2005 წელს ამ ამბავს საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. უამრავი ადამიანი მსჯელობდა, კამათობდა ამაზე. რუმინელი პენსიონერი 66 წლის ასაკში პირველად გახდა დედა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. მაშინ ხალხი ორ ბანაკად დაიყო - ზოგი აღტაცებული იყო ქალის სითამამით, სხვები კი კიცხავდნენ ამ საქციელის გამო.
რუმინელი ადრიანა ილიესკუ უნივერსიტეტის ლექტორი იყო და საბავშვო წიგნებს წერდა. 20 წლისა გათხოვდა და ძალიან უნდოდა შვილი, თუმცა რამდენიმე მცდელობა ამაო გამოდგა. თავად ყვებოდა, რომ ნაადრევი აბორტი ჰქონდა აკეთებული მანამდე და ამან იქონია გავლენა. ქმარი არ იზიარებდა მის სურვილს, რომ ეცადათ კიდევ ბავშვის ყოლა ან აეყვანათ შვილი. ამიტომ მალე განქორწინდა.
შემდეგ წლები მოანდომა კრიერის აწყობას და აღარც გათხოვილა, ამიტომ ოცნება ოცნებად დარჩა...
როცა კარიერა აიწყო და 60 წელსაც გადააბიჯა, ქალი კვლავ მიუბრუნდა ძველ ფიქრებს და ექიმებს მიმართა. საბოლოოდ გადაწყვიტა, ხელოვნური განაყოფიერებისთვის მიემართა და ოცნება აეხდინა. არც ისე ადვილი აღმოჩნდა ეს გზაც - ორსულობა მალე წყდებოდა. მხოლოდ ბოლო მცდელობა აღმოჩნდა წარმატებული და ამ დროს ადრიანა უკვე 65 წლის იყო. მაშინ ბოლოჯერ სცადეს სამი ემბრიონის გადასმა მის საშვილოსნოში და სამიდან ერთი მიემაგრა, გადარჩა.
2005 წელს, უკვე 66 წლის ადრიანამ, ქალიშვილი ელიზა მარია გააჩინა. მართალია, ვადაზე ადრე იმშობიარა, თუმცა სავსებით ჯანმრთელი შვილი გაუჩნდა.
არადა, ექიმები ღელავდნენ და ბევრს ესაუბრებოდნენ ქალს, რომ არ წასულიყო ამ რისკზე. ასეთი გვიანი ორსულობა და მშობიარობა ბავშვსაც უქმნიდა საფრთხეს და დედასაც. თუმცა ადრიანამ ყურად არ იღო არავისი რჩევა და მიზანს მიაღწია.
შვილის დაბადების შემდეგ ადრიანა პენსიაში გავიდა და მთელი თავისი დრო შვილის გაზრდას დაუთმო. როგორც თავად ამბობს, პრობლემები ასაკის გამო, ცოტა არ ჰქონია. უფრო მეტად, საზოგადოების მხრიდან. საბავშვო ბაღშიც და სკოლაშიც ბავშვებს და მშობლებს უჭირდათ დაჯერება, რომ ქალი ბავშვის დედა იყო და არა ბებია. თუმცა არ მოჰყოლია ამას ბულინგი და დაცინვა, ყველა გაგებით ეკიდებოდა ამ ამბავს.
ახლა გოგონა 20 წლისაა. გარეგნულად ძალიან ჰგავს დედას. განვითარებით არანაირად არ ჩამორჩებოდა თანატოლებს, საკმაოდ ჭკვიანია და კარგადაც სწავლობს. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში კარგად აცნობიერებდა მკვეთრ ასაკობრივ სხვაობას დედამისსა და თანაკლასელების დედებს შორის, თუმცა ამის არ რცხვენოდა. ამბობს, რომ ძალიან ახლოს არის დედასთან, მშვენივრად ატარებენ დროს და კარგი ურთიერთობა აქვთ.
გოგონა ახლა უნივერსიტეტში სწავლობს ერთდროულად ორ ფაკულტეტზე და საკმაოდ წარმატებულია. დედამ ყველაფერი მისცა, რაