ცოტახნის წინ Netflix-მა მინი-სერიალი გადაიღო სახელწოდებით "ვაშლის ძმარი", რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ის ავსტრალიელი ბლოგერის, ბელ გიბსონის ისტორიას ეყრდნობა. ბელ გიბსონი წლების განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდა, რომ კიბო ჰქონდა და თანხასაც არიცხინებდა. პარალელურად, ქალმა მკურნალობისა და კვების საკუთარი მეთოდები მოიგონა და ადამიანებს აჯერებდა, რომ სწორედ ამის დახმარებით გამოჯანმრთელდა. საკუთარი აპლიკაცია შექმნა, რომელიც უამრავმა ადამიანმა გადმოწერა. გამოგონილ რეცეპტებს წერდა და ბოლოს კულინარიული წიგნიც კი გამოუშვა...
2013 წელს მსოფლიოში სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა. მედია იტყობინებოდა, რომ ახალგაზრდა ავსტრალიელმა ქალმა ჯანსაღი კვებითა და ცხოვრების სტილის დახმარებით კიბოს დამარცხება შეძლო. აპლიკაცია, რომელიც ბელ გიბსონის რჩევებსა და რეცეპტებს აერთიანებდა, 200 000-ზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა. ქალმა წიგნი "The Whole Pantry" გამოუშვა, მთელ მსოფლიოში იმოგზაურა, არაერთ კონფერენციაზე გამოვიდა და შთამაგონებელი სიტყვები თქვა. მისით ყველა აღფრთოვანებული იყო. Elle Australia-მ ბელ გიბსონი "წლის ყველაზე შთამაგონებელ ქალად" დაასახელა. Cosmopolitan-მა 2014 წელს "ყველაზე უშიშარი ქალის" ჯილდო გადასცა...
ყველაფერი კი 2009 წელს დაიწყო. ავსტრალიელმა ბლოგერმა საკუთარ გამომწერებს უთხრა, რომ თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ექიმებმა უთხრეს, რომ 4 თვე იცოცხლებდა. მაშინვე ახალგაზრდა ქალმა აღნიშნა, რომ ქიმიოთერაპიაზე უარს ამბობდა და საკუთარი მეთოდებით მკურნალობას იწყებდა.
თუმცა, ეს ყველაფერი ტყუილი იყო... ბელ გიბსონისთვის სიმსივნის დიაგნოზი არასდროს დაუსვამთ. ეს ყველაფერი არ არის, ქალი ამბობდა, რომ არა მხოლოდ ტვინში, არამედ სისხლში, ელენთაში, საშვილოსნოსა და ღვიძლშიც ჰქონდა სიმსივნური წარმონაქმნები...
წლების განმავლობაში მან უამრავი თანხა გამოიმუშავა არა მხოლოდ ჩარიცხვებით, არამედ საკუთარი აპლიკაციით, რეცეპტებითა და კულინარიული წიგნით. ქალს უამრავი ჯილდო გადასცეს. აწყობდა საქველმოქმედო საღამოებს და შემდეგ გაირკვა, რომ იმ თანხიდან ქველმოქმედების მიზნით გაჭირვებული ადამიანებისათვის არაფერი გადაურიცხავს...
ქალმა 2015 წელს Women's Weekly-თან ინტერვიუში აღიარა, რომ ყველაფერი გააყალბა და უამრავი ადამიანი მოატყუა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ის არ დაუპატიმრებიათ...
ქალის თაღლითობების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება 2014 წელს დაიწყო. ის სიმსივნით დაავადებული ადამიანების რთული მდგომარეობით სარგებლობდა და ატყუებდა, რომ მისი რეცეპტები მათ განკურნებაში დაეხმარებოდა. ბევრმა ადამიანმა ამის გამო მკურნალობის კურსი გვიან დაიწყო და მხოლოდ ბელ გიბსონის ალტერნატიულ მკურნალობას მიენდო.
სერიალში ბელ გიბსონის თაღლითობა სიმსივნით დაავადებული გმირების ცხოვრებითაა გადმოცემული. ნაჩვენებია, როგორ იღებენ ისინი მცენარეულ საკვებს, ხალხური მეთოდებით დამზადებულ სამკურნალო საშუალებებს სწორედ ბელ გიბსონის ავტორობით და სჯერათ, რომ ეს მათ სიმსივნისგან განკურნებაში დაეხმარებათ.
ორმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა 2015 წელს აღმოაჩინა, რომ ბელ გიბსონს 300 ათასი დოლარი საქველმოქმედო ორგანიზაციაში არ გადაურიცხავს. სინამდვილეში, მან მხოლოდ 7 ათასი დოლარი გაიღო. როდესაც ეს თაღლითობა გამჟღავნდა, შემდეგ უკვე ეჭვქვეშ დადგა ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა.
როგორც აღვნიშნეთ, ქალმა Women's Weekly-ისთვის მიცემულ 60-წუთიან ინტერვიუში დანაშაული თავად აღიარა. თუმცა, ამბობდა, რომ ექიმებმა მოატყუეს და სიმართლე შემდეგ გაიგო.
2017 წელს ბელ გიბსონი არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და თაღლითობისთვის ავსტრალიურმა სასამართლომ გაასამართლა. თუმცა, ქალს ციხეში არც ერთი დღე არ გაუტარებია. მას 410 000 ავსტრალიური დოლარის გადახდა დააკისრეს. როგორც The Guardian იტყობინება, 2021 წელს გიბსონის სახლი გადაუხდელი ჯარიმების გამო გაჩხრიკეს. გადაუხდელი ჯარიმების საერთო რაოდენობა 500 ათას ავსტრალიურ დოლარს აჭარბებს.
ის, რომ ალტერნატიული მედიცინა საზოგადოებაში ყოველთვის პოპულარული იყო, ამაზე არავინ დავობს. თუმცა, ბელ გიბსონმა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სოციალურ ქსელებში პოპულარობის დახმარებით, უზარმაზარი მასშტაბის თაღლითობა მოახერხა და არა მხოლოდ გამომწერები, არამედ გავლენიანი ჟურნალები და ორგანიზაციები მოატყუა.
ბელ გიბსონი ამბობს, რომ ჯარიმებს უსახსრობის გამო ვერ იხდის. სერიალი კი კიდევ ერთი შესანიშნავი შეხსენებაა იმისა, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს კრიტიკული თვალით უნდა შევხედოთ და სპეციალისტების რეკომენდაციები გავითვალისწინოთ.