უფროსები ხშირად ვამაყობთ მეგობრებით, ურთიერთობებით და სინანულით ვიხსენებთ იმ დროს, როცა ურთიერთობები და კონტაქტები გაცილებით მჭიდრო და ცოცხალი იყო. მეგობრობას დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ადამიანისთვის ნებისმიერ ასაკში. მშობლები ამას კარგად აცნობიერებენ და წუხან, თუ ხედავენ, რომ მათ შვილს უჭირს მეგობრების პოვნა, ცოტა მეგობარი ჰყავს ან მათ შორის არ არის ნამდვილი მეგობარი.
ზოგიერთ მშობელს სურს შვილი მრავალრიცხოვანი მეგობრების გარემოცვაში იხილოს, ზოგს კი იმის ცოდნაც შვებას ჰგვრის, რომ მის შვილს თუნდაც ერთი, მაგრამ სანდო მეგობარი ეყოლება. სამაგიეროდ, ყველას გვაერთიანებს ერთი რამ — გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენს შვილებს თანატოლები იღებენ და აფასებენ. ამის მიუხედავად, მაინც ცდილობენ ხოლმე მშპბლები შვილებს თავიანთი შეხედულებები ადამიანებს შორის ურთიერთობაზე თავს მოახვიონ და ავიწყდებათ, რომ ბავშვთა მეგობრობა თავისი კანონებით ვითარდება.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ წარმოდგენები მეგობრობის შესახებ სწორედ ბავშვობაში ყალიბდება. როდესაც ახალფეხადგმული პატარები ქვიშას ნიჩბით ერთად ქექავენ, მათთვის უმნიშვნელოვანესი წარმოდგენები ყალიბდება ადამიანურ ურთიერთობებზე. "ჩემი - შენი", "არ შეიძლება წართმევა - საჭიროა გაცვლა" - ეს მომავალი კომუნიკაციების დასაწყისია. რა თქმა უნდა, ეს ჯერ არ არის მეგობრობა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მეგობრობის საჭიროება სამ წლამდე ასაკის ბავშვებში არ ჩნდება .
3-დან 5 წლამდე პატარების ურთიერთობებიც მეგობრობად მხოლოდ პირობითად შეიძლება ჩაითვალოს, უფრო თამაშში პარტნიორობაა. ვისთანაც საინტერესოდ და კონფლიქტების გარეშე გამოდის თამაში, ის არის მეგობარი. ბავშვის ამხანაგების დიდი რაოდენობა მეტყველებს იმაზე, რომ ის საკმაოდ კომუნიკაბელური, ურთიერთობაში მოქნილი და მშვიდობისმოყვარეა. ხოლო ეგოცენტრულ და ლიდერობისკენ აშკარა მიდრეკილების მქონე პატარას თანატოლებთან ურთიერთობები შეიძლება რთულად აეწყოს.
დაახლოებით 6-დან 9 წლამდე ბავშვები უკვე შეგნებულად ანიჭებენ უპირატესობას კონკრეტულ თანატოლებთან ურთიერთობას. თუ ორივეს ინტერესები ემთხვევა და ჩნდება ურთიერთგაგება, ისინი ერთმანეთს მეგობრებად მიიჩნევენ. მეგობრობა ამ ასაკში, როგორც წესი, სრულიად უანგაროა. ზოგჯერ ის გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ უფრო ხშირად სხვაგვარად ხდება: ზრდასთან ერთად ბავშვები სულ უფრო მეტად განსჯიან ერთმანეთს, მათი ინტერესების სფეროები შორდება, ჩნდება ახალი საინტერესო ნაცნობობები და ურთიერთობები ნელდება.
დაახლოებით ათი წლის ასაკიდან ბავშვი უკვე აცნობიერებს პასუხისმგებლობას მეგობრის წინაშე საკუთარი სიტყვებისა და საქციელისთვის, ესმის ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის აუცილებლობა. და რაც უფრო ახლოსაა მოზარდობის ასაკთან, მით უფრო მეტად სჭირდება:
ა) თანატოლთა ჯგუფი, რომელთა აზრიც მისთვის მნიშვნელოვანია (ე.წ. რეფერენტული ჯგუფი) და მის აზრებსაც ანგარიშს უწევენ;
ბ) ახლო მეგობარი, როგორც ღრმა ემოციური მიჯაჭვულობის ობიექტი.
მოზარდი (განსაკუთრებით ეს დამახასიათებელია გოგონებისთვის) განიცდის მწვავე საჭიროებას იმისა, რომ მოუსმინონ და გაუგონ. მისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ვიღაც იზიარებს მის გრძნობებს, ეჭვებსა და შფოთვებს, ვიღაც სერიოზულად აღიქვამს მის გატაცებებს. თუმცა, აქ არის ერთი ნიუანსი: მეგობრები და ზოგადად სოციალური წრე მოზარდზე კოლოსალურ გავლენას ახდენს, და ეს გავლენა ყოველთვის დადებითი არ არის.
ხშირად, მეგობრების მიბაძვით, ადრე ინტერესიანი ბავშვი კარგავს საკუთარ ინდივიდუალობას, აკეთებს თავისი ბუნებისთვის არადამახასიათებელ საქციელს და გონებრივ განვითარებაშიც კი რეგრესირებს. ამ შემთხვევაში მშობლების ტაქტიანი ჩარევა სიტუაციაში - მოზარდთან შენარჩუნებული კონტაქტის პირობებში - შესაძლოა სწორი იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ეფექტური არ არის.
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია, რადგან ყველა განსხვავებულია. ადამიანები ბავშვობიდანვე იყოფიან ექსტრავერტებად (ვისთვისაც ურთიერთობა ჰაერივითაა) და ინტროვერტებად (ვისაც უპირველესად განმარტოება და თვითანალიზი სჭირდება). რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც ამ განსაზღვრებებში არ ჯდება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სხვადასხვა ფსიქოტიპის წარმომადგენლებს არ შეიძლება ჰქონდეთ ერთნაირი მოთხოვნილება ურთიერთობაზე.
ზოგიერთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია თავისი ცხოვრების ყოველი მოვლენა გაუზიაროს მრავალრიცხოვან "ფრენდებს" სოციალურ ქსელებში. ზოგი კი გულში ფრთხილად ინახავს მისთვის მნიშვნელოვან განცდებს, გულმოდგინედ არჩევს სიტყვებს, რომ უამბოს მათ შესახებ საუკეთესო მეგობარს, და შემდეგ კიდევ წუხს, თუ მან ეს სრულად არ გაიზიარა. ორივე აბსოლუტურად ნორმალურია და მხოლოდ "მეგობრობის" ცნების აღქმის განსხვავებაზე მეტყველებს.
და მაინც, ნამდვილი მეგობრობა - ეს არ არის მხოლოდ ურთიერთობა. ეს არის ერთ-ერთი უმაღლესი ზნეობრივი ღირებულება, რომელსაც გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება. პიროვნების ტიპი აქ საერთოდ არაფერ შუაშია. შეიძლება მუდამ "თვითჩაღრმავებით" დაკავებული და მარტოობის მოყვარული ინტროვერტი უფრო ერთგული მეგობარი აღმოჩნდეს ვიდრე ენერგიული ექსტროვერტი და - პირიქითაც.
მეგობრობა - ეს, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობაა და თუ ჩვენ ამას არ ავუხსნით ჩვენს შვილებს, მათ შეიძლება ვერასოდეს გაიგონ, რა ბედნიერებაა - გყავდეს მეგობრები.