16-წლიანი კარიერის განმავლობაში, ექთანმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა და ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი კრიმინალი გახდა. მამაკაცის ამბავზე Netflix-მა ფილმი - "კარგი მედძმა" - გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობები - ჯესიკა ჩესტეინი და ედი რედმეინი ასრულებენ. ედი რედმეინი ფილმში დამნაშავის - ჩარლზ კალენის როლს ასრულებს.
ჩარლზ კალენმა 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. 80-იან და 90-იან წლებში კალენი ნიუ-ჯერსისა და პენსილვანიის საავადმყოფოებში რეანიმაციაში მუშაობდა. პაციენტებს სულ სხვა პრეპარატებს და სხვა დოზით უშვებდა გადასხმის სისტემის მეშვეობით... შემთხვევების უმეტესობა ლეტალურად მთავრდებოდა...
ჩარლზ ედმუნდ კალენი 1960 წლის 22 თებერვალს, ნიუ-ჯერსიში დაიბადა. მისი მამა, მემ კალენი, სკოლის ავტობუსის მძღოლი იყო, დედა კი დიასახლისი. ჩარლზი 8-შვილიან ოჯახში მე-8 იყო. მისი დაბადებიდან 7 თვეში, მამა გარდაიცვალა და ჩარლზი საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში იზრდებოდა.
1969 წელს, როდესაც ჩარლზი მხოლოდ 9 წლის იყო, სკოლის ქიმიური ლაბორატორიიდან საშიში ნივთიერება მოიპარა და თვითმკვლელობა სცადა... სიცოცხლის განმავლობაში, მან კიდევ 20-ჯერ სცადა თავის მოკვლა.
17 წლის იყო, როდესაც დედა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაეცვალა. ჩარლზმა სკოლა მიატოვა, ერთი წლის შემდეგ აშშ-ის საზღვაო ძალებში გაწევრიანდა. საკმაოდ დიდი წარმატებები ჰქონდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ფსიქიკურ პრობლემებს ებრძოდა. საზღვაო ძალებში ყოფნის ექვსი წლის განმავლობაში შვიდჯერ სცადა თვითმკვლელობა.
კალენის საექთნო კარიერა 1987 წელს დაიწყო. მან ექთნების გადამზადების კურსი გაიარა და ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში დაიწყო მუშაობა. იმავე წელს ადრიენ ტაუბზე დაქორწინდა, რომელთანაც ორი ქალიშვილი შეეძინა. თითქოს, ყველაფერი კარგად იყო. ჩარლზი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ოჯახი შექმნა, საკუთარი საქმე ჰქონდა. თუმცა, მამაკაცი სინამდვილეში ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა და თვითდაზიანებას იყენებდა.
კაცმა პირველი მკვლელობა 1988 წელს ჩაიდინა. მისი მსხვერპლი ადგილობრივი მოსამართლე - ჯონ იენდო იყო. ის კლინიკაში ალერგიული რეაქციის გამო შეიყვანეს. ჩარლზმა კი მედიკამენტის მომაკვდინებელი დოზა გაუკეთა.
წლების შემდეგ კალენმა აღიარა, რომ პირველ სამუშაოზე 11 ადამიანი მოკლა. მათ შორის, ერთი შიდსით იყო დაავადებული და ინსულინის დიდი დოზა გაუკეთა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
ჩარლზმა სამსახური 1992 წელს დატოვა, როდესაც კლინიკაში გადასხმის ჩანთების შესახებ გამოძიება დაიწყო. თუმცა, მას ვერაფერი დაუმტკიცეს..
ქვეყანაში მედძმები აქტიურად სჭირდებოდათ და ჩარლზიც არსებულ სიტუაციას მარტივად მოერგო. სხვა კლინიკაში გადავიდა, სადაც მსხვერპლს წინასწარ ირჩევდა და სხვადასხვა პრეპარატს დიდი დოზით უკეთებდა. ზედოზირება კი ადამიანების გარდაცვალებას იწვევდა.
კაცმა სამსახური ისევ ნიუ-ჯერსიში, ერთ-ერთ საავადმყოფოში იშოვა. იქ მან 3 მოხუცი მოკლა. ერთ-ერთმა მათგანმა სიკვდილის წინ ოჯახს უთხრა, რომ უცნაურმა ექთანმა მას რაღაც გაუკეთა, როცა ეძინა, მაგრამ მათ ამ ინფორმაციისათვის ყურადღება არ მიუქცევიათ.
პარალელურად, საკუთარ ცოლზეც ძალადობდა, რის გამოც დაქორწინებიდან მალევე ოჯახი დაენგრა. ის არა მხოლოდ ცოლზე, არამედ ქალიშვილებზე და შინაურ ცხოველებზეც ძალადობდა...
ჩარლზი სრულიად წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ცხოველებს აწამებდა, აგრესიას გამოხატავდა, დამკრძალავ ბიუროებში ყალბი განცხადებებით რეკავდა...
განქორწინების შემდეგ სარდაფში გადავიდა საცხოვრებლად. ექთნობა აღარ უნდოდა, მაგრამ ქალიშვილებისათვის ალიმენტი უნდა გადაეხადა და ამიტომ, იძულებული გახდა, მუშაობა კვლავ გაეგრძელებინა.
ამის შემდეგ, მისი ფსიქიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. საკუთარი კოლეგა სექსუალურად შეავიწროვა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. კაცმა თვითმკვლელობა კიდევ ერთხელ სცადა და რამდენიმე თვის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ამის შემდეგ მან საექთნო საქმიანობა გააგრძელა და საბოლოოდ 2003 წელს დააკავეს.
მამაკაცმა აღიარა, რომ კონკრეტული მედიკამენტების დიდი დოზების გამოყენებით ადამიანები მოკლა. თავდაპირველად მტკიცებულებები ჯერ კიდევ არ არსებობდა. 2002 წელს ერთ-ერთმა კოლეგამ თქვა, რომ ჩარლზი პაციენტების ოთახში შპრიცებით შედიოდა და უცნაურად იქცეოდა. იმავე წლის ივნისში სხვა ექთნებმა თქვეს, რომ კონკრეტული პრეპარატების გახსნილი პაკეტები ნახეს. დროთა განმავლობაში, გამოძიება დაიწყო და დადგინდა, რომ მამაკაცი პაციენტებს განზრახ კლავდა.
მოგვიანებით ჩარლზმა აღიარა, რომ 300-ზე მეტი ადამიანი მოკლა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სერიული მკვლელი გახდა. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და სასჯელს ნიუ-ჯერსის შტატის ციხეში იხდის.
ჩარლზის ამბის შემდეგ, ექთნების გადამზადებისა და ლიცენზიის შესახებ წესები გაამკაცრეს და გარკვეული რეგულაციები შემოიღეს. ამბავი იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ Netflix-მა ფილმი მიუძღვნა.