1981 წლის მარტში გერმანიის ქალაქ ლიუბეკში სასამართლო 7 წლის ანა ბახმაიერის მკვლელობის საქმეს იძიებდა. ბრალდებულმა კლაუს გრაბოვსკიმ აღიარა, რომ ბავშვი დაახრჩო. თუმცა, ის უარყოფდა, რომ მის მიმართ რაიმე გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. მკვლელი ამბობდა, რომ მას პატარა ანა ემუქრებოდა და ფულს სძალავდა...
1981 წლის 6 მარტს გოგონას დედამ, მარიანა ბახმაიერმა, სასამართლო დარბაზში ჩუმად შეიტანა პისტოლეტი Beretta 70 და დამნაშავეს 8 ტყვია ესროლა... ბრალდებული ადგილზე გარდაიცვალა, მარიანა კი ციხეში მკვლელობისთვის ჩასვეს. ეს ამბავი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია სწორედ ამ ფაქტის გამო და მასზე მოგვიანებით ფილმიც გადაიღეს.
ამ ამბავმა ჯერ გერმანია შეძრა, შემდეგ კი მთელი მსოფლიო. თავდაპირველად საზოგადოება მარიანას მხარეს დადგა. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც მისი ბიოგრაფიის დეტალები გაიგეს, "შურისმაძიებელი დედის" დაგმობა დაიწყეს...
მარიანა ბახმაიერი 1950 წლის 3 ივნისს დასავლეთ გერმანიის პატარა ქალაქ სარსტედტში დაიბადა. მისი მამა Waffen-SS-ის ყოფილი წევრი იყო, ყოფილი ნაცისტი, და მას არაკეთილსინდისიერ ადამიანად ახასიათებდნენ. ომის შემდეგ მამაკაცმა რაღაცნაირად შეძლო რეაბილიტირება და საკუთარი ბარი გახსნა, თუმცა ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და სიმთვრალეში ცოლ-შვილს სასტიკად სცემდა. მარიანას დედა მამაკაცს მალევე დაშორდა...
მალევე მარიანას დედა მეორედ დაქორწინდა. თუმცა, სამწუხაროდ, მეორე ქმარიც მოძალადე აღმოჩნდა. მართალია, ის ალკოჰოლზე დამოკიდებული არ ყოფილა, მაგრამ მაინც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა.
მარიანა ლამაზი ბავშვი იყო, რომელსაც ყურადღება და ზრუნვა აკლდა და ხშირად იყო მარტო თუ შინ და თუ გარეთ. 9 წლის ასაკში თავს ტრაგედია დაატყდა - გოგონა მეზობელმა გააუპატიურა... დედას და მამინაცვალს „სირცხვილის" შეეშინდათ, ამიტომ პოლიციას არ შეატყობინეს. ბავშვზე არც ფსიქოლოგს უზრუნია. პირიქით, გოგონას, რომელმაც სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმა მიიღო, უფროსები მოუწოდებდნენ, რომ გაჩუმებულიყო...
გასაკვირი არ არის, რომ მარიანა ძალიან პრობლემური მოზარდი გახდა. მშობლები მომხდარის აკონტროლებდნენ და ძალიან მკაცრად ექცეოდნენ. ერთ დღესაც, 15 წლისა სახლიდან გაიქცა და ქუჩაში სრულიად მარტო, უფულოდ აღმოჩნდა...
მარიანა ჰიპების კომუნას შეუერთდა. დაიწყო თავისუფალი ცხოვრება, ურთიერთობები, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებული გახდა. მალევე დაორსულდა და 16 წლის ასაკში ბავშვი გააჩინა... გოგონა დედობისთვის მზად არ იყო, ამიტომ პირველი ბავშვი გააშვილა.
18 წლის ასაკში ის ისევ დაორსულდა. თუმცა, მისმა მეგობარმა ბიჭმა ამ ამბის შესახებ რომ გაიგო, მისი ცხოვრებიდან გაქრა. ამჯერად მარიანა შვილის აღზრდას აპირებდა, თუმცა თავს ისევ ტრაგედია დაატყდა - მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე ის კვლავ გააუპატიურეს. მარიანამ მოძალადის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, თუმცა კაცი ამტკიცებდა, რომ ეს ძალადობა არ ყოფილა და ორივე მხარის თანხმობით მოხდა. ამიტომ, ის არ დაუკავებიათ... მარიანამ მეორე ბავშვიც გააშვილა.
