13 შვილის დედა, ნინო ბზვანელი, გადაცემაში "პრაიმშოუ" საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, შვილებს ლაღ და თავისუფალ გარემოში ზრდიდა:
- ჩემთვის მრავალშვილიანი დედები დედოფლები არიან. მათი მეუღლეები კი - მეფეები. ისინი თავისი ოჯახებით სამშობლოს წარმოადგენენ. ჩემო ლამაზო გოგონებო, ნამდვილად დედოფლები ბრძანდებით. 90-იანი წლები გამოვიარე. ის წლები, როცა ბავშვებისათვის პამპერსი არ არსებობდა, "პლიონკებით" ვზრდიდით. რეცხვით თითები გვქონდა გადაგლეჯილი. ეს პერიოდი გვაქვს გამოვლილი... მაგრამ, მე ის მაძლიერებდა, რომ ყველაზე დიდი სიკეთე, ყველაზე დიდი მადლი და ყველაზე დიდი თავდადება დედობაა. უფალი ამბობს, რომ მოყვასისთვის თავი დადეთო. ყველა მრავალშვილიანმა დედამ შვილების გაჩენით მოყვასისთვის თავი დადო. ამბობენ, როცა ქალი მშობიარობს, ცალი ფეხი სამარეში აქვსო. ძალიან დიდი რისკია. წარმოიდგინეთ, 9 თვე მუცლით ატარებ, შემდეგ აჩენ. მე, მაგალითად, ცამეტივე ფეხმძიმობაზე სრული 9 თვის განმავლობაში ტოქსიკოზი მქონდა. სულ გადასხმებს მიკეთებდნენ და ყველა მეუბნებოდა, გმირი ხარო. ძალიან რთული ორსულობები მქონდა. თუმცა, მშობიარობა ადვილი იყო. ჩემი მეუღლე მოძღვარია. გათხოვების მერე, სულ ორსულად ვიყავი. გვიან გავთხოვდი, 26 წლის ასაკში. ყოველ წელს ფეხმძიმედ ვიყავი. ჩემი მეუღლე პირჯვარს გადამსახავდა და მეუბნებოდა: "ღმერთმა მშვიდობით გამშობიაროს." სულ მლოცავდა. იუმორში, ხალისში ვზრდიდით შვილებს. შუქი რომ არ იყო, სულ პიანინოსთან ვიჯექი და ვცდილობდი, რომ გამეხალისებინა. სახლში სპექტაკლებს ვდგამდი.