18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილი 69 წლის გახდა. დაბადების დღე ქართული ოცნების წევრებმა საჯაროდ მიულოცეს, რუსთაველის გამზირზე კი ოპოზიციის აქცია გაიმართა ამ დღესთან დაკავშირებით.
ვაჟებმა - ცოტნემ და ბერამ სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტოებით მიულოცეს დაბადების დღე მამას.
ოფიციალური ცნობების თანახმად,ბიძინა ივანიშვილი დაიბადა სოფელ ჭორვილაში (საჩხერის მუნიციპალიტეტი). მამა ჭიათურმანგანუმის კომბინატის მაღაროელი იყო.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად, უფროს ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა“.
მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ჯერ არმირებულ მილებს აწარმოებდა, შემდგომ კი კომპიუტერებით ვაჭრობდა. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ამ დაკვეთის შედეგად მას სოლიდური თანხა დაუგროვდა, რითიც პროკურატურა დაინტერესდა და ანგარიშები დაუყადაღა.
1988 წელს ივანიშვილმა დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში, სადაც ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელა კომპიუტერებით ვაჭრობა. გარკვეული დროის შემდეგ კომპიუტერებთან ერთად ბრუნვაში ჩართეს ასლგადამღები აპარატები და ტელეფონები. ამის შემდეგ მათ ელექტროტექნიკის მწარმოებელი ქარხანა შეიძინეს ჰონგ-კონგში. 1990 წლისთვის ივანიშვილი ელექტრო-ტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იყო რუსეთში. დაგროვებული კაპიტალით ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა გახსნეს ბანკი „როსიისკი კრედიტი“...
1995 წელს ივანიშვილმა მეუღლე ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად დააარსა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"...
2011 წლის 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ის საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა. ოფიციალურად, ამ თარიღის შემდეგ ჩაერთო ის ქართულ პოლიტიკაში. 2011 წლის 11 დეკემბერს დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, 21 აპრილს კი ივანიშვილმა დააფუძნა პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო, სათავეში ჩაუდგა თავისსავე შექმნილ ოპოზიციურ პარტიათა კოალიციას...
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. მას მერე, "ქართულ ოცნებასთან" ერთად, ის უკვე მეცამეტე წელია ქვეყანას მართავს...
ოფიციალური ცნობებით, მისი ქონება დღეს 4,9 მლრდ დოლარია და 153-ე ადგილზეა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში.
1991 წლიდან არის დაქორწინებული 16 წლით უმცროს ეკატერინე ხვედელიძეზე. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს - უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე, და ორი შვილი.