ონკოქირურგი გიგა ფარფალია გადაცემაში "იმუნიტეტი" საქართველოში ფილტვის კიბოს გავრცელების სტატისტიკაზე საუბრობს და ასახელებს საყურადღებო ნიშნებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ:
- მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ფილტვის კიბო საკმაოდ აქტუალური თემაა. სამწუხაროდ, მაღალ ციფრებს აღწევს. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ვსაუბრობდით. გახსნის დღიდან ფილტვის კიბოთი პაციენტების მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. ხელშემწყობ ფაქტორად პირველადი ჯანდაცვის რგოლის არქონას ვთვლით. ვინც აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოდის, არანაირი პირველადი დიაგნოსტიკური კვლევები არ აქვს ჩატარებული. შესაბამისად, პაციენტები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მოდიან, მათ დიდ ნაწილს უკვე შორს წასული პროცესი აქვს. პაციენტი მოდის მაშინ, როდესაც უკვე აქტიური სიმპტომები უჩნდება. ესენია: ჰემოფტიზი, სისხლიანი ხველა, ტკივილი გულ-მკერდის, მხრის არეში. ხშირ შემთხვევაში, კვლევების შემდეგ ჩნდება, რომ პროცესი შორსაა წასული. ამ მხრივ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გახსნის დღიდან, პატარა სტატისტიკას ვაკეთებთ. ფილტვის დაავადებით მომართვიანობა ძალიან მაღალია.
თუ პაციენტს ფილტვის კიბო ადრეულ სტადიაზე აქვს გამოვლენილი, ქირურგიული ჩარევა საკმაოდ მაღალეფექტურია. დღევანდელ დღეს ქირურგიულმა და ონკოლოგიურმა სამსახურმა მიაღწია იმ დონეს, რომ საკმაოდ კარგ შედეგს აღწევს. თუმცა, ეს მხოლოდ პირველ და მეორე სტადიაზე მყოფ პაციენტებს ეხება.
პირველ რიგში, ფილტვის კიბოს განვითარების რისკ ჯგუფებში თამბაქოს მწეველები შედიან. პაციენტები ყურადღებას აუცილებლად უნდა აქცევდნენ სისხლიან ხველას, გულ-მკერდში ტკივილს. პრევენციისთვის წელიწადში ერთხელ დაბალდოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფია ან რენტგენოლოგიური გამოკვლევა მნიშვნელოვანია.