51 წლის მსახიობი ედრიენ ბროუდი მეორე "ოსკარის" მფლობელი გახდა. მეორე ჯილდოც მეორე მსოფლიო ომისგან დაზარალებული ებრაელის როლმა მოუტანა, რომელიც ფილმში "ბრუტალისტი" შეასრულა.
ედრიენ ბროუდი ნიუ-იორკში დაიბადა 1973 წლის 14 აპრილს. ედრიენის დედა ცნობილი ფოტოჟურნალისტი სილვია პლაჩია, მამა კი - ისტორიის მასწავლებელი და მხატვარი ელიოტ ბროუდი. მამა პოლონურ-ებრაული წარმომავლობისაა, დედა - უნგრელი არისტოკრატისა და ჩეხი ებრაელის ოჯახიდან. ორივე მხრიდან ედრიენს ებრაული ფესვები აქვს.
ედრიენი ამბობს, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე. ძალიან ცელქი და მოუსვენარი იყო და ყველა გამოცდილებას და ფანტაზიას თამაშში იყენებდა. "ჩემში ყოველთვის ცხოვრობდა მსახიობი" - ამბობს ედრიენი, რომელიც 12 წლისა, დედის მხარდაჭერით, საბავშვო საღამოებზე წარმოდგენებს მართავდა და ფოკუსებს უჩვენებდა ბავშვებს. მის წარმოდგენებს "საოცარი ედრიენი" ერქვა.
მის უჩვეულო გარეგნობას დედა ფოტოგრაფიაშიც იყენებდა და ხშირად უღებდა ფოტოებს. მსახიობი ამბობს, რომ სწორედ დედის დამსახურებით ისწავლა კამერასთან მუშაობა.
სკოლის წლებში ლა გარდიას სამსახიობო სკოლაშიც დადიოდა. ამაშიც მშობლებმა შეუწყვეს ხელი და ყველანაირად გვერდით ედგნენ, რადგან ხედავდნენ მის ნიჭს და მსახიობობის სიყვარულს. მოგვიანებით მან კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია დაამთავრა.
გარკვეულ ხანს ფორტეპიანოზე დაკვრასაც სწავლობდა. მართალია, სწავლა არ დაუმთავრებია, თუმცა დაკვრა ძალიან გამოადგა სამსახიობო კარიერაში, განსაკუთრებით, ფილმ "პიანისტში", რომლისთვისაც პირველი "ოსკარი" მიიღო.
სამსახიობო კარიერა 1988-2001 წლებში დაიწყო. თავიდან ტელევიზიაში მუშაობდა და პატარა როლებს ასრულებდა კინოში. სარეკლამო რგოლებშიც იღებდნენ და თეატრშიც სცდიდა ბედს. პირველი მთავარი როლი კი რეჟისორმა დევიდ დემ ანდო ფილმში Home at Last.
1993 წელს სტივენ სოდერბერგის დრამაში "მთის მეფე" ითამაშა და ამ როლით მიიქცია რეჟისორების და კრიტიკოსების ყურადღება. მსოფლიო წარმატება კი მოუტანა რომან პოლანსკის "პიანისტმა". თავად ყვებოდა, რომ ამ ფილმში გადაღებების დროს შოპენის ნაწარმოებებს დღე და ღამ სწავლობდა და იზეპირებდა, ძალიან ბევრს შრომობდა და 13 კილოგრამი მოიკლო...გადაღებებს უკავშირდება მისი გატეხილი ცხვირიც. ფილმ "სემის სისხლიანი ზაფხული" გადასაღებ მოედანზე ფინალური ჩხუბის დროს გაუტეხეს ცხვირი. თუმცა ედრიენმა ოპერაცია არ გაიკეთა - ასეთი გარეგნობით უფრო გამორჩეული ვიქნები სხვა მსახიობებისგანო. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაიტეხა ცხვირი გადაღებებზე.
ამ თემაზე ბოლო ინტერვიუშიც იხუმრა. მისი მონათხრობის თანახმად, "ბრუტალისტის" გადაღებებზე გრიმიორს ეგონა, რომ ცხვირზე პროთეზი ჰქონდა და მოცილებას ცდილობდა. "მოშორებას ცდილობ? - ვკითხე გრიმიორს და დამეთანხმა. "არა, ეგ არ შორდება, ჩემია", - ღიმილით მოყვა 51 წლის მსახიობმა. მისი თქმით, ვიზაჟისტმა მოგვიანებით ბოდიში მოუხადა.
მსახიობს რამდენიმე ქალთან ჰქონდა რომანი, თუმცა ჯერჯერობით არ დაქორწინებულა და არც შვილი ჰყავს. ბოლო დროს მის გვერდით ბრიტანელი მსახიობი და მოდელიერი ჯორჯინა ჩაპმანია.