პიტერ დინკლეიჯი 135 სანტიმეტრი სიმაღლისაა - აქონდროპლაზიისა და ნანიზმის ერთ-ერთი ფორმის გამო. თუმცა ეს ფაქტორი, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მხოლოდ დაეხმარა საინტერესო როლების მიღებასა და გავარსკვლავებაში. დღეს 55 წლის მსახიობის და კინოპროდიუსერის ანგარიშზე არაერთი კინო და თეატრალური როლია და ასევე არაერთი პრესტიჟული ჯილდო. ფართო მაყურებელმა კი "ნარნიას ქრონიკებიდან" და "სამეფო კარის თამაშებიდან" შეიყვარა.
პიტერი 1969 წლის 11 ივნისს დაიბადა ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ მორისთაუნში. პიტერს გერმანული, ინგლისური და ირლანდიური ფესვები აქვს. დედა მუსიკის მასწავლებელი იყო სკოლაში, ხოლო მამა სადაზღვევო აგენტი, თუმცა - უმუშევარი. მისი მშობლებიც და ძმაც საშუალო სიმაღლისანი იყვნენ, თუმცა პიტერს თანდაყოლილი აქონდროპლაზია ჰქონდა, რომელმაც ხელი შეუშალა გაზრდაში.
ამბობს, რომ ბავშვობიდან დაინტერესებული იყო მსახიობობით და სასკოლო წარმოდგენებშიც მონაწილეობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი, ბენინგტონის ხელოვნების სკოლაში ჩააბარა, რომელიც 1991 წელს დაამთავრა და მაშინვე დაიწყო კარიერა - თავდაპირველად, როგორც თეატრის მსახიობმა. თუმცა პარალელურად, საარსებო ფული რომ ჰქონოდა, სანამ განიმტკიცებდა მსახიობის სტატუსს, მშენებლობაზეც მუშაობდა და პიცერიაშიც...
მისი პირველი კინოროლი იყო დამოუკიდებელ, მცირებიუჯეტიან ფილმში "ცხოვრება ბუნდოვანებაში" (1995). მერე კი არაერთი ცნობილი როლი შეასრულა, რომელთაგან რამდენიმემ პრესტიჟული ჯილდოები და ნომინაციები მოუტანა.
მაგალითად, ტირიონ ლანისტერის როლისთვის სერიალში "სამეფო კარის თამაშები" "ემის" ოთხი პრემია მიიღო და ასევე "ოქროს გლობუსი", მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
პიტერი 2005 წელს დაქორწინდა საყვარელ ქალზე - თეატრის რეჟისორ ერიკა შმიდტზე. წყვილს ორი შვილი ჰყავს და ცნობილები არიან იდეალური ურთიერთობით. პიტერი შესანიშნავი ქმარი და მამაა. პაპარაცები ხშირად იღებენ სქროლზე ამხედრებულს, როცა ქალიშვილი სკოლაში თავად მიჰყავს ან მოჰყავს.
მსახიობი ამბობს, რომ კარიერაშიც ძალიან გაუმართლა და პირად ცხოვრებაშიც და ამაზე ყოველთვის ოცნებობდა.