2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5 მარტიდან დაიწყო და 2 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. წელს აბიტურიენტებს გამოცდებზე რამდენიმე სიახლე ელოდებათ:
- თუკი აქამდე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მათ საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელ საგანთა სიის შეცვლა აღარ შეეძლოთ, ახლა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვადას ახანგრძლივებს.უფრო ზუსტად, 3 აპრილიდან 10 აპრილის 18:00 საათამდე შეგიძლიათ, ჩასაბარებელი საგნების სია და საგამოცდო ქალაქი შეცვალოთ. თუ ახლა, პირობითად, რეგისტრაციის დროს 3 სავალდებულო საგანი აირჩიეთ, მაგრამ მეოთხეს დამატება გინდათ, ან რომელიმე არჩევითი საგნის შეცვლა გსურთ, შეგიძლიათ, ეს ცვლილებები 10 აპრილამდე განახორციელოთ. ასევე, 10 აპრილის 18:00 საათამდე შეგიძლიათ, სპეციალური პირობების აუცილებლობის შესახებ მიუთითოთ. ამის შემდეგ სპეციალური პირობების შესახებ განცხადებას აღარ დააკმაყოფილებენ.
- ასევე, თუ თანხა 2 აპრილის 18:00 საათამდე გადაიხადეთ, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ დარეგისტრირდით, რეგისტრაციის გავლა 10 აპრილის 18:00 საათამდე შეგეძლებათ. დაიმახსოვრეთ, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ სარეგისტრაციო განაცხადში მხოლოდ პროგრამების დამატებას ან წაშლას შეძლებთ. ჩასაბარებელ საგნებს, საგამოცდო ცენტრსა და სხვა დეტალებს ვეღარ შეცვლით.
- წელს სიახლეა ისიც, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მონაწილეობას ვერ მიიღებენ. წინა წელს გამოცდებში მონაწილეობა, საკუთარი ცოდნის შემოწმების მიზნით, მე-11 კლასელებმაც მიიღეს. თუმცა, წელს მათ ეს შესაძლებლობა აღარ ექნებათ. შესაბამისად, ზუსტად განსაზღვრავთ, რა რაოდენობის განაცხადია თქვენთვის სასურველ პროგრამებზე შეტანილი და როგორი კონკურსი გელოდებათ.
- 2025 წლის აბიტურიენტთა ცნობარში 3-წლიანი, 180-კრედიტიანი სასწავლო პროგრამებსაც შეხვდებით. წელს, პირველად, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამები აირჩიონ და სწავლა 4 წლის ნაცვლად, 3 წელში დაასრულონ.
- ცვლილებები შევიდა საგამოცდო პროგრამებშიც. წინა წლებისგან განსხვავებით, საგამოცდო პროგრამები შემცირდა. მაგალითად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, მათემატიკაში გარკვეული თემები ამოიღეს.
როგორც წესი, ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისის პირველ რიცხვებში იწყება. იქამდე აბიტურიენტები საგამოცდო ბარათს მიიღებენ, სადაც მითითებული იქნება, რომელ საგამოცდო ცენტრსა და დროებში მოუწევთ გამოცდების ჩაბარება.
თამარ იაკობაშვილი