"ბავშვი ცუდი წრეშია" - ეს აზრი ხშირად ხდება მშობლების ღელვის მიზეზი და როგორც წესი, მსგავსი შეგონებებით ცდლიობენ პრობლემის მოგვარებას: "შენ ვერ ხვდები, ის ცუდად მოქმედებს შენზე!", "არ შეგეძლო წესიერი ოჯახის შვილებთან დამეგობრება?", "არ დაგინახო მათ გვერდით, გიკრძალავ მათთან შეხვედრას". მშობლების შფოთვა შვილების გარემოცვის გამო ბუნებრივია. თუმცა ბავშვების მხრიდანაც უფროსებისგან გამიჯვნა და თანატოლების კომპანიაში ყოფნის სურვილიც ასევე ბუნებრივია.
როგორ შეგიძ₾იათ ვითარების გამოსწორება?
საქმე აღზრდაში არ არის. უბრალოდ ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერი პოზიციიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარშემომყოფთა აზრი. შეიძლება თქვენ არ მოგწონდეთ შვილის მეგობრები, თქვენს მეუღლეს - თქვენი კოლეგები. ორივე შემთხვევაში, სავარაუდოდ, ურთიერთობის შეზღუდვის მოთხოვნა მტრულად იქნება აღქმული. რაც უფრო ჯიუტად აკრიტიკებენ ჩვენს არჩევანს, მით უფრო ძლიერად ვებღაუჭებით მას, რადგან ის ჩვენია.
სხვათა შორის, სწორედ ამ აქცენტში იმალება "ცუდი კომპანიის" პრობლემის გადაწყვეტა. თუ რაღაც აღიქმება როგორც პირადი და ახლობელი, შეგვიძლია განვიხილოთ ღირებულებები და ემოციები, ვეძებოთ მიზეზები, გულწრფელად ვისაუბროთ.
მეგობრობა ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორც ოჯახური ურთიერთობები. მაგრამ მოზარდებს ჯერ არ აქვთ ასეთი დამოკიდებულების გამოცდილება ოჯახს გარეთ: სამეგობრო გარდამავალი ეტაპია ბავშვობიდან ზრდასრულ ცხოვრებაში მიმავალ გზაზე. სწორედ თანატოლებთან გრძნობენ მოზარდები თავს კომფორტულად, ცდილობენ ურთიერთობას და ზოგჯერ მარცხსაც იწვნევენ.
სწორედ აქ იწყება სეპარაცია - საკუთარი თავის გამოყოფა და ოჯახისგან გამიჯვნა. ამ პროცესის დაწყების აღიარება არ არის მარტივი. უფრო მეტიც, მოზარდის ყურადღების ცენტრის თქვენგან თანატოლებზე გადატანა ჯერ არ ნიშნავს, რომ თქვენს შვილს აღარ სჭირდება თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება. ძალიან სჭირდება, და ამიტომ მეგობრობის "აკრძალვა" არ არის ის ვარიანტი, რომელიც თქვენგან მხარდაჭერას აგრძნობინებს.
სამაგიეროდ, აკრძალვა შესანიშნავად ახსენებს მოზარდს, რომ მის აზრსა და არჩევანს არ აფასებენ, რომ მას არ შეუძლია საკუთარ ცხოვრებაში ისეთი მარტივი რამის კონტროლიც კი, როგორიც მეგობრების არჩევაა.
თქვენ უნდა იმოქმედოთ ფრთხილად: ერთი მხრივ, აღიაროთ მოზარდის უფლება აირჩიოს მეგობრები, მეორე მხრივ - აჩვენოთ თქვენი შეშფოთება, რომელიც არ არის კონტროლისა და დომინირების მიზეზით განპირობებული. უმჯობესია ცნობისმოყვარეობით, ნდობითა და სიყვარულით "შეფუთოთ" თქვენი მოსაზრებები.
ბოლოს და ბოლოს, დავუბრუნდეთ მარტივ, მაგრამ უსიამოვნო აზრს: უფროსებს არ აქვთ რეალური შესაძლებლობა თავს მოახვიონ საკუთარი აზრი ბავშვებს, რადგან დროის უმეტეს ნაწილს ბავშვი სკოლაში, ანუ თქვენგან შორს ატარებს.
ნამდვილად ავლენენ თუ არა თქვენი შვილის ახალი მეგობრები საშიში ქცევის ნიშნებს?
გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებზეც ყურადღება უნდა მიაქციოთ:
ასევე, თუ თქვენი შვილის მეგობარი ე.წ. "არაკეთილსაიმედო ოჯახიდანაა", რეალური გარემოებების გარკვევამდე ნურაფერს მოიმოქმედებთ. ბავშვები არ აგებენ პასუხს თავიანთი მშობლების ქცევასა თუ სოციალურ მდგომარეობაზე, ისინი იმსახურებენ სამართლიან დამოკიდებულებას საკუთარი თვისებების საფუძველზე და არა იმ ჯგუფის თვისებების საფუძველზე, რომელსაც მათ მიაკუთვნეს.
თქვენი ავტორიტეტი და გადამწყვეტი ხმის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევებში გამოიყენეთ, როდესაც ნაცნობობა შეიძლება რეალურად საფრთხეს უქმნიდეს ბავშვს.
მაშ ასე, თუ ეჭვები გაქვთ, საჭიროა გაარკვიოთ, რამდენად საშიშნი არიან ბავშვის მეგობრები. როგორ შეიძლება ამის გაკეთება?
თუ შესაძლებელია მამას დაავალეთ საუბარი. მოზარდ ვაჟთან დეტალების გარკვევა უფრო ადვილია არა შემაშინებელი ფრაზით: "მოდი, შვილო, სალაპარაკო მაქვს", არამედ რაიმე ერთობლივი საქმიანობის დროს.
გადაამოწმეთ თქვენი ეჭვები იმ უფრისებთან, რომლებმაც იციან ამ სამეგობროს შესახებ: სკოლის ფსიქოლოგთან, კლასის დამრიგებელთან, სხვა მშობლებთან.
თუ სერიოზულად ნერვიულობთ, ესაუბრეთ ბავშვთა ფსიქოლოგს: აღუწერეთ მას სიტუაცია. შეიძლება გკითხონ არა იმდენად მეგობრების შესახებ, არამედ იმის შესახებ, რა ხდება თქვენს ოჯახში. ხომ არ ჩხუბობთ მეუღლესთან ბავშვის თანდასწრებით? ხომ არ გაჩნდა უმცროსი დედმამიშვილი? ხომ არ არის კონფლიქტები ჩაბარების ან ნიშნების გამო? ყველაფერ ამას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოზარდის ქცევაზე.
თქვენი ბავშვის ქცევას აქვს მიზეზები. თუ არჩევანი ნებაყოფლობითია (და ეს სავარაუდოდ ასეა, თუ ბავშვი იცავს თავის უფლებას იმეგობროს კონკრეტულ ადამიანებთან), ეს ნიშნავს, რომ ეს მეგობრობა რაღაცას აძლევს მას.
შეშფოთების საბაბი იქნებოდა ბავშვი საერთოდ მეგობრების გარეშე რომ იყოს. უნდა გაიგოთ, რატომ არ ურთიერთობენ სხვა ბავშვები თქვენს შვილთან. ჩვეულებრივ მიზეზების სია ბანალურია: ბავშვი იქცევა აგრესიულად და მასთან არაკომფორტულია; ბავშვს იგნორირებას უკეთებენ, რადგან ის არ არის საინტერესო სხვა ბავშვებისთვის; ბავშვთან არ ურთიერთობენ, რადგან მას არ აქვს ურთიერთობის სოციალური უნარები და სხვა.
თუ უმცროს მოზარდ ასაკში ბავშვს არ ჰყავდა მეგობრები, ხოლო მე-9 კლასისთვის ისინი გამოჩნდნენ და სრულიად არ მოგწონთ - დაუბრუნდით ზემოთ მოცემულ სიას. სავარაუდოდ, ბოლოს და ბოლოს მას შეხვდა კომპანია, სადაც სოციალური უნარების გამოვლენა გამოუვიდა, ან მათთან იგრძნო თავი თავისუფლად, უხერხულობის გარეშე.
მეგობრები წარმოადგენენ როლურ მოდელს, რომელსაც უნდათ, რომ ჰგავდნენ. ან მეგობრები უფრო ძლიერები არიან და შეუძლიათ დაცვა. მაგალითად მორცხვი გოგონა მეგობრობს "ცუდ" გოგონასთან, რომ აიმაღლოს თავისი სტატუსი კლასში ან დაიცვას თავი ბულინგისგან. ამ შემთხვევაში პრობლემა არა მეგობარშია, არამედ სკოლის ატმოსფეროში - ბულინგი ყოველთვის კოლექტივის პრობლემაა.