22 წლის ასაკში მარიანა ქალაქ ლიუბეკში დასახლდა. ბარში მუშაობდა. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ქალი ამ ბარის მფლობელი იყო. ზოგი კი ამბობს, რომ ის იქ მიმტანად მუშაობდა.
მალევე მარიანამ რომანი ბარის ერთ-ერთ თანამშრომელთან, კრისტიან ბერტოლდთან გააბა და მესამედ დაორსულდა... ბავშვის მამა ქალის ცხოვრებიდან ორსულობის ამბის გაგებისთანავე გაუჩინარდა. თუმცა, მარიანამ ბავშვის გაჩენა მაინც გადაწყვიტა.
1972 წლის 14 ნოემბერს მარიანას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ანა დაარქვა. ამის შემდეგ გადაწყვიტა მილები გადაეკეტა, რომ აღარასდროს დაორსულებულიყო...
ქალი მალევე მიხვდა, რომ სიტუაცია არასწორად შეაფასა: მარტოხელა დედის ცხოვრება სულაც არ იყო ადვილი. ძიძა ვერ დაიქირავა, ამიტომ ბავშვი სამსახურში დაჰყავდა.
ანა ფაქტობრივად ბარში გაიზარდა. მარიანა ყველანაირად ცდილობდა მზრუნველი მშობელი ყოფილიყო, მაგრამ ბავშვი სრულიად შეუფერებელ გარემოში იმყოფებოდა. ხედავდა, როგორ ჩხუბობდნენ მთვრალი სტუმრები, უხამს სიტყვებს ამბობდნენ, სვამდნენ. მარიანა ქალიშვილს თავადაც ხშირად უყვიროდა და მერე ნანობდა. ბარი შუადღიდან შუაღამემდე მუშაობდა და სამუშაოს დასრულების შემდეგ იძინებდა. პატარა ანა ხშირად დედაზე ადრე დგებოდა და თავად უვლიდა საკუთარ თავს, ჭამდა, რასაც ნახავდა, თამაშობდა და ცდილობდა დედა არ გაეღვიძებინა... მერე კი ისევ ხელახლა იწყებოდა - სკოლა, ბარი, მთვრალი ხალხი, ქაოსი...
მარიანა მის მინდობით აღზრდაში გადაყვანაზეც ფიქრობდა, რომ ბავშვს ბარში ცხოვრება აღარ გაეგრძელებინა...
სირთულეების მიუხედავად, მეგობრები და მეზობლები ანას მეგობრულ, ხალისიან და აქტიურ ბავშვად ახასიათებდნენ.
კლაუს გრაბოვსკი არაერთ დანაშაულში იყო ბრალდებული, თუმცა ისე ახერხებდა, რომ ბრალს ვერ უმტკიცებდნენ. 1973 წელს გრაბოვსკიმ ბავშვის გატაცება პირველად სცადა. თუმცა 6 წლის გოგონამ იმხელა ხმაზე იყვირა, მისი შველა მოახერხეს. გატაცების მცდელობისთვის მას მხოლოდ ერთწლიანი პირობითი პატიმრობა შეეფარდა...
1975 წელს გრაბოვსკიმ ორი ბავშვი გააუპატიურა... თუმცა, მამაკაცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს და მალევე გაათავისუფლეს. პარალელურად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1976 წლიდან 1978 წლამდე კლაუსი იღებდა ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც ლიბიდოს აქვეითებდა. შემდეგ მან პრეპარატების მიღება შეწყვიტა და ოჯახის შექმნა გადაწყვიტა.
1980 წელს კლაუს გრაბოვსკი თავის საცოლესთან ერთად მარიანას სახლის გვერდით გადავიდა საცხოვრებლად და ყასბობა დაიწყო. მამაკაცი მშვიდი, სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ანას თავის კატებთან თამაშის უფლებას აძლევდა და არანაირ აგრესიას არ ავლენდა. მეზობლებმაც მისი მძიმე წარსულის შესახებ არაფერი იცოდნენ.
1980 წლის 5 მაისი - მარიანასა და ანას წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ იმ დილას ერთმანეთს უკანასკნელად ნახავდნენ. სწორედ იმ დილით დედა-შვილმა იჩხუბა. ანა რაღაცას აპროტესტებდა, მარიანა კი გაბრაზდა, სკოლის ჩანთა მისცა და უთხრა, რომ მარტო წასულიყო, თავად აღარ გააცილებდა... სკოლა მათ სახლთან ძალიან ახლოს იყო. ანა იქამდეც მარტო რამდენჯერმე წასულა. მაგრამ, იმ დილით გოგონა ძალიან გაბრაზებული იყო და გაკვეთილების გაცდენა გადაწყვიტა...
კლაუს გრაბოვსკიმ სევდიანი გოგონა შეამჩნია და სახლში მიიწვია. ანას რამდენიმე საათის განმავლობაში აუპატიურებდა. შემდეგ, საცოლის დახმარებით ბავშვი დაახრჩო, ცხედარი ყუთში ჩააგდო და არხის ნაპირზე დატოვა. საღამოს გოგონა სახლში რომ აღარ დაბრუნდა, მარიანა შეშფოთდა. პოლიციას დაურეკა და ცხედარი საკმაოდ მალე იპოვეს, კლაუს გრაბოვსკიმ კი დანაშაული აღიარა. თუმცა თქვა, რომ მოკლული გოგონა მას აშანტაჟებდა, თავად იწვევდა, რაღაცებს აბრალებდა და ამიტომ, იძულებული გახდა ის დაეხრჩო. სექსუალურ ძალადობას უარყოფდა. პროცესის განმავლობაშიც პატარა გოგონასა და მის დედას შეურაცხყოფას აყენება და უამრავ ტყუილს იგონებდა...
მარიანა შესაძლოა, იდეალური დედა არ იყო, მაგრამ მას საკუთარი შვილი უყვარდა. გრიბოვსკის ადვოკატებს ისე მიჰყავდათ საქმე, რომ მამაკაცს ციხეში კი არა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსებდნენ და მერე გაათავისუფლებდნენ. მარიანა ამდენ უსამართლობასა და ტყუილს ვეღარ ეგუებოდა... 1981 წლის 6 მარტს ქალმა გადაწყვიტა, სამართალი თავად აღესრულებინა. მან იარაღი შეიტანა სასამართლოში და მოძალადე დარბაზშივე მოკლა...
მარიანა განზრახ მკვლელობისთვის დააპატიმრეს. ამბავმა ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია... თავდაპირველად, ქალს ყველა მხარს უჭერდა. მეტიც, ადვოკატებისთვის ფულის შეგროვებაც კი დაიწყეს, რომ მარიანა ციხიდან დაეხსნათ და მისი მოტივი გაემართლებინათ. ამის მიუხედავად, მარიანას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს...
ვიდრე გამოძიება მიმდინარეობდა, პრესაში მარიანას პირადი ცხოვრების დეტალები განიხილებოდა. მალევე საზოგადოების განწყობა შეიცვალა და ქალს შვილის მიმართ უყურადღებობაში დასდეს ბრალი. მასვე ადანაშაულებდნენ გოგონას ტრაგედიაში. შემდეგ მარიანას მშობლებზეც დაწერეს, რომ მათ 15 წლის შვილი სახლიდან გააგდეს და მისი ცხოვრების კიდევ მეტად დამახინჯება სწორედ იმ პერიოდიდან იწყება... დამნაშავეს ყველა მხარეს ეძებდნენ. სხვები კი ამბობდნენ, რომ როგორც არ უნდა ყოფილიყო, კლაუსი გოგონას მაინც მოკლავდა. ის სერიული დამნაშავე იყო და საკუთარი ქმედებების დამალვა მხოლოდ დროებით მოახერხა...
მარიანამ მოგვიანებით აღნიშნა, რომ თავიდან მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა და იმედოვნებდა, სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა. მაგრამ, როცა მიხვდა, რომ სასტიკი დამნაშავე ციხეს თავს არიდებდა, მისი მოკვლა გადაწყვიტა.
მარიანა ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მისი ისტორია რეჟისორებისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა და სამი მხატვრული და უამრავი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს.
გათავისუფლებული მარიანა სკოლის მასწავლებელზე დაქორწინდა და 1985 წელს განაში წავიდა ემიგრაციაში. ხუთი წლის შემდეგ წყვილი დაშორდა და ბახმაიერი სიცილიაში გადავიდა საცხოვრებლად. ქალი ჰოსპისში, ევთანაზიის განყოფილებაში მუშაობდა. როდესაც პანკრეასის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, გერმანიაში დაბრუნება გადაწყვიტა. ქალი 1996 წელს, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის შვილის გვერდით დაკრძალეს.