1 ნაჭერი პური რომ მივაყოლოთ, ჯანმრთელობისთვის ის პრობლემას არ შექმნის.
სამწუხაროდ, ხშირად ასეთი გეგმით არ გამოდის. განვსაზღვროთ, რომ, პირობითად, 1 ნაჭერი 25 გრამია. რა უნდა მივირთვათ, იმასაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ 2-3 თხელი ნაჭერი პური რომ იყოს გათვალისწინებული საკვებ რაციონში, ოღონდ არა წიწიბურასთან, კარტოფილთა, ბრინჯთან, მაკარონთან და ვერმიშელთან ერთად, შესაძლებელია.
უპირატესობა მსხვილად დაფქული, უხეშად დაღერღილი ფქვილისგან გამომცხვარ პურს უნდა მივანიჭოთ. მასში ყველა ის სასარგებლო კომპონენტია დაცული, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასიკეთოა.
პური კალორიული პროდუქტია. თუ ადამიანი 1 მთლიან პურს მიირთმევს, დღის განმავლობაში კიდევ უამრავი კალორიით დატვირთულ პროდუქტს იღებს, შეიძლება, უმოძრაო ცხოვრების წესი აქვს, დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი მას ჭარბი წონისკენ, შაქრიანი დიაბეტისკენ უბიძგებს.
პურის რაციონიდან სრულად გამორიცხვის მომხრე არ ვარ. მცირე რაოდენობით რომ მივირთვათ, არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება.
თეთრ და ე.წ. შავ პურს შორის განსხვავებაა. თუმცა, ზოგჯერ ,,შავი პურის“ ფქვილი შეღებილია. ასეთ დროს, ისევ ჯობს, თეთრი პური მივირთვათ, ვიდრე შეღებილი შავი პური. პურში უჯრედისი, საკვები ბოჭკო შედის, რაც ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია. თუმცა, თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ, ის დისკომფორტს შეგვიქმნის. ამიტომ, ზომიერებამ არ უნდა გვიღალატოს.
როგორც აღვნიშნე, პური B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს. თუმცა, განა რა რაოდენობის პურია ყოველდღიურად ჩვენს რაციონში, რომ მისი ამოღება თმის ცვენას, ფრჩხილის მტვრევას, კანის პრობლემებს განაპირობებდეს. თუ დღიური რაციონი დაბალანსებულად არ არის შედგენილი, ეს, თავისთავად, თმის სტრუქტურის ცვლილებას, ფრჩხილი მტვრევას იწვევს. ესეც ძალიან ინდივიდუალურია. ყველაფერს პურს ნუ მივაწერთ. დაუბალანსებელი საკვები რაციონი შეიძლება, სისუსტის, ადვილად გაღიზიანების, თმისა და ფრჩხილის სტრუქტურის ცვლილების, ენერგიის დეფიციტის გამომწვევი იყოს. ამიტომ, ჯობს, ერთხელ მაინც სპეციალისტის რჩევა მივიღოთ. ინდივიდუალური კვების რეჟიმი შედგეს - იქ პურიც გათვალისწინებულია და სხვა კომპონენტებიც.
გახუხული პურს არანაირი უკუჩვენება არ აქვს. ზედმეტად დახრუკული არ უნდა იყოს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართული მუშაობისთვისაც აბსოლუტურად მისაღებია. საპირწონედ იმისა, რომ ერთი ნაჭერი არაგახუხული პური უფრო გაგვახდუნებს თუ გახუხული, ნამდვილად მითია. აქედან გამომდინარე, დღის პირველ ნახევარში გნებავთ გახუხული, გნებავთ ჩვეულებრივი პური შეგიძლიათ, თამამად მიირთვათ. დღის განმავლობაში, თუ ისე დაგეგმავთ თქვენს საკვებ რაციონს, რომ გახუხული პური უფრო მისაღებია, ესეც შეიძლება.
უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვებმა მხოლოდ პური არ მიიღონ და ეს მათ ჩვევაში არ გადაეზარდოთ. წლის და რვა თვის შვილიშვილი მყავს, რომელიც ითხოვს, რომ შავი პური ვაჭამოთ. ძალიან გემრიელად მიირთმევს. ამის წინააღმდეგი ვარ. მხოლოდ პური დღის ნებისმიერ მონაკვეთში სამომავლოდ მას ფუჭი კალორიების საოცარ წყაროს შეუქმნის. ამიტომაც, მხოლოდ საკვებთან ერთად მივცეთ. ასევე, ვეცადოთ, ვეცადოთ, დღის მონაკვეთში, შუალედებში პური არ მიიღონ.