"მეგობრები" (ამჯერად ბრჭყალებში ვსვამთ) ზეწოლას ახდენენ, თავს ახვევენ მათთვის სასარგებლო ქცევას, ხოლო ბავშვს არ აქვს ასერტული ქცევის უნარები, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მათ. ყველაზე ხშირად ეს ხდება, თუ ბავშვს აქვს დაბალი თვითშეფასება, არ აქვს განვითარებული კრიტიკული აზროვნება ან მიჩვეულია დაემორჩილოს იმას, ვინც უფრო ძლიერია. თქვენს ოჯახში ყოველთვის უფროსი წყვეტს? განიხილავთ ბავშვთან მის საკუთარ სურვილებსა და აზრებს?
როგორც უკვე მიხვდით, მეგობრობა - ეს არის არჩევანი. გამოჰკითხეთ მოზარდს, რა თვისებებს აფასებს ადამიანებში. გაიგეთ, რა უნდა, რას ეძებს ურთიერთობებში?
ჩამოთვლილმა თვისებებმა შეიძლება, ერთი მხრივ, სწორ გზაზე დაგაყენოთ, მეორე მხრივ - უფრო ღრმა საუბარს დაედოს საფუძვლად, რომელიც მეტად დაგეხმარებათ პრობლემების მიზეზების აღმოფხვრაში.
რჩევა 1. წერილობითი სამუშაო
შესთავაზეთ განიხილოთ მეგობრობისა და ადამიანური ურთიერთობების თემა, მაგრამ წარმოადგინეთ ეს როგორც საინტერესო წერილობითი ექსპერიმენტი. ფურცლის ერთ მხარეს ჩამოწერეთ თვისებები, რომლებიც გამოარჩევს ურთიერთობისთვის სასიამოვნო ადამიანს, ნამდვილ მეგობარს. მეორე მხარეს - თვისებები, რომლებსაც თქვენ და თქვენი შვილი ვერ შეეგუებით.
მიეცით მოზარდს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად შეადაროს მიღებული ცხრილი რეალობას. რომელ სვეტში ხვდებიან მისი მეგობრები?
შეგიძლიათ რბილად დაინტერესდეთ: "ძვირფასო, შენ გაქვს უფლება, აირჩიო შენი მეგობრები. ერთადერთი, რაც მინდა, რომ იყო ბედნიერი. ეს ურთიერთობები გაბედნიერებს?"
რჩევა 2. მოიწვიეთ მეგობრები სტუმრად
ნუ შეეწინააღმდეგებით სიტუაციას, შეხვდით მათ. დაე, "არასწორი" მეგობრები მოვიდნენ თქვენთან, იურთიერთეთ მათთან კეთილგანწყობით, მშვიდად, დაინტერესდით მათი ცხოვრებით. დაკითხვის მოწყობა არ არის საჭირო, შეგიძლიათ უბრალოდ დააკვირდეთ. სახლი - ეს არის უსაფრთხო და ბუნებრივი გარემო თქვენი ბავშვისთვის, მაშასადამე სწორედ აქ შეიძლება დავინახოთ, როგორ ურთიერთობენ ერთმანეთში.
რჩევა 3. მიუთითეთ შეშფოთების კონკრეტულ მიზეზებზე
ფრაზა "მე არ მომწონს შენი მეგობრები" არ ატარებს არანაირ სასარგებლო დატვირთვას, ის თქვენზეა და არა ბავშვზე. იყავით კონკრეტული.
კონსტრუქციული ფრაზების მაგალითები:
”ვხედავ, რომ დავითი ეწევა. ეს მაწუხებს."
”მასწავლებლისგან გავიგე, რომ თინა და გიორგი ხშირად აცდენენ სკოლას. ვღელავ... რატომ არ დადიან? შენ მოგწონს ასეთი საქციელი?
„იცი, რომ ჩვენს ოჯახში და სახლში არ ვიგინებით. გთხოვთ დაიცვათ ეს წესები და სთხოვეთ თქვენს მეგობრებსაც დაიცვან ისინი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევთ წასვლა“.