განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი გადაცემაში "შუადღე“ სასკოლო სივრცეში დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საგნობრივი სტანდარტების გადამუშავება მიმდინარეობს:
- სკოლა ზრდის მოქალაქეს და იქ მიმდინარე პროცესები თითოეული ჩვენგანისთვის უაღრესად საინტერესოა. 2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები გადამუშავდა. ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში განისაზღვრა ის ძირითადი დაკვეთა, თუ რა მოეთხოვება სკოლას - როგორი მოქალაქე უნდა გაზარდოს მან. ეს ზოგადი განათლების კონსტიტუციაა და საგნობრივი სტანდარტების გადამუშავებას სწორედ მან მისცა ორიენტირი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების გადამუშავება 20 წლის შემდეგ მოხდა. მთავარი პრიორიტეტები, დაკვეთა, სამინისტრომ, სახელმწიფომ სკოლას მისცა. ეს დაკვეთა ასე გამოიხატება - ჩვენი იდენტობის ცოდნა, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, პატრიოტიზმი, მთავარი ფაბულა რაც არის, ასევე ჩვენი ისტორია, მრავალკულტურულობა, მრავალეთნიკურობა და, რა თქმა უნდა, გლობალური მოქალაქის აღზრდა. ოჯახის ინსტიტუტის ცოდნა, მოქალაქის ვალდებულებები და რაც მთავარია, ვერც ერთი მოსწავლე მოქალაქედ ვერ ჩამოყალიბდება და სკოლა მთავარ დაკვეთას ვერ შეასრულებს, თუკი, პირველ რიგში, მას საკუთარი ქვეყნის ისტორიას არ ასწავლიან და საკუთარ ქვეყანას არ შეაყვარებენ. აქედან გამომდინარე ხდება სწორედ გლობალური მოქალაქის ფორმირება. ეს არის ჩვენი დაკვეთა. სწორედ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები განაპირობებს და კარნახობს, თითოეული საგნის ჭრილში, როგორი სტანდარტი უნდა დაიდოს.
2024 წელს თითოეული საგნის მიხედვით სამუშაო ჯგუფები შეიქმნა. 17 საგანზეა საუბარი და მოხდა გადამუშავება. სამუშაო ჯგუფებში იყვნენ მასწავლებლები, ექსპერტები, როგორც აკადემიური წრიდან, ასევე სასკოლო საზოგადოებიდან. 2024 წლის განმავლობაში ამ სტანდარტს ამუშავებდნენ. ახლა ყველაზე მთავარ ეტაპზე ვართ მისული - როგორ მივაწოდოთ ეს პროექტი მასწავლებლებს, სასკოლო საზოგადოებას. პროექტები მათ უკვე გადავუგზავნეთ, მივეცით გონივრული ვადა, რომ უკუკავშირი მოგვცენ. მართლა გვინდა, რომ ღირებული უკუკავშირი მივიღოთ. ცალკე ფეისბუკის გვერდი შევქმენით, სადაც სტანდარტებს განვიხილოთ. მათ უკუკავშირის მოცემა შეუძლიათ. ცალკე საგნობრივი მიმართულებით ლინკი გაკეთდა, სადაც მასწავლებლები უკუკავშირს აფიქსირებენ. 3 დღეში ერთხელ ჩვენი ექსპერტები ამ უკუკავშირებს აგროვებენ.
ვგეგმავთ, რომ მარტის თვეში საბოლოო პროექტებს თავი მოვუყაროთ და სტანდარტის დამტკიცება მოხდეს. სტანდარტი თავისი ფორმით ისეა შედგენილი, რომ საგანთა შორის კავშირები უნდა იყოს. მაგალითად, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია ამოგლეჯილად თავ-თავის ამბავს კი არ უნდა ჰყვებოდეს, ერთმანეთთან კოლაბორაციაში უნდა იყოს. აუცილებელი გახდა არა მხოლოდ სტანდარტების გადამუშავება, ასევე სახელმძღვანელოს კონცეფციის შეცვლაც. ექსპერტული სამუშაო ჩატარებულია. ეს არის პროექტი, რომელიც საბოლოო სახით ჩამოყალიბდება. ჯერ მხოლოდ დაწყებითი და საბაზო საფეხურის პროექტზე ვსაუბრობთ, რომელსაც საშუალო საფეხურის სტანდარტიც მალე წაჰყვება.
გამომცემლობებს დეტალური კონცეფცია სახელმძღვანელოების კუთხით მაინც სჭირდებათ. კონცეფციები ბოლოსკენ მიდის. ვფიქრობთ, რომ სასკოლო საზოგადოებას ესეც გავუზიაროთ. ერთია დოკუმენტი, რომელსაც ხედავ, რომ კარგია, მეორეა, როცა კონკრეტული საგნის ჭრილში კონცეფციას დავინახავ. მაგალითად, ვნახავ, რას უნდა მოიცავდეს ისტორიის სახელმძღვანელო ან კლასის მიხედვით რა უნდა ისწავლებოდეს. გაწერილი იქნება, რომელსაც ვერც გამომცემლობა ასცდება და ვერც ავტორი.
სიახლეა ისიც, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, საბაზო საფეხური აქამდე 9 წელი იყო, ახლა 10 კლასის ჩათვლითაა. ამ საფეხურის ზემოთ აწევის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საბაზო საფეხურის მიმართულება განიტვირთოს. ასევე, როდესაც მოსწავლეს უცხოეთში საბაზო საფეხურით სწავლის გაგრძელება მოუნდება, 10 კლასით პირდაპირ აღიარებენ.