სწავლის პროცესში თავს უამრავი პრობლემა იჩენს და ხშირად მშობლებმა არ იციან, როგორ უნდა დაეხმარონ შვილებს სხვადასხვა გამოწვევის დაძლევაში. როგორ უნდა ავუმაღლოთ ბავშვებს მოტივაცია, რა გამოწვევები არსებობს მეცადინეობის დროს და რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად მშობლები - თემაზე გადაცემაში "შუადღე" განათლების აკადემიური დოქტორი, თსუ-ს ლექტორი და პედაგოგი, დავით წამალაშვილი საუბრობს:
- ბავშვებთან ურთიერთობისას გამზადებული რეცეპტი, რომ ვთქვათ "ეს ძალიან კარგი იქნება", არ არსებობს, რადგან ყველა მათგანი ინდივიდუალურია და შესაბამისი მიდგომა სჭირდებათ. თუმცა, არის რაღაცები, რაც არასდროს უნდა გავაკეთოთ. არასდროს უნდა შევადაროთ არავის. განსაკუთრებით, არასდროს უნდა შევადაროთ დედმამიშვილებს. აღარ ვსაუბრობ კლასელებთან, თანატოლებთან შედარებაზე ან თუნდაც უბანში მეგობრებთან შედარებაზე. პირველი, რითაც ბავშვთან ურთიერთობა უნდა დავიწყოთ, მამოტივირებელი ფრაზებია: "შენ ეს შეგიძლია", "შენ ამას შეძლებ", ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია, მოინდომო", "დაგეხმარები, შენ გვერდით მიგულე" - ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მამოტივირებელი ფრაზები მასწავლებელსაც გამოადგება ბავშვებთან ურთიერთობისას და მშობელსაც. განსაკუთრებით ისეთ დროს, როდესაც ბავშვი გარდატეხის ასაკშია.
მეცადინეობისას ბავშვებს დედასთან ყველაფერი ვერ "გასდით" ხოლმე. ბებია ყველაზე თბილი, საყვარელია და მეცადინეობის პროცესშიც უფრო დამთმობები არიან. მამაც მეცადინეობის დროს უფრო რბილია. სწორედ ამიტომ აღნიშნავენ ხოლმე, რომ დედასთან ერთად მეცადინეობა უფრო რთულია.
არიან ბავშვები, რომლებსაც დედ-მამამ რომ წიგნი წაუკითხოს, იგებენ და მათი წაკითხულით შეიძლება, დავალება გააკეთონ. არიან ბავშვები, რომლებიც იქამდე ვერ სწავლობენ, სანამ თავად არ წაიკითხავენ. არიან ბავშვები, რომლებსაც სრული სიჩუმე უყვართ. ბავშვების გარკვეული ტიპია, რომლებსაც უყვართ, რომ დამოუკიდებლად ისწავლონ და სწავლის პროცესში არავინ ერეოდეს. მგონია, რომ მსგავსი ჩვევა სამომავლოდ ბავშვს წარმატებაში დაეხმარება. როდესაც რაღაცებზე პასუხისმგებლობას დამოუკიდებლად იღებ, ეს უკვე არის წინაპირობა იმისა, რომ სამომავლოდაც საკუთარ საქმიანობაზე პასუხისმგებელი იქნები. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის, როდესაც ბავშვი დამოუკიდებლად სწავლობს, მისი ნასწავლი საუკეთესო ვერსიაა. გარკვეულწილად, ყურადღების მიქცევა მაინც საჭიროა - უნდა ვნახოთ, დამოუკიდებლად სწავლის პროცესში, რამდენად კარგად უმკლავდება დავალებებს.
"არასოდეს გაუშვათ კარგი შეცდომა ხელიდან" - ეს სასკოლო ასაკია. კარგი შეცდომა ხელიდან არასდროს უნდა გავუშვათ. ნებისმიერ თემას, რომლებსაც სკოლაში გავდივართ, ერთ საკითხზე საკმაოდ დიდი დრო გაქვს, რომ მოსწავლეებმა შეცდომები დაუშვან, შეცდომების პერიოდი გადავლახოთ და მერე, როდესაც აბიტურიენტობის პერიოდი იქნება, იქ უკვე, შეცდომები აღარ დაუშვან. როდესაც ემზადებიან, რომ გამოცდები ჩააბარონ, შეცდომების დაშვების დრო აღარ არის. სამწუხაროდ, ბევრი არასწორად ფიქრობს, რომ მე-11-მე-12 კლასებში მშობლები კარგ რეპეტიტორთან მიიყვანენ, ამეცადინებენ და ყველაფერს ისწავლიან. მაგრამ აღარ არის ის ბედნიერი წუთები, როდესაც შეცდომების დაშვების დრო გვქონდა. სკოლაში შეცდომების დაშვების დროა. სკოლის მასწავლებელი ის ადამიანია, რომელიც შეცდომებს გპატიობს. მაგალითად, როდესაც პედაგოგი ახალი საკითხის ახსნას იწყებს, გარკვეულ პერიოდში შეცდომების დაშვების უფლებას არა თუ გაძლევს, ხშირად მასწავლებლები ჩვენთვითონვე ვუშვებთ შეცდომას, რომ მოსწავლეებს დავანახოთ, რომ შეცდომებისაგან დაზღვეულნი არ ვართ. მეორე, მოსწავლეს უნდა აჩვენო, რომ შეცდომა კატასტროფა არ არის. შენ თუ ამ შეცდომას შემოქმედებითად მიუდგები, შეგიძლია, გამოასწორო და 1-2 ნაბიჯის შემდეგ, შეგიძლია, იმ ადგილზე მიხვიდე, სადაც უკვე წარმატებული ხარ. მასწავლებელმა განმავითარებელი შეფასებით, თავისი სიტყვებით, თუნდაც გამოხედვით მოსწავლე წარმატებამდე უნდა მიიყვანოს და არა ის, რომ გაკვეთილის ახსნისთანავე ბავშვმა საკითხი აუცილებლად უნდა გაიგოს და იმ წუთშივე წარმატებული იყოს.
მაღალ კლასებში ხშირად შეგვიმჩნევია, რომ მოსწავლეები რუტინას მიჩვეულები არ არიან. არის გარკვეული წესები, რომლებსაც უნდა ვემორჩილებოდეთ. თუ ბავშვი რამდენჯერმე გარკვეულ რუტინას შეასრულებს და დაიმახსოვრებს, რომ საშინაო დავალება, პირობითად, ფურცლის შუაში იწერება, შემდეგ თარიღი მოდის, ამით არაფერი დაშავდება და არც საძნელოა რაიმე.
თუ მოსწავლე პირობას კარგად ასრულებს და შენ მას სანაცვლოდ რაიმეს დაჰპირდი, შენც უნდა შეასრულო. მოტივაცია ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც მომავალი მასწავლებლები პედაგოგიურზე სწავლობენ, მოტივაციის თეორიებს ვასწავლით, თუ როგორ შეიძლება, მოსწავლეს მივუდგეთ, რომ მოტივაცია ავუმაღლოთ. თუმცა, ეს მოტივაცია მუდმივად გარეგან მოტივაციად არ უნდა დარჩეს, რომ ბავშვმა მხოლოდ ამის გამო გააკეთოს რაღაცები. განვიხილოთ ერთი მაგალითი: დელფინი წყლიდან ამოხტა, თევზი მივაწოდეთ, ბედნიერია. შემდეგ ისევ ამოხტება იმის გამო, რომ თევზი მივცეთ... ინსტინქტების დონეზე არ უნდა დარჩეს და თავიდან ბოლომდე შინაგან მოტივაციაში უნდა გადავიდეს. მოსწავლე შიგნიდან უნდა გრძნობდეს, რატომ უნდა ისწავლოს და რისთვისაა ეს მნიშვნელოვანი.
თუ შვილთან ის მიდგომა ჭრის, რომ ჯერ, პირობითად, ითამაშებს და შემდეგ იმეცადინებს, შეიძლება, გამოვიყენოთ. თუმცა, აქაც ზღვარს არ უნდა გადავიდეთ. ასე არ არის, რომ ბავშვმა ღამის 9 საათამდე ითამაშოს და შემდეგ დაიწყოს მეცადინეობა. უნდა არსებობდეს დრო, რომელსაც დაემორჩილება. დასვენებაც შემოქმედებითი უნდა იყოს. თუ ბავშვი ქართულისა და მათემატიკის დავალებების შესრულებას შორის, ხელში გაჯეტს აიღებს, ეს ნიშნავს, რომ კვლავ ინფორმაციის წყაროს იღებს. დროის გადანაწილებაც ინდივიდუალურია. გაკვეთილზე 15 წუთის შემდეგ, მოსწავლე რამდენიმე წუთით თუ არ შეასვენე, კონცენტრაცია ქვეითდება. იმავეს უნდა აკეთებდეს მშობელიც. როდესაც მოსწავლეს კონცენტრაცია უჭირს, პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, რაიმე დარღვევასთან ხომ არ გვაქვს საქმე. როდესაც ერთი და იმავე ქმედებას რამდენჯერმე ვამეორებინებთ და მაინც ვერ სწავლობს, ასეთ შემთხვევაში, ცხადია, სპეციალისტთან უნდა გადავამისამართოთ. თუ დარღვევის პრობლემა არ არის და მოსწავლეს უბრალოდ კონცენტრირება უჭირს, ყველაზე დიდი მიზეზი, რაც ასეთ დროს არსებობს, გაჯეტების გამოყენებაა.