ტელეწამყვანი და მოდელი მანიკა ასათიანი წლებია მიიჩნევა ერთ-ერთ ულამაზეს წამყვანად. მის შესახებ ბევრმა იცის, რომ მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.
თუმცა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, რომ ანის და-ძმაც ჰყავს.
სწორედ დასთან - ანი ასათიანთან ერთად სტუმრობდა გადაცემას "ჩვენი ოჯახი" . დებმა ბავშვობა და სახალისო მონაკვეთები გაიხსენეს:
მანიკა: - ხშირად გვეუბნებიან, რომ ზუსტად ერთნაირი საუბრის მანერა, ტემბრი გვაქვს. მე ამას ვერ ვხდები.
ანი: - დედაჩემიც კი, რომელსაც შეიძლება უცხო ნომრიდან დავურეკო, მეკითხება, ანი ვარ თუ მანიკა.
მანიკა: - ერთ ოჯახში გავიზარდეთ და ბუნებრივია, ბევრი ერთნაირი ჩვევა გვაქვს. მაგრამ ხასიათით განვსხვავდებით. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ანის სახით მთელი ბავშვობა უფროსი დაც მყავდა და ძმაც. მამას გოგო კი არა, ბიჭი იყო. ბევრ გოგონას უფროსი ძმის ფენომენი ხომ უყვარს, მე ამის დანაკლისი არ მქონია. უმცროსი ძმა მყავს და ვაფრენ ჩემს ძმაზე, მაგრამ უფროსი ძმა რომ გიცავს, იმედი რომ გაქვს, საყრდენი რომაა შენი, ზუსტად ასეთი იყო ანი.
ანი: - სკოლაში ერთი წლით გვიან შემიყვანეს და მე და მანიკამ 12 წელი ერთ კლასში ვისწავლეთ. სანაცნობო, სამეგობრო საერთო გვყავს. ცხოვრებაში მანიკას გარეშე ვერაფერი წარმომიდგენია.
მანიკა: - ტყუპივით გაგვზარდეს. დედაჩემი ძალიან მოწესრიგებული, პედანტი ადამიანია. სულ ერთნაირი ვარცხნილობით დავყავდით. ჩემი ძმა ძალიან მგავს. მე 7-თვიანი ვარ. ყველგან მეჩქარება, ყველაფერი სწრაფად მინდა, მაგრამ ბავშვობაში ანი ბევრად აქტიური, ბევრად მოქნილი ბავშვი იყო. მე უბრალოდ დავყვებოდი.
ანი: - პირდაპირ მინდა ვთქვა, რაღაცნაირი ბოთე ბავშვი იყო. საერთოდ ყველაფრის სჯეროდა.
მანიკა: - ერთხელ მახსოვს, პატარები ვიყავით, ანი ბოძზე აძვრა, მე ქვემოდან ვუყურებდი. აძრომას არც ვცდილობდი. მეზობელი მეკითხება, შენ რატომ არ ძვრებიო. ვუპასუხე, მე ხომ ბოთე ვარ-თქო.
ანი: - მანიკა ძალიან კეთილი იყო. ყველაფრის სჯეროდა. მე ბუნტისთავი ვიყავი. ადრე რომ 50 თეთრიანები იყო, მაგაზე ვატყუებდი, რომ ოქროს ფული იყო და ქაღალდის ფულში ვუცვლიდი...
მანიკა: - მე არასტანდარტული, უმშვიდესი გარდატეხის ასაკი მქონდა, ანის პირიქით. სულ მაინტერესებს, რატომ არ მქონდა ბავშვობაში არაფრის პროტესტი. ანის არაფერი ჰქონდა საპროტესტო, უბრალოდ ხასიათი აქვს ასეთი, რომ რაღაც უნდა გამოიგონოს. დღემდე ასეა - არ აქვს პრობლემა? უნდა, რომ ჰქონდეს. მე - პირიქით. დრამაქვინია. ჩემთან ოპტიმიზმი დიდი დოზითაა.