შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებების ინექციებმა, როგორიცაა "ოზემპიკი" და მსგავსი პრეპარატები, რომლებსაც ბევრი ადამიანი მთელ მსოფლიოში წონაში სწრაფად კლების მიზნით იყენებს, დიდ ბრიტანეთში ათობით ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ამის შესახებ მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის მარეგულირებელ ადგილობრივ სააგენტოს (MHRA) მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა The Times იტყობინება. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პრეპარატის გამოყენებით სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალური მონაცემებით, იანვრის ბოლოსთვის წონის დასაკლები საშუალების გამოყენების შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა. გარდა ამისა, 60 ადამიანის გარდაცვალება ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ დაკავშირებული პრეპარატის გამოყენებას დაუკავშირეს. გავრცელებულმა ინფორმაციამ დიდი შეშფოთება გამოიწვია. მით უმეტეს, რომ ეს მხოლოდ ბრიტანეთის მონაცემებია და მსოფლიოში ასობით არის პრეპარატის მსხვერპლი...
"ოზემპიკის" დამსახურებით არაერთმა ცნობილმა ადამიანმა დაიკლო წონაში. ზოგი ამის შესახებ ხმამაღლა საუბრობს, ზოგი კი ინფორმაციას მალავს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მარტო ინგლისში "გასახდომ ინექციებს" 500 000 ადამიანი იკეთებს. "ოზემპიკი" და მისი მსგავსი პრეპარატები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ელი ოსბორნმა, ოპრა უინფრიმ და ილონ მასკმა ღიად ისაუბრეს, რომ სწორედ "ოზემპიკის" გამოყენებით დაიკლეს წონაში.
სელენა გომესზე, კრისტინა აგილერაზე, კიმ კარდაშიანზე, სერენა ულიამსზე, კეტი პერიზე და სხვა არაერთ ცნობილ ადამიანზე, რომლებმაც წონაში მოულოდნელად და მოკლე მონაკვეთში დაიკლეს, საუბრობენ, რომ ეს შედეგი სწორედ "ოზემპიკის" გამოყენებას უკავშირდება. თუმცა, ისინი ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის პრეპარატების დანიშნულების გარეშე მიღება არაერთ გვერდით მოვლენას იწვევს. მათ შორისაა, ისეთი სერიოზული გართულებები, როგორებიცაა სიბრმავე, კბილების ცვენა, უწყვეტი დიერეა და სხვა. მაგალითად, ქეით მოსის ნახევარდამ, მოდელმა ლოტი მოსმა თქვა, რომ "ოზემპიკის" დოზის გადაჭარბების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს...
ამიტომაც, სპეციალისტები შეშფოთებას გამოხატავენ, რომ აღნიშნულ პრეპარატებს ადამიანი სრულიად განსხვავებული დანიშნულებით იყენებენ, ეს კი შეუქცევად პროცესებს იწვევს.