სოციალური ქსელებში ყოველდღიურად უამრავი ისეთი ადამიანი ჩნდება, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ადამიანებს რაღაცები უნდა ასწავლონ. შემუშავებული აქვთ საკუთარი რეცეპტები, ზოგი მათგანი წონაში კლებაზე საუბრობს, ზოგი - კონკრეტული დაავადებების მკურნალობის ხალხურ მეთოდებზე, ზოგიერთი ადამიანებს მათი ბედის გამოცნობაში ფულს ახდევინებს და ასე შემდეგ. ალბათ, უამრავი მსგავსი ვიდეო გვინახავს. სამწუხაროდ, ყველა მეთოდი უწყინარი არ არის და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
ბოლო დღეებია მედიაში რუსი ბლოგერის შესახებ საუბრობენ. 40 წლის ეკატერინა კრასნოვას "ბინძურ მკურნალს" უწოდებენ. ქალი ამტკიცებს, რომ ცივილიზაციის უპირატესობებსა და მიღწევებზე უარის თქმა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება...
"იმისათვის, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნო, სექსსა და კვებაზე უარი ვთქვი." - წერს ქალი საკუთარ ბლოგზე და ამბობს იმასაც, რომ ამ გზით ენერგია კიდევ მეტად მოემატა.
რუსი ქალი უკვე წლებია, წყალს არ სვამს და მხოლოდ ნატურალურ წვენებს მიირთმევს. საგანგაშო არის ის, რომ საკუთარ შვილებსაც აიძულებს, ასე მოიქცნენ.
ინტერნეტში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ ბლოგერი 3 წელია, თავს არ იბანს. როგორც ეკატერინა ამბობს, როდესაც ადამიანები შხაპს იღებენ, ისინი საკუთარ კარმას ასუფთავებენ:
"რაც უფრო უარესად მისდის ადამიანს საქმე, მით მეტჯერ ცდილობს თავის დაბანას. სურს, რომ მთელი ეს ჭუჭყი ჩამოირეცხოს. მე ეს არ მაქვს. სუფთა, ლამაზი ცხოვრებით ვცხოვრობ. ადამიანებს საკვების გამო ძალიან ცუდი სუნი აქვთ. ისინი ხორცს მოიხმარენ, რომელიც სხეულში იშლება. მშვენიერი სუნი მაქვს და დაბანა არ მჭირდება." - ამბობს 40 წლის ბლოგერი.
ვიდეოში გამოჩნდა ბავშვი, რომელიც ეკატერინას სიტყვებს ეთანხმება და ამბობს, რომ ისიც ასე ცხოვრობს.
სოციალურ ქსელებში მისმა გამომწერებმა განგაში ატეხეს. ადამიანები წერდნენ, რომ ბავშვს ტუჩები აქვს დახეთქილი და არაჯანსაღად გამოიყურება. ეს ყველაფერი კი საკვების დეფიციტითა და ბანაობაზე უარის თქმითაა განპირობებული. ხალხი წერდა, რომ შესაბამის ორგანოებს მიმართავდნენ, თუმცა მოხდა თუ არა რაიმე ტიპის რეაგირება, უცნობია.
ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე წერდნენ, რომ კრასნოვა არა მხოლოდ თავს, არამედ არც სხეულს იბანს და პატარა შვილებსაც აიძულებს, ასე მოიქცნენ.
ცნობილია, რომ ქალი 10 წლის განმავლობაში ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. როგორც თავად ამბობს, დამოკიდებულებას თავი საკვებზე, წყალზე, ბანაობასა და სექსზე უარის თქმით დააღწია...
40 წლის ბლოგერი ახლა ვაჟთან და ქალიშვილთან ერთად ეგვიპტეში ცხოვრობს. არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, რომ უკიდურესი შიმშილისა და არაჰიგიენური პრაქტიკის ამგვარი პროპაგანდა ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ისინი გამოძიების დაწყებას ითხოვენ.