ახლახან თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, მედიის თვალწინ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მწვავე შელაპარაკება მოხდა. ამ საუბარში აქტიურად იყო ჩართული აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელმაც ზელენსკის მიმართ მკაცრი და დამამცირებელი ტონი გამოიყენა.
ჯეიმს დევიდ ვენსი 40 წლისაა. ის მიდლტაუნში, ოჰაიოს შტატში დაიბადა, მისი ნამდვილი სახელი და გვარია ჯეიმს დონალდ ბოუმენი. იგი აპალაჩის რეგიონში გაიზარდა, სადაც სიღარიბე, უმუშევრობა და ნარკოდამოკიდებულება ძალიან გავრცელებული პრობლემა იყო. გამონაკლისს არც მისი ოჯახი წარმოადგენდა. ვენსის ბავშვობა საკმაოდ რთული იყო. ღარიბი ოჯახი მუდამ ფინანსურ პრობლემებს ებრძოდა, ამას ნარკოდამოკიდებული დედაც ემატებოდა.
ვენსის დედა, ბევ ვენსი, ექთანი იყო, მაგრამ ნარკოტიკების (განსაკუთრებით ჰეროინის) დამოკიდებულების გამო მუდმივად ებრძოდა პირად და ფინანსურ პრობლემებს. მას არაერთი ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა მამაკაცთან, რის გამოც ჯეი დის ბავშვობა არასტაბილური იყო. ის ხშირად ხდებოდა ოჯახური კონფლიქტებისა და ძალადობის მსხვერპლი.
ვენსის მამამ ოჯახი მიატოვა, თუმცა მოგვიანებით მშობლებმა ურთიერთობა აღადგინეს. ამ რთულ გარემოში ჯეი დის გადარჩენაში განსაკუთრებული როლი მისმა ბებიამ და ბაბუამ, დედის მშობლებმა, შეასრულეს, რომლებსაც ის "მამაუ" და "პაპაუს" უწოდებდა.
ბებიამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მის აღზრდაში, განუვითარა ბრძოლისუნარიანობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
ბავშვობაში ვენსი ნიჭიერი იყო, მაგრამ მუდმივ სტრესს და ემოციურ არასტაბილურობას განიცდიდა ოჯახური გარემოს გამო. მიუხედავად ამისა, შეძლო სკოლის დასრულება და მოგვიანებით სამხედრო სამსახურში შევიდა, რაც მის ცხოვრებაში გარდამტეხ მომენტად იქცა.
თავისი რთული ცხოვრების გზა მან მემუარებში, Hillbilly Elegy აღწერა. გადმოსცა, როგორ გაიზარდა ღარიბ, რთულ ოჯახში, როგორია აპალაჩის რეგიონში ცხოვრება და როგორ შეიძლება ასეთი სირთულეების გადალახვა წარმატებისთვის.
"ჩემი ბებია იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე სტაბილური საყრდენი, მისი სიყვარული და მხარდაჭერა დამეხმარა სირთულეების გადალახვაში." - წერს იგი თავის წიგნში.
ვენსი აშშ-ის საზღვაო ქვეითებს შეუერთდა და ერაყის ომშიც მიიღო მონაწილეობა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, რომელიც მას სწავლის დაფინანსებაში დაეხმარა, სწავლა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო და ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ხოლო შემდეგ, უნივერსიტეტში მოპოვებული გრანტით, სამართლის დოქტორის ხარისხი იელის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მოიპოვა. სწორედ ამ დროს შეიცვალა გვარი და დედის, ანუ ბაბუის გვარზე გადავიდა. ასე გახდა ბოუმანი ვენსი.
ვენსმა იელის უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო მომავალი მეუღლე, ინდური წარმოშობის უშა ჩილუკური. უშა ასევე არ არის მდიდარი ოჯახიდან. ის ინდოელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მისი მშობლები პირველი თაობის ემიგრანტები იყვნენ აშშ-ში. მიუხედავად ამისა, მისი ოჯახი დიდ ყურადღებას უთმობდა განათლებას და შრომისმოყვარეობას, რამაც უშას საშუალება მისცა წარმატებული კარიერა აეწყო.
წყვილს სამი შვილი ჰყავს და ცინცინატიში, ოჰაიოს შტატში ცხოვრობენ..
ვენსი ფართო საზოგადოებამ გაიცნო მისი ავტობიოგრაფიული წიგნის "Hillbilly Elegy" (ჰილბილი ელეგია) მეშვეობით, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა. ეს ნაშრომი ბესტსელერი გახდა და საფუძვლად დაედო 2020 წლის ფილმს, სადაც ვენსის როლს გაბრელ ბასო ასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ ვენსი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში, მისი პირადი ცხოვრება შედარებით დახურულია. ცნობილია, რომ ვენსი არის ღრმად მორწმუნე ქრისტიანი და აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი ეკლესიის ცხოვრებაში. ასევე, მას უყვარს თევზაობა და ნადირობა, რაც ბავშვობიდან მოსწონდა.
"ჩემი ოჯახი არის ჩემი მოტივაცია და ძალა. ჩემი მეუღლე და შვილები მაძლევენ მიზეზს, ვიყო უკეთესი ადამიანი და ვიმუშაო უკეთესი მომავლისთვის." - ამბობს ვენსი.
ვენსი ტრამპის პოლიტიკურ ორბიტაზე თანდათანობით გამოჩნდა. დასაწყისში, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ვენსი ტრამპის კრიტიკოსი იყო და საჯაროდ აკრიტიკებდა მას. თუმცა, დროთა განმავლობაში მისი პოზიცია შეიცვალა და ის ტრამპის მხარდამჭერი გახდა.
2022 წელს ვენსმა ოჰაიოში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი და შემდეგ აშშ-ის სენატის არჩევნები მოიგო, სადაც ტრამპის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. სენატში ყოფნის პერიოდში ის ტრამპის ერთ-ერთი ერთგული მომხრე გახდა.
ტრამპმა ვენსი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 2024 წლის ივლისში დაასახელა, რესპუბლიკური პარტიის ყრილობის წინ. მისი შერჩევა ნაწილობრივ განპირობებული იყო იმით, რომ ვენსს შეეძლო საშუალო დასავლეთის შტატების, განსაკუთრებით ოჰაიოს, ამომრჩევლების მოზიდვა, ასევე ახალგაზრდა თაობის წარმოდგენა და მუშათა კლასის ინტერესების დაცვა.
ვენსის ტრამპის მომხრედ გადაქცევას ექსპერტები საინტერესო პოლიტიკურ ევოლუციას უწოდებენ.
ვენსი მანამდე თავს "ნევერ-ტრამპერად" მოიხსენიებდა, რაც "ტრამპის არასდროს მხარდამჭერს" ნიშნავს.
თუმცა, დროთა განმავლობაში, რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია მისი პოზიციის ცვლილება.