წელს "ოსკარების" ცერემონიაზე ბევრი სიურპრიზი იყო. ამერიკელი მსახიობის კირან კალკინის "ოსკარი" მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში "ნამდვილი ტკივილი" არავის გაკვირვებია, თუმცა მისმა სიტყვამ სცენაზე, ბევრი აღაშფოთა.
საქმე ისაა, რომ კირანს არც მშობლები უხსენებია, რომლებმაც (განსაკუთრებით - მამამ) მის წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, და არც ცნობილი უფროსი ძმა - "მარტო სახლში"-ს ვარსკვლავი მაკოლეი კალკინი. სამაგიეროდ, ვრცელი ოხუნჯობა მიუძღვნა ცოლს და მისი ორი შვილის დედას - ჯაზს. "ჯაზ, ძალიან მიყვარხარ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ცოლს აბსოლუტურად ყველაფრისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, რომ ჩვენი შვილები მაჩუქა. გთხოვთ, მუსიკა გამორთეთ, რადგან მინდა პატარა ამბავი მოვყვე ჯაზზე... დაახლოებით ერთი წლის წინ ასეთივე სცენაზე ვიდექი და ძალიან სულელურად საჯაროდ გამოვაცხადე, რომ მესამე შვილი მინდოდა, რადგან მანამდე ჯაზმა მითხრა, რომ თუ იმ ჯილდოს მივიღებდი, კიდევ გააჩენდა შვილს... აღმოჩნდა, რომ ეს იმიტომ თქვა, არ ეგონა, თუ გავიმარჯვებდი. შეცბა და წვეულების შემდეგ მომიტრიალდა, გეფიცებით, ასე იყო ნამდვილად და მითხრა: "მეოთხეს გავაჩენ, როცა "ოსკარს" მიიღებ... მერე კი ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ამის მერე ეს თემა აღარ წამომიწევია".
როგორც ცნობილია, კირანი კალკინების დიდი ოჯახის წევრია. 1982 წელს დაიბადა ნიუ-იორკში, ბროდვეის ყოფილი მსახიობის კრისტოფერ კორნელიუს კალკინის და ტელეფონისტ პატრიცია ბრენტრაპის ოჯახში. კირანი მეოთხე იყო, შვიდ ბავშვს შორის. მას ოთხი ძმა ჰყავს, მათ შორის, მასზე ორი წლით უფროსი მაკოლეი, და ორი და.
მისი სამსახიობო დებიუტიც მცირე ასაკში შედგა - 2 წლისა მანჰეტენის თეატრში თამაშობდა. შემდეგ კინოშიც მოხვდა - მაკოლეის ეკრანულ ძმას თამაშობდა ფილმში "მარტო სახლში".
ბავშვების მამა, კრისტოფერი, აქტიურად ცდილობდა შვილების გაპოპულარულებას. ხოლო მაკოლეის წარმატების შემდეგ, დანარჩენი შვილებისთვისაც ცდილობდა კინოში გზის გაკვალვას. თუმცა მაკოლეისგან განსხვავებით, კირანი ბავშვობაში ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს თამაშობდა, რადგან მამას მიაჩნდა, რომ კირანს არ ჰქონდა ფინანსურად მომგებიანი ხიბლი და მის კონტრაქტებს ისე არ განიხილავდა და აპროტესტებდა, როგორც მაკოლეის შემთხვევაში ხდებოდა, რომლისთვისაც მილიონებს ითხოვდა ჰონორარის სახით. შედეგად, როცა 1996 წელს მაკოლეიმ გადაწყვიტა დროებით კინოდან წასვლა, კირანი და მისი უმცროსი ძმა რორი აქტიურად აგრძელებდნენ კინოში თამაშს.
სანამ ძმა ჩრდილში იყო, კირანისთვის ნელ-ნელა გამოჩნდა საინტერესო როლები. 1998 წელს ითამაშა მთავარი როლი ფილმში "გოლიათი", ხოლო სერიალ "მემკვიდრეობაში" შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის - "ემი". ახლა უკვე "ოსკარის" მფლობელიცაა.
2013 წლიდან არის დაქორწინებული ჯაზ ჩარტონზე. წყვილს ორი შვილი ჰყავს - კინზი სუ და უაილდერ ვულფი.