მარიამ არაბული, 37 წლისაა. ის 10 შვილის დედაა და მეთერთმეტეს ელოდება. თავად დედისერთაა. ოცნება, რომ და-ძმა ჰყოლოდა, არ აუხდა. სამაგიეროდ, საკუთარ შვილებს ბევრი დედმამიშვილი აჩუქა. მარიამ არაბულის დიდი და ფერადი ოჯახის შესახებ საინტერესო სიუჟეტი "იმედის დღემ" მოამზადა:
- დედისერთა ვარ. ის სითბო და სიყვარული მაკლდა, რაც და-ძმებს აქვთ. ჩემი ბავშვებიდან გამომდინარე, მგონია, რომ უფროსი შვილები დები არიან. არ მქონია იმის შიში, რომ ვერ გავზრდიდი. მეც, ჩემი მეუღლეც ვწვალობთ, რომ ბავშვებს წინსვლა ჰქონდეთ, არ გაგვიჭირდეს. რთულია, მაგრამ ერთი ფრაზა მაქვს: "წინ იარე". ეს ვიცი და გულში სულ ამას ვფიქრობ - რაც არ უნდა გასაჭირი და პრობლემა იყოს, წინ უნდა ვიარო.
პირველი წარუმატებელი ორსულობის შემდეგ, მარიამ არაბულმა და მისმა მეუღლემ პირობა დადეს, რომ თუკი შვილი ეყოლებოდათ, მას აუცილებლად ბევრ და-ძმას აჩუქებდნენ და მრავალშვილიანი მშობლები გახდებოდნენ. პირობა შეასრულეს, დღეს უფროსი შვილი 15 წლის, უმცროსი კი 10 თვისაა.
- ბევრისგან გამიგია: "ამდენი შვილი ჰყავთ?", "რად უნდათ?", "მოუვლელები იქნებიან", "რაღაც დააკლდებათ". უფროსები რომ პატარები იყვნენ, მაშინ უფრო მიჭირდა. ახლა, ამ პერიოდში არ მიჭირს. ზოგს ჰქონია, რომ პირველ, მეორე, მესამე შვილს რამეს მოვაკლებ. არავითარ შემთხვევაში... მართალია, დიდი შრომის შედეგია, მაგრამ ყოველთვის მინდა, რომ ჩემი შვილი არავისზე ნაკლები არ იყოს.
მარიამ არაბულს 9 გოგო და 1 ბიჭი ჰყავს. ამბობს, რომ მისთვის შვილის სქესს მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. მე-11 ბავშვის სქესიც არ იცის და როგორც თავად აღნიშნავს, არც აქვს მნიშვნელობა.
მარიამ არაბული ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს და საყვარელი საქმე შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდაც აქცია.
- მეც არ ვიცი, დროს როგორ ვანაწილებ. მაგრამ, ყოველთვის მრჩება იმდენი, რომ ბავშვებს გამოვკითხო, რა ხდებოდა დღის განმავლობაში. ჩემთვის თითოეული მათგანის წარმატება და წინსვლა მნიშვნელოვანია.