2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ წინა წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არსებული ცოდნის შემოწმების მიზნით, მე-11 კლასელებიც დარეგისტრირდნენ. ისინი უნივერსიტეტში ჩარიცხვებში მონაწილეობას არ იღებდნენ, მაგრამ გამოცდის შედეგად, შეეძლოთ, თავიანთი ცოდნა განესაზღვრათ.
თუმცა, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, წელს გამოცდაზე არ დაიშვებიან ის მოსწავლეები, რომლებიც დამამთავრებელ კლასში არ სწავლობენ.
"გაითვალისწინეთ, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან." - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცენტრში გვითხრეს, მე-11 კლასელებს, დარეგისტრირების შემთხვევაში, საგამოცდო ბარათები არ დაუმზადდებათ.
2025 წლის აბიტურიენტთა ცნობარი ხვალ გამოქვეყნდება.
თამარ იაკობაშვილი