ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ სწავლა მხოლოდ 9-იანებზე და 10-იანებზეა საჭირო, თორემ ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში. მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ არაფერია ცუდი იმაში, რომ ბავშვს მაღალი ნიშნების მიღებისკენ "უბიძგო", ასეთი სტრატეგიის შედეგები შეიძლება გაცილებით უფრო დამღუპველი აღმოჩნდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია.
ბავშვობიდან ყველას გვაიძულებენ ან გვამუნათებენ, რომ კარგად ვისწავლოთ. "თუ ათიანებს მიიღებ, მეყვარები და ვიამაყებ შენით, აღარ გაგიბრაზდები" - ეს ფრაზა ეცნობა ბავშვობიდან. ბავშვი, რომელიც ფიზიკურად და ემოციურად დამოკიდებულია დედ-მამაზე, რა თქმა უნდა, ამის გაგონებისას ყველანაირად ეცდება კარგი შედეგი აჩვენოს, რათა მშობლები გაახაროს. თუმცა, ასეთმა ქცევამ მომავალში, უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში, შეიძლება მთელ მის ცხოვრებაზე იქონიოს გავლენა და მრავალი არასასიამოვნო შედეგი გამოიწვიოს.
როგორ იქცევიან ფრიადოსნები: ფრიადოსანი ბავშვი მშობლებისა და მასწავლებლების სიხარულია. ის ბევრ ქებას იღებს, მას ყოველთვის მაგალითად უსახავენ იმ ბავშვებს, რომლებიც სწავლაში ჩამორჩებიან. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგადაა. მაგრამ როგორ გრძნობენ თავს სინამდვილეში ფრიადოსნები და როგორ ვლინდება ეს მათ ქცევაში?
უმეტესად ფრიადოსნები გოგონები არიან, და სწორედ ისინი, გაზრდისა და ზრდასრულ ქალებად ჩამოყალიბების შემდეგაც, ძლიერ ფიქსირებულნი არიან შეფასებებზე, კერძოდ იმაზე, თუ როგორ აფასებენ მათ გარშემომყოფები. და ეს ეხება არა მხოლოდ სწავლას ან სამსახურეობრივ საქმიანობას, არამედ ცხოვრების ნებისმიერ სფეროს.
ფრიადოსნის სინდრომის მქონე ქალი დამოკიდებულია სხვის აზრზე, რადგან ამაზეა დაფუძნებული მისი "გადარჩენა", საზოგადოებაში მიღება და ადაპტაცია. ფრიადოსნებს უყალიბდებათ აზრი: თუ ათიანი მიიღო, ესე იგი ის კარგია და შეძლებს საზოგადოებაში "გადარჩენას".
თუ ბავშვი დაბალ შეფასებას იღებს, რომელიც ობიექტურად შეიძლება არც კი შეესაბამებოდეს ცოდნის რეალურ დონეს, მოსწავლისთვის ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება მას არ იღებს. თქმა უნდა, ეს აისახება განცდების და შიშის სახით.
შფოთვისა და შიშის ტყვეობაში ყოფნა ათოსნისთვის ჩვეული საქმეა. ასეთ ბავშვებს არ აქვთ ბაზისური უსაფრთხოების გრძნობა, რომელიც ყალიბდება ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს, როდესაც მშობლები აგრძნობინებენ მას, რომ ის სასურველია, საყვარელია და უპირობოდ იღებენ მას ისეთს, როგორიც არის - ყველა მისი გამოვლინებითა და ქმედებით.
თუ ფრიადოსნის სინდრომი ბავშვობაში ვლინდება, ამის პრევენცია შესაძლებელია. ამჟამად რეკომენდებულია უფრო ემპათიური და მგრძნობიარე ვიყოთ ბავშვის საჭიროებების მიმართ. მივცეთ მეტი სიყვარული და სითბო. ეს დაეხმარება ბავშვს იგრძნოს, რომ მშობლების სიყვარული არ არის დამოკიდებული მის ქცევასა და სკოლაში მიღებულ ნიშნებზე.
თუ ფრიადოსნის სინდრომი უკვე ჩამოყალიბებული და შემაწუხებელია, ფსიქოლოგთან მიმართვა სჯობს. არსებობს მრავალი მეთოდიკა ასეთ სიტუაციებთან სამუშაოდ. მათი არსი იმაშია, რომ აღმოვაჩინოთ ბავშვში ტრავმები, რომელთა გამოც თავს არაუსაფრთხოდ გრძნობს და არ აფასებს საკუთარ თავს, და შევცვალოთ მისი აღქმა. ფსიქოლოგი დაეხმარება ბავშვს გააცნობიეროს, რომ ის თავისთავადაა დიდი ფასეულობაა მშობლებისთვის და რომ მას იღებენ ნებისმიერს, გარშემომყოფთა შეფასებებისგან დამოუკიდებლად.