ბევრი მშობელი წუხს, რომ მოსწავლეებს, მათ შორის დაწყებითი კლასების ბავშვებს, სკოლებში ძალიან ბევრ დავალებებს აძლევენ. დროში უსაშველოდ გახანგრძლივებული, რთული დავალებები კი ბავშვებში მალე იწვევს გადაღლას, ინტერესის დაკარგვას და სწავლაზე გულის აცრუებას. რამდენ ხანში ამზადებენ თქვენი შვილები საშინაო დავალებებს და რამდენად უადვილდებათ? - ამ შეკითხვით მშობლებს მივმართეთ. გთავაზობთ მათ პასუხებსა და მოსაზრებებს.
- "მასალა არის კატასტროფა, ასაკისთვის შეუსაბამო, ურთულესი წინადადებები, რომლებიც სულ 2-3 სიტყვაში უმარტივესად გადმოიცემა . მასალაში არათანმიმდებრულობა და უამრავი აფსურდი. მოკლედ, მასალა არის ყველაფერზე და საბოლოოდ ვერაფერს სწავლობენ ანუ სრული დომხალია."
- "მე და საზოგადოება და ბუნება , განსაკუთრებით მესამე კლასელისითვის, ურთულესია.ეს საშინელი კომლექსურები დამატებით".
- "უმრავლესობა მშობლები ითხოვენ დავალებების რაოდენობას. "საჭირო რომ არ იყოს, სახელმძღვანელოში არ დაიწერებოდა" მსგავსი პრეტენზიებით მიმართავენ არა მხოლოდ მასწავლებელს, დირექციამდეც აღწევს მოთხოვნები. ვფიქრობ, მსგავსი სიტუაციის მსხვერპლია მასწავლებელი."
- "ამზადებენ ბავშვებს საამქროებში თავაუღებლად მუშაობა რომ შეძლონ საათობით კონვეიერზე."
- "სამწუხაროდ, ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, თუ პედაგოგი ნაკლებ დავალებას აძლევს, ის არ არის კარგი მასწავლებელი (ყველას არ ეხება). პირადად ჩემი მიდგომა სხვაგვარია. ერთ იგავს გავიხსენებ: ნავი ისე არ უნდა დატვირთო, რომ ჩაიძიროს. მეორე კიდევ - "პარასკევია და მეტი დავალება გექნებათ" - პირიქით, ამ დღეს ყველა მოსწავლეს ნაკლები დავალება უნდა ჰქონდეს, რომ დაისვენოს და ახალი ენერგიით დაბრუნდეს სკოლაში ლაღი და თავისუფალი."
- "ამიტომაც მაღალ კლასებში ვიღებთ გადაღლილ, სწავლაზე ხელჩაქნეულ, უემოციო და ინტერესდაკარგულ ბავშვებს , რომლებსაც ერთი სული აქვთ მალე გააღწიონ სკოლიდან."
- "ბევრ მშობელს ვიცნობ, რომ ბევრ დავალებას ითხოვს ერთმა თქვა "აბა სახლში სხვა რა უნდა აკეთოსო".
- "მესამე კლასელის მშობელი ვარ და ნამდვილად ბევრი დავალებებია, პლუს, ბევრი რაღაცის სწავლა ნაადრევად დაიწყეს, მაგალითად ბრუნვა, ვეფხისტყაოსნის ტექსტებსაც ეპარებიან ნელ- ნელა და გამრავლების ტაბულა ( ყველაზე ცუდი ისაა რომ 1 კვირიანი ვადაც არ აქვს ჩემს შვილს, დაეუფლოს კონკრეტულ ციფრზე გამრავლებას, ყოველდღე ახალ ციფრს სთხოვენ. ძალიან უკმაყოფილო ვარ და თერაპიებზე ბავშვები რომ მიზიარებენ თავიანთ აზრებს, თითქმის 95%-ს სკოლა არ უყვარს."
- "შეუძლებელია ყველა დავალება რასაც აძლევენ, შეასრულოს მოსწავლემ... ამიტომ უწევთ შერჩევითად გაცხრილონ შესაძლებელი და შეუძლებელი...ურთულესი და გაუგებარი ტექსტებით დაწერილი ყველა საგნის წიგნი. მაგალითად სამოქალაქო. როგორი საჭირო და გამოსადეგია საკითხებია მოზარდისთვის ადაპტაციისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ ისეთი რთული ტექსტებითაა შედგენილი, იურისტისთვისაც კი რთულია გააზრება, არათუ მოსწავლისთვის და ასეა თითქმის ყველა საგანში. მოდი და ამ დომხალიდან გამოიტანე მერე აზრი"
- "ზოგიერთი სკოლის მასწავლებლებს უყვართ ბევრი დავალების მიცემა. დამატებით სავარჯიშოების და წიგნების შემოტანა 1 კლასიდანვე. მიყვებიან მშობლები პირველ მეორე კლასელებს რამდენი დავალება აქვთ და სკოლის გარდა კიდევ დამატებით წიგნებით გადიან. დაწყებით კლასებში სწავლა უნდა იყოს ბავშვისთვის სახალისო."
- "ყველაფერში აქვთ საწერი როგორც წიგნიდან, ასევე ინტერნეტში მოსაძიებელი. გამომდინარე აქედან, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები ვერ ართმევენ თავს მშობლის დახმარების გარეშე. დაწყებით კლასებში ისეთ მაკეტებს აძლევენ დავალებად, რომელსაც ხშირად, მშობელიც კი ვერ ასრულებს. საბოლოოდ კი ვიღებთ იმას რომ ბავშვებს სწავლას დასაწყისშივე ვაძულებთ და საბოლოო მიზანი მიუღწეველი რჩება."