თუ მეხსიერება გაგიუარესდათ, ახალ რაღაცებს ვერ იმახსოვრებთ და ძველიც გავიწყდებათ, ექიმი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს 8 ისეთ ანალიზს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ მიზეზი დაადგინოთ და შემდგომ უკვე პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოთ:
- თუ მეხსიერების გაუარესებას უჩივით, ყველაზე მარტივით დაიწყეთ და სისხლის საერთო ანალიზი ჩაიტარეთ. ჰემოგლობინის მაჩვენებელს დააკვირდით. თუ ის 12 ერთეულზე ნაკლები იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ანემია აქვს. როცა ანემია გვაქვს, ასეთ შემთხვევაში სხეულში ჟანგბადის შემცველობა იკლებს. თავის ტვინს კი ჟანგბადი განსაკუთრებით სჭირდება. როცა ჰემოგლობინის მაჩვენებელი დაბალია, ეს მეხსიერებაზე აისახება და გაუარესდება. ამ შემთხვევაში, ანემიის მოგვარებით, მეხსიერების პრობლემასაც მოაგვარებთ.
შეამოწმეთ ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავა. ვიტამინი B12-სა და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა ახალგაზრდებს ხშირად აწუხებთ. არ იკვებებიან სრულფასოვნად. ნაკლებობა ასევე ხშირია მოხუცებში, რადგან იღებენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც მათ შეწოვას აქვეითებს. ამიტომაცაა, რომ როდესაც ეს ორი ვიტამინი ორგანიზმში ქვეითდება, საკმარისი რაოდენობის ნეირომედიატორები აღარ წარმოიქმნება და მეხსიერება უარესდება. ამ ვიტამინების შემოწმება და მათი შევსება მეხსიერების პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
შეამოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი. თუ ადამიანს TSH მაღალი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფარისებრი ჯირკვალი ვერ მუშაობს და ეს მეხსიერებაზეც აისახება.
გლიკოზირებული ჰემოგლობინი - მარტივი ტესტი გვეხმარება, დავადგინოთ, ადამიანს აქვს თუ არა შაქრიანი დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტი ჩუმი დაავადებაა და შესაძლოა, უფროს ასაკობრივ ჯგუფში პირველ თვეებსა და წლებშიც კი გვიან გამოვლინდეს. როდესაც მეხსიერების გაუარესებას ვუჩივით, ამ დაავადებაზეც უნდა მივიტანოთ ეჭვი. ამ დროს გლიკოზირებული ჰემოგლობინი უნდა შევამოწმოთ. თუ მონაცემი 5,7%-ზე მეტი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი დიაბეტისკენაა მიდრეკილი ან უკვე აქვს.
ჰომოცისტეინი - როდესაც ადამიანს მეხსირება უარესდება, ესეც მნიშვნელოვანი მარკერია. თუ ჰომოცისტეინი მაღალია, ის სისხლძარღვებს დააზიანებს. თუ სისხლძარღვები დაზიანდება, თავის ტვინი საკმარისი რაოდენობის სისხლს ვერ მიიღებს და მეხსიერება გაუარესდება.
კიდევ ერთი ანალიზი, რომელიც შეგიძლიათ, მეხსიერების გაუარესების შემდეგ ჩააბაროთ, ეს C-რეაქტიული ცილა და ერითროციტების დალექვის სიჩქარეა. თუ სხეულში სადმე ანთებაა, ამ შემთხვევაში ეს ორი მარკერი შესაძლოა, მომატებული იყოს. ანთებითი პროცესი მეხსიერების გაუარესებაზეც აისახება.
ფერიტინის შემოწმებაც საჭიროა. თუ ადამიანს ფერიტინი დაბალი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ სხეულში რკინის მარაგი დაბალია. თუ რკინის მარაგი დაბალია, ბუნებრივია, ეს მეხსიერებაზეც აისახება.
შემოწმება მძიმე მეტალებზე - ტყვიასა და ვერცხლისწყალზე. მომატებული დონე შესაძლოა, მეხსიერების გაუარესების მიზეზი იყოს, განსაკუთრებით ბავშვებში.