ანნა ნოსელიძე ქუთაისის მე-12 ბაგა-ბაღის დირექტორია. ყოველწლიურად ახალ წელს ბავშვებს დაუვიწყარ მოგონებებს ჩუქნის და მათთან ერთად მხიარულად ცეკვავს, თამაშობს. როგორც თავად ამბობს, ბავშვებისთვის უფროსი მეგობარია და მათთან ურთიერთობით თავადაც სიამოვნებას იღებს. ამის შესახებ ანნა ნოსელიძემ გადაცემაში "დღის პოსტი" ისაუბრა:
- ბავშვებზე ბავშვობიდან ვგიჟდები და თამამად ვიტყვი, რომ ჩემ ირგვლივ ყველა ბავშვი ჩემი კალთის ქვეშ მყავს მოქცეული. ქმარი და ერთი შვილი მყავს. ყველა მეკითხება, ერთი შვილი რატომ გავაჩინე. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, ბევრი შვილი მყოლოდა, მაგრამ რატომღაც ასე არ გამოვიდა. შვილიშვილი მეყოლება ბევრი. ჩემმა რძალმა ბევრი შვილი უნდა გააჩინოს, ეს აქედანვე უნდა იცოდეს...
ამ ბაღში მასწავლებელი ვიყავი, შემდეგ მეთოდისტი გავხდი და ახლა მმართველი ვარ. ამ ყველაფერს ისე ვერ გაუმკლავდები, თუ ბავშვების დიდი სიყვარული არ გაქვს. ისინი იმხელა პოზიტივსა და სიყვარულს გვიბრუნებენ უკან, რომ გათენდეს დღე და ეს სამსახური არ იყოს, არ ვიცი, როგორ უნდა ვიარსებო. ბავშვებმა იციან, რომ მათთვის დიდი მეგობარი ვარ, რომლის ჩანთაშიც შეუძლიათ, ჩვეულებრივად იქექონ და შესაფერისი პომადები ეძებონ. ვერასდროს ვერაფერს დავუშლი. რომ ხედავს, ისე განვითარდება მოვლენები, როგორც შენ ეუბნები, თავისთავად ნდობას იმსახურებ. ახლა დაპირებული ვარ, რომ ერთ დღეს მათ ჩემს სახლში სტუმრობის დღეს მოვუწყობ. ჩემს სახლში სტუმრობა ძალიან უნდათ და აინტერესებთ. ერთი სული აქვთ, როდის მოქექავენ პარფიუმერიის უჯრას, გარდერობს. მე ამ ყველაფრის უფლებას მივცემ, რომ ჩემი მაღალქუსლიანებით იკაკუნონ. მშობლებთანაც საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ერთ-ერთი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. არავის ვუკრძალავ ფოტოს გადაღებას. ხომ არის შემთხვევები, გოგონები რომ გადაიღებენ და არ მოსწონთ, ამბობენ არ დავდოთო. მე ამაზე გართულება არ მაქვს. არც არასდროს მომწონდა ფილტრის დადება. რაც ვარ, ეს ვარ. კადრში ხან პირი მექნება გაღებული და ხან ცხვირი მექნება ჩამოშვებული...
ძალიან მინდა დავანგრიო ის სტერეოტიპი, რომ ჭარბწონიან ადამიანს აუცილებლად შავი ტანსაცმელი უნდა ეცვას. პირველ რიგში, ვცდილობ, რომ შავი არ მეცვას და ვიყო ფერადი იმიტომ, რომ ჩემი ხასიათი ფერადია. მინდა, პუტკუნა გოგონებს სტიმული მივცე. შეიძლება, ფერადშიც კარგად გამოიყურებოდე. მყავს რამდენიმე დიზაინერი, რომლებთანაც სიამოვნებით ვთანამშრომლობ. ოდნავ ქუსლზე რომ ვდგავარ, მგონია, რომ ღრუბლებში ვარ. წონას მნიშვნელობა არ აქვს - ქალი ქალია.