წლევანდელი "გრემის" დაჯილდოების ცერემონია მაყურებელს ყველაზე მეტად კანიე უესტის ცოლის - ბიანკას სიშიშვლით და ამ ციხესიმაგრიანი ბიჭით დაამახსოვრდა. უილ სმიტის ვაჟის გამოჩენა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნაწილი იყო ცერემონიის და დაჯილდოების შემდეგაც უკვე რამდენიმე დღეა ამაზე ლაპარაკობენ. უფრო მეტიც - ჯეიდენი თავზე ციხესიმაგრით ინტერნეტ-მემების თემად იქცა და ბევრი ხუმრობს ამაზე. ინტერნეტში მისი დის - უილოუ სმიტის ლუქსა და ფერად კბილებზეც ბევრი მოსაზრება დაიწერა, თუმცა ჯეიდენი "თავსაბურავით" მაინც რეკორდსმენია.
ჯეიდენს ცერემონიაზე Louis Vuitton-ის კოსტიუმი ეცვა. თავზე კი დამოუკიდებელი ლეიბლის Abodi-ს მიერ შექმნილი, საკმაოდ ცნობილი ციხესიმაგრე ედგა. თავსაბურავი 2013 წელს შექმნა უნგრელმა დიზაინერმა დორა ებოდიმ და მისი ტრანსილვანიური ფესვებით არის შთაგონებული. რუმინეთის ეს რეგიონი ხომ ბრემ სტოკერის რომანის "დრაკულას" წყალობით ვამპირებთან ასოცირდება. მთავარი გმირი კი ბრანის ციხესიმაგრეშია განმარტოებული. ებოდის საგვარეულო ტრანსილვანიიდან არის და მე-15 საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი წინაპრები თავადები იყვნენ. სწორედ რუმინული ლეგენდები, ფოლკლორი და ასევე "სისხლიანი გრაფინიას", ცნობილი ელიზაბეტ ბატორის ისტორია არის ასახული ებოდის ნამუშევრებში.
ამ გოთიკურ თავსაბურავს, რომელიც 4500 დოლარზე მეტი ღირს და შეკვეთით მზადდება, სწორედ "ვამპირის ციხესიმაგრე" ეწოდება და როგორც დიზაინერი ამბობს, ეს აქსესუარი არის მარადიულობის, მგრძნობიარობის და სიმტკიცის სიმბოლო.
ებოდის ნამუშევრებით ასევე მოუწონებიათ თავი წინა წლებში ტეილორ სვიფტს, კაილი ჯენერსა და ლედი გაგას.
ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი, ოსკარის, ოქროს გლობუსისა და გრემის ლაურეატი უილ სმიტი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაშიც არაერთხელ მოხვედრილა. 56 წლის მსახიობს სამი შვილი ჰყავს. პირველ ცოლთან - შირა ზამპინოსთან შეეძინა ვაჟი უილარდ კრისტოფერ სმიტი (ტრეი), რომელიც დედასთან გაიზარდა, თუმცა დიდ დროს ატარებს მამასთან. ხოლო 1997 წელს დიდი ხნის მეგობარ ჯადა პინკეტზე იქორწინა, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა - ჯეიდენი და უილოუ. ორივემ ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო მსახიობის კარიერა, მამის ფილმებში.