"ჩემს 10 წლის გოგონას გამოვუცვალეთ სკოლა. წინა სკოლაში არასოდეს ჰქონია კლასელებთან კომუნიკაციის პრობლემა. ეზოშიც ურთიერთობს თანატოლებთან, არასოდეს შემიმჩნევია ჩაკეტილობა, თანატოლებთან შეუთავსებლობა. ამიტომ როცა სკოლის შეცვლის საჭიროება დადგა, არ მიფიქრია, რომ შეგუება გაუჭირდებოდა. ახალ სკოლაში კი აღმოჩნდა, რომ მასთან ურთიერთობა არავის უნდა. ბავშვები არ ეკონტაქტებიან, არ ეთამაშებიან. ვერ ვიტყვი, რომ დასცინიან და აბულინგებენ, მაგრამ სრულიად გარიყული ჰყავთ, იგნორირებას უკეთებენ და ბავშვიც საშინლად განიცდის. დამრიგებელს მივმართე, მაგრამ არანაირი შედეგი არ მოჰყვა. როგორ დავეხმარო და რა არის გამოსავალი?" - ამ შეკითხვით მკითხველმა სოციალური ქსელის საშუალებით მოგვმართა.
ამ პრობლემაზე ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი გვესაუბრება - როგორ უნდა მოემზადოს მშობელი და ბავშვი სკოლის ცვლილებისთვის ისე, რომ პროცესი ნაკლებად მატრავმირებელი აღმოჩნდეს:
- დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, მშობელი ბავშვს ახალი სკოლისა და გარემოსთვის როგორ შეამზადებს. უნდა ავუხსნათ, რომ იქ მას დახვდებიან ისეთი ბავშვები, რომლებიც ერთმანეთს დიდი ხანია, იცნობენ, მეგობრობენ. უმჯობესია, საკუთარი თავის წარდგენა და ინიციატივის გამოჩენა ვასწავლოთ. ხშირ შემთხვევაში, როდესაც საკლასო ოთახში შეშინებული, დაბნეული ბავშვი შედის, თანაკლასელები ცდილობენ, მას მოერიდონ. კი არ გარიყონ, არამედ მის პირად სივრცეს პატივი სცენ. ისინიც გრძნობენ, რომ ბავშვს მათთან ურთიერთობის ეშინია. როდესაც ის მათ მიმართ ინტერესს არ ამჟღავნებს და პირიქით, შეშინებული ცალკე დგება, საპასუხო ქცევა მათგან გარიყვად და ძალადობად კი არ აღიქმება, არამედ არც იმ ბავშვებმა იციან, როგორ დაიწყონ ურთიერთობა. პატივისცემას ასე გამოხატავენ და მის პირად საზღვრებს არ არღვევენ.
ბავშვებს საკუთარი გრძნობების გამხელა, სურვილების გაჟღერება უნდა ვასწავლოთ. ეს მათ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, უნდა ვუთხრათ, რომ ყოველთვის შეუძლია, დახმარება ითხოვოს - თუ თავს ცუდად გრძნობს, კლასის დამრიგებელს, მასწავლებელს მიმართოს. ასევე, განვუმარტოთ, რომ ის იმ გარემოში ზედმეტი არ არის და შეიძლება, თანაკლასელებისთვის ძალიან სასურველი მეგობარი გახდეს. უბრალოდ, ამისთვის, დრო და კომუნიკაციაა საჭირო.
თუმცა, შესაძლოა, ბავშვს ახალ კლასში მტრული გარემოც დახვდეს და მასთან კომუნიკაცია არა შიშის, არამედ საკუთარი წესების გამო არ მოინდომონ. კლასში ხშირად ბავშვები რამდენიმე ჯგუფად არიან დაყოფილნი და მეგობრობენ. მათ თავიანთ ჯგუფში ახალი ადამიანის "მიღება" უჭირთ. ბავშვი ამისთვისაც უნდა შევამზადოთ და ვუთხრათ, რომ თანაკლასელებს ნელ-ნელა დაუმეგობრდება.
ასეთ სიტუაციაში პედაგოგი აუცილებლად უნდა ჩაერთოს. რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რა ფორმით ჩაერთვება. თუ მასწავლებელი ბავშვებს დირექტივებით მიმართავს და ავალებს, რომ ახალ მოსწავლესთან ითამაშონ, ეს ბრძანების შესრულებას უტოლდება. იმწუთას შეიძლება, მასწავლებლის დავალება შეასრულონ, მაგრამ შემდეგ მასთან თამაშზე კვლავ უარი თქვან. ამის ნაცვლად, ჯობს, პედაგოგმა ისეთი აქტივობები, თამაშები დაგეგმოს, რაც ბავშვებს გააერთიანებს და ისინი კომუნიკაციას ბუნებრივად შეძლებენ. ასეთ შემთხვევაში, პოზიტიური განწყობა და მეგობრობა უნებურად ჩამოყალიბდება.
- საკითხს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ, რადგანაც მოზარდობის ასაკში ბავშვებს სხვა არაერთი შიში და კომპლექსი აქვთ. ჯობს, მათთან წინასწარ განვიხილოთ, თუ რატომ გვიწევს სკოლის შეცვლა. ასევე, აუცილებლად უნდა ვკითხოთ, აქვს თუ არა ამის სურვილი. ანალოგიურად, მოზარდიც ინფორმირებული უნდა იყოს, ეს ყველაფერი რის გამო ხდება. უმეტესად, მოზარდები ირჩევენ იმ სკოლას, სადაც სანაცნობო წრე ჰყავთ. ეს უსაფრთხოების განცდას უქმნით. შევეცადოთ, რომ მისი აზრიც გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, მას ყველა შემთხვევაში ბოლომდე ვერ მოვერგებით. თუმცა, აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ და მისი აზრის გათვალისწინებაც ვცადოთ. შესაძლოა, ადაპტაცია ბევრად უფრო გაუჭირდეს იმის გამო, რომ მოზარდს საკუთარი თავის მიღება უჭირს. თავისი თავი არ მოსწონს და ფიქრობს, რომ არც სხვას მოეწონება... ამიტომ, როდესაც ასეთი დიდი ცვლილება იგეგმება, სასურველია, მოზარდის თვითშეფასების ამაღლებაზე ვიზრუნოთ, დადებითი მხარეები გამოვყოთ, მცირედი მიღწევებისთვისაც კი ხშირად შევაქოთ და პოზიტიური კომუნიკაცია დავამყაროთ.
ბავშვის ცხოვრებაში ნებისმიერი ცვლილება, თუ მას მშობელი სწორად არ განუმარტავს, შესაძლოა, ტრავმად ჩამოყალიბდეს. ამიტომ, უფროსებს განსაკუთრებული როლი გვაქვს. სიახლის მიწოდების შესახებ მშობლებმა წინასწარ უნდა იფიქრონ და გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვს მისთვის გასაგებად არსებული სიტუაცია ავუხსნათ. გარემოც შესაბამისი უნდა იყოს. შევეცადოთ, რომ მშვიდ სივრცეში დავსვათ, მოვეფეროთ და სკოლის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება ავუხსნათ. ხშირად სკოლის შეცვლას გარკვეული წინაპირობა აქვს. შესაძლოა, იქ ბავშვი თავს კომფორტულად არ გრძნობს და მშობელს სურს, სხვაგან გადაიყვანოს. ან შეიძლება, კერძო სკოლაში დაჰყავთ და ფინანსური მდგომარეობის გამო, საჯარო სკოლაში გადაყვანა უწევთ. მიზეზი სხვადასხვანაირია. პირველ რიგში, სწორად უნდა ავუხსნათ, რატომ ხდება ეს ცვლილება მის ცხოვრებაში, რომ მან გააზრება შეძლოს. გარდა ამისა, ბავშვებს სიახლეების მიღება აუცილებლად უნდა ვასწავლოთ. ამაში მათი ინტერესი ჩავრთოთ - ვესაუბროთ, რომ ახალ გარემოში დამკვიდრება საინტერესოა, რომ იქ ახალ მეგობრებს შეიძენს, სხვა ადამიანებს გაიცნობს, განსხვავებულ სივრცეს აითვისებს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელი შფოთავს, ნერვიულობს, განიცდის, მას ეს ემოცია აუცილებლად გადაეცემა და თავადაც ნერვიულობს, მოსალოდნელი სიახლის შესახებ შიში უჩნდება. ამიტომ, პირველ რიგში, მსგავსი ცვლილებისთვის საკუთარი თავი მოვამზადოთ და ინფორმაცია ბავშვს შემდეგ მივაწოდოთ.
- პირველ რიგში, ამ ცვლილებების თავად ნუ შეგეშინდებათ. გარკვეული ტიპის შფოთვა, ალბათ, მაინც გვექნება, თუმცა გამძაფრებული შიში ბავშვზეც აისახება. ამიტომ, სიტუაცია კარგად შეისწავლეთ და ცვლილებისკენ პოზიტიურად განეწყვეთ.
მეორე, შვილებს სრულყოფილი ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდეთ. ნუ იფიქრებთ, რომ პატარაა და ვერაფერს გაიგებს, ვერ მიხვდება... პირიქით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბავშვი სიმართლეს ბევრად უკეთესად გაიგებს, ვიდრე არარეალურ ისტორიებს. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ინფორმაციით არ უნდა დავსტრესოთ. ჯობს, რეალობასთან ახლოს, მისთვის მისაღები ფორმით ვესაუბროთ.
მესამე, როდესაც შვილი სხვა გარემოში გადაგვყავს და ვხედავთ, რომ პირველ ეტაპზე მას ბავშვებთან ურთიერთობა უჭირს, აუცილებლად ჯერ დამრიგებელს ვესაუბროთ. უშუალო კომუნიკაცია პედაგოგთან გვქონდეს და არა შვილის თანაკლასელებთან. სიტუაციის მოგვარებას მასწავლებლის დახმარებით შევეცადოთ. ბავშვების ურთიერთობაში პირადად ნუ ჩავერევით. ზოგჯერ მშობლები ძალით ცდილობენ, ბავშვები დაამეგობრონ ან პირიქით, სიტუაციის გამოსწორება აგრესიული ფორმით უნდათ, რაც სრულიად არაეფექტურია. ძალიან კარგია, თუ დასვენების დღეებში ბავშვებთან და მათ მშობლებთან შეხვედრას, გასეირნებას დაგეგმავთ. ან გაკვეთილების შემდეგ სახლისკენ ერთად წავალთ. ბავშვებს მივცეთ საშუალება, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. შემდეგ ისინი დამეგობრებას ბუნებრივად მოახერხებენ.
თამარ იაკობაშვილი