გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში 27 თებერვლამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება:
- 19 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში სინოპტიკური სიტუაცია დაიძაბა. 20-21 თებერვლიდან კი ცივი ჰაერის მასები აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელდა, რაც 27 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ამინდს განაპირობებს. საქართველოში არამდგრადი ამინდი 27 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება.
სიცივის შემოჭრამ, მთელ საქართველოში, ნალექთან ერთად, ტემპერატურა საგრძნობლად დაწია. თოვლის საფარმა მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოიმატა. ასევე, ამჟამად დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზოლზე დიდი რაოდენობის ნალექია მოსული. ბათუმსა და ქობულეთში გუშინ მთელი დღე თოვდა და ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ქარი ერთოდა. თოვა ამ რეგიონში დღესაც შენარჩუნდება. ქარის ძალა შესუსტდება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებს, თოვა იმერეთის, სამეგრელოს, გურიის რეგიონში მოიმატებს. შედარებით სუსტი თოვაა მოსალოდნელი რაჭასა და მესტიის რეგიონში. დღის განმავლობაში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში +3, +5 გრადუსია მოსალოდნელი. რასაც ვერ ვიტყვით მთიან და მაღალმთიან რაიონებზე, სადაც სვანეთის რეგიონში ღამის საათებში ყინვა -21 გრადუსამდეა მოსალოდნელი. არანაკლებია გურიის მაღალმთიან რეგიონებში. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურაც უარყოფითი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარის შედარებით ნოტიო და ნალექიანი ამინდი გავრცელდება და 27 თებერვლამდე თოვლს ველოდებით. შიდა ქართლშიც 27 თებერვლის ჩათვლით ითოვებს. დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, ამიტომ ავტობანზე შესაძლებელია, ქარბუქიც იყოს. ქარბუქს არ გამოვრიცხავთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც, სადაც 27 თებერვლის ჩათვლით სუსტი თოვა შენარჩუნდება. ყინვები ღამისა და დღის განმავლობაში ფიქსირდება. გზებიც მოიყინება, ამიტომ მგზავრობა უფრო საფრთხილო იქნება.
ბაკურიანის რეგიონში თოვდა. თოვლის საფარმა 90 სანტიმეტრს მიაღწია. არ არის გამორიცხული, რომ 1 მეტრსაც გადააჭარბოს. თოვლის საფარის სიმაღლე სვანეთის რეგიონში, რაჭის ტერიტორიაზე 50-დან 80 სანტიმეტრამდე იყო. თოვლის საფარის მომატებაა მოსალოდნელი საკურორტო ზონებში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
დედაქალაქშიც არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება. დროგამოშვებით როგორც დღეს, ასევე შემდეგ დღეებში, მოსალოდნელია, დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება, რომელიც დედაქალაქში თოვლის მოსვლას შეასუსტებს, მაგრამ სუსტი თოვა მაინც შენარჩუნდება. ღამის საათებში -4, -6 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა 27 თებერვლამდე +2, +4 გრადუსამდეა მოსალოდნელი. 28 თებერვლიდან დედაქალაქში ყინვის მომატებაა მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, -7, -8 გრადუსი და მეტიც დაფიქსირდეს. ეს ეხება 1-ელ და 2 მარტსაც. მაგრამ მზის ძალა მაინც იგრძნობა, ამიტომ დღის მაქსიმალური ტემპერატურა 28 თებერვალსა და 1-ელ მარტს +6, +9 გრადუსის ფარგლებში იქნება.