საქართველოში უკვე შესაძლებელია უნივერსიტეტის 3 წელიწადში დასრულება. 3-წლიანმა საბაკალავრო პროგრამების ნაწილმა აკრედიტაცია უკვე გაიარა და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, 4 წლის ნაცვლად, ზოგიერთ პროგრამაზე, უნივერსიტეტი 3 წელში დაასრულონ. პირველ ეტაპზე ეს ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით არსებულ პროგრამებზე იქნება მიღება შესაძლებელი. შესაბამისი ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ამასთან ერთად, იმ სტუდენტებს, ვინც უკვე სწავლობენ პირველ თუ მეორე კურსზე, შეუძლიათ სამწლიან სწავლებაზე გადავიდნენ.
რა უნდა იცოდეთ 3-წლიან საბაკალავრო პროგრამებზე, ხომ არ შეუშლის ხელს 3-წლიანი პროგრამა მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას და ზოგადად, რა სხვაობა იქნება 3-წლიან და 4-წლიან დიპლომწებს შორის?
3-წლიანი საბაკალავრო პროგრამები 180 კრედიტს მოიცავს. რამდენიმე უნივერსიტეტმა აღნიშნულ საბაკალავრო პროგრამების შესახებ ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა. თუმცა, დაზუსტებულ ინფორმაციას აბიტურიენტები 2025 წლის საგამოცდო ცნობაში ნახავენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვა რამდენიმე პროგრამასთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების 3-წლიანმა პროგრამამაც მიიღო აკრედიტაცია. ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა ჩავლეიშვილი გვესაუბრება, რა განსხვავებაა 3-წლიან და 4-წლიან საბაკალავრო პროგრამებს შორის:
- 3-წლიანი და 4-წლიანი პროგრამების სავალდებულო სასწავლო კურსებს შორის განსხვავება არ არის. 240-კრედიტიან ანუ 4-წლიან პროგრამას ე.წ. მაინორ პროგრამაც (მეორადი, დამატებითი სპეციალობა) თან ერთოდა. კერძოდ, 60 კრედიტის ფარგლებში, სტუდენტს შეეძლო, რომ მაგალითად, ბიზნესის პარალელურად, ეკონომიკის სპეციალობა მიეღო და დიპლომის დანართში ესეც მითითებული იყო. თუმცა, 3-წლიან პროგრამაში მაინორ, ანუ მეორე სპეციალობის პროგრამა ჩამოიჭრა. შესაბამისად, ბიზნესის ადმინისტრირებისთვის ძირითადი, სავალდებულო კურსები დარჩა. მაინორის სახით, დამატებით სპეციალობას ვერ მიიღებენ. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ბიზნესის ადმინისტრირების კურსებს სრულყოფილად გაივლიან. სასწავლო კურსები იგივე დარჩა.
რაც შეეხება მომდევნო, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელებას - არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს, სტუდენტები 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელებას ვერ შეძლებენ. ეს ასე არ არის. აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ, სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელებას ჩვეულებრივ შეძლებენ.
აქვე აღვნიშნავ, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან 4-წლიან პროგრამაზე მიღება აღარ გვექნება და 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა დარჩება. ვინაიდან პროგრამას აკრედიტაცია უკვე გავლილი აქვს და დამტკიცებულია, ახლა, გაზაფხულის სემესტრშივე შეეძლებათ როგორც შიდა, ასევე გარე მობილობით სარგებლობა და გადმოსვლა. ძირითადად, პირველ-მეორე კურსელები ინტერესდებიან.“ - გვითხრა მარინა ჩავლეიშვილმა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც განგვიმარტეს, რომ 3-წლიან საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტები კონკრეტული პროგრამის მხოლოდ ძირითად საგნებს გაივლიან. პროგრამა 180-კრედიტიანია და მისი დასრულების შემდეგ, სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელებას უპრობლემოდ შეძლებენ.
უფრო ზუსტად, რომელ უნივერსიტეტში რა პროგრამებია 3-წლიანი, 2025 წლის აბიტურიენტის ცნობარში იხილავთ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცნობაში თებერვლის ბოლოს, მარტის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება.
თამარ იაკობაშვილი