2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყო და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელები გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.
ამ ვადის ამოწურვის შემდეგ სარეგისტრაციო განაცხადში შესაძლებელი იქნება მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შეტანა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის ცნობარი გამოაქვეყნა. სწორედ ცნობარზე დაყრდნობით, გაგიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს, რომლებიც საგამოცდო პროცესში დაგეხმარებათ:
2025 წელს აბიტურიენტები სამი საგნის შედეგის მიხედვით ჩაირიცხებიან.
გამონაკლისია შემდეგი პროგრამები:
ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამები (დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები) ჩარიცხვისათვის აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს შემდეგი საგნები:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- უცხოური ენა;
- ბიოლოგია;
- მათემატიკა, ქიმია ან ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს).
სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამები ამ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველი აბიტურიენტისათვის სავალდებულოა როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა (შემოქმედებითი ტური), ასევე შემდეგი საგნების ჩაბარება:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- უცხოური ენა.
სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და კიდევ ერთ-ერთი დამატებითი საგანი. ცნობარში საგანმანათლებლო პროგრამის თაობაზე ინფორმაციასთან ერთად მითითებულია, თუ რომელი საგნის ჩაბარება შეუძლიათ აბიტურიენტებს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად.
თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ დააწესებს დამატებით გამოცდას, აბიტურიენტს თავად შეუძლია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ჩააბაროს ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მისთვის სასურველი საგანი.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესი
- მთავრობის დადგენილების შესაბამისად, 2025 წელსაც გაიცემა 100%-იანი, 70%-იანი და 50%- იანი სასწავლო გრანტები.
- სწავლების ერთ საფეხურზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა მხოლოდ ერთხელ!
- სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესაძლებლობა აქვს იმ აბიტურიენტსაც, რომელმაც წინა წლებში მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება და სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
- თუ აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვა გრანტი და ჩაირიცხა საგანმანათლებლო პროგრამაზე მას გრანტი გამოყენებულად ეთვლება.
- ორი ან მეტი არჩევითი საგნის ჩაბარების შემთხვევაში, ერთ-ერთ მათგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერ გადალახვის (ჩაჭრის) ან გამოცდაზე არგამოცხადების გამო აბიტურიენტი მაინც შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.
სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე;
- ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირზე, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის 1 აგვისტომდე განაცხადებს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს;
- იმ პირებზე, რომლებიც არააკრედიტებულ პროგრამებზე მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას;
- იმ პირებზე, რომლებსაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი ერთხელ მიღებული და გამოყენებული აქვთ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე
აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესი:
აბიტურიენტი აკადემიურ პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სამი საგნის შედეგის გათვალისწინებით - ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენისა და მათემატიკის/ისტორიის/გეოგრაფიის/სამოქალაქო განათლების/ლიტერატურის/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/ფიზიკის/ქიმიის/ბიოლოგიის გამოცდებში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით. აბსოლუტური ქულაზე დაყრდნობით იქმნება რანჟირების დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია აბიტურიენტთა სია ქულის შესაბამისად, უმაღლესი ქულიდან უმდაბლესისკენ. აბიტურიენტები დაფინანსებას მოიპოვებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური პროგრამისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.
იგივე წესი მოქმედებს ჯანდაცვის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების (დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამების) შემთხვევაში, სადაც ასევე 4 საგნის ჩაბარებაა სავალდებულო. ამ პროგრამებზე აბსოლუტური ქულა გამოითვლება:
სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს: ქართული ენა და 23 ლიტერატურა, უცხოური ენა და უმაღლესი სასწავლებლის მიერ პროგრამის მიხედვით დაწესებული ერთი გამოცდა.
აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს ენიჭება წონა. საგამოცდო საგნის წონა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5.
ინფორმაცია საგამოცდო პროცესის შესახებ
გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება: ფორმატი ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.
- აბიტურიენტი ცხადდება საგამოცდო ბარათზე მოცემულ საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს.
- რეგისტრაციის გავლამდე აბარებს ზედმეტ ნივთებს.
- რეგისტრაციის გავლის შემდეგ იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში.
- აბიტურიენტი მიიღებს პასუხების ფურცელს და ფურცელს შავი სამუშაოსათვის, ასევე გამოცდით გათვალისწინებულ დამხმარე მასალას (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა). აბიტურიენტს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შავი ფერის გელიანი (ე. წ. ტუშის) კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
- ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი (შტრიხკოდისა და მაგიდის ნომრები იდენტურია).
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს).
- სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.
- ყველა საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის სივრცესა და სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა, ჩაიწერება მთელი საგამოცდო პროცესი.
- საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს, გადატანილია თუ არა პასუხების ფურცელზე სტანდარტული ფრაზა, ასევე, აბიტურიენტის პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აბიტურიენტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით და ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებს ნამუშევარს.
- საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
წესები, რომლებიც უნდა დაიცვას აბიტურიენტმა გამოცდის მიმდინარეობისას
- აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათზე მითითებული განრიგის მიხედვით აღნიშნულ მისამართზე და გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება!
- რეგისტრაცია იწყება გამოცდამდე ერთი საათით ადრე (აბიტურიენტის ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო).
- აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება - ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
- აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით), პირადი ჰიგიენის ნივთებისა და, სურვილის შემთხვევაში, შავი ფერის გელიანი (ე. წ. ტუშის) კალმისა (0,5-0,7 მმ ბურთულიანი წვერით).
გაითვალისწინეთ, რომ აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან:
- ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე. წ. „შპარგალკის“, მობილური ტელეფონის, ელექტრო საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
- წესრიგის უხეში დარღვევის, ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის, ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
- ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
ნაშრომი არ გასწორდება, თუ:
- პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია;
- აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს;
- პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.
პირველადი შედეგების გამოცხადება - სად და როგორ შეიტყობენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?
ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები - აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა. ყველა აბიტურიენტს ასევე ექნება შესაძლებლობა, შედეგებთან ერთად ნახოს პასუხების ფურცლები და სურვილის შემთხვევაში, ამობეჭდოს.
აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე. იგი თავისი პირადი ნომრისა და პაროლის (ხუთნიშნა კოდი) მითითებით შედის საკუთარ გვერდზე, შეაქვს სასურველი ცვლილებები და ინახავს ინფორმაციას შენახვის ღილაკის გამოყენებით. ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლის.
აბიტურიენტთა ცნობარს ვრცლად გაეცანით ბმულზე.
თამარ იაკობაშვილი