"მარტში ცალკეულ დღეებში შესაძლოა, ტემპერატურამ +25, +26 გრადუსამდე მოიმატოს" - როგორი ამინდი გველოდება მიმდინარე კვირისა და მარტის თვის განმავლობაში - მშობლები

"შესაძლოა, ტემპერატურამ +25, +26 გრადუსამდე მოიმატოს" - როგორი ამინდი გველოდება მიმდინარე კვირისა და მარტის თვის განმავლობაში

2025-03-04 09:56:51+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე გადაცემაში "იმედის დილა" მიმდინარე კვირისა და მარტის თვის ზოგადი პროგნოზის შესახებ საუბრობს:

- კვირის დასაწყისში დაბალი ტემპერატურები შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში 5 მარტს ყველაზე დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. დაბლობში -5 გრადუსამდე დაიწევს. კვირის ბოლოსკენ ტემპერატურა მოიმატებს. ღამის ტემპერატურა -1, +4 გრადუსის ფარგლებში იქნება. დღის ტემპერატურა კვირის ბოლოსთვის მნიშვნელოვნად მოიმატებს. დაბლობ რაიონებში +15, +16 გრადუსამდე იქნება. მთიან რაიონებში +10, +12 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში +8, +10 გრადუსი. თუმცა, ეს კვირის ბოლოსკენაა მოსალოდნელი. კვირის დასაწყისში შედარებით დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება ისევე, როგორც აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისში.

ბაკურიანსა და გუდაურში ტემპერატურა კვირის ბოლოსკენ მოიმატებს. ღამის ტემპერატურა კვლავ მინუსებში ნარჩუნდება, თუმცა ყინვა შერბილდება. დაახლოებით, -7, -8 გრადუსამდე იქნება. კვირის ბოლოს დღის ტემპერატურა მოიმატებს და +6, +7 გრადუსამდე იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ მარტი საკმაოდ დაბალი ტემპერატურითა და თოვლით დაიწყო, მომდევნო დღეებში ტემპერატურა მოიმატებს. უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნალექს საერთოდ არ უნდა ველოდოთ. მარტში ნორმასთან შედარებით ნაკლები ნალექია მოსალოდნელი. ტემპერატურა საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალი იქნება. ცალკეულ დღეებში, უფრო თვის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართველოში +25, +26 გრადუსამდეც მოიმატებს ტემპერატურა. აღმოსავლეთ საქართველოშიც ცალკეულ დღეებში მაღალი, +23, +24 გრადუსამდე იქნება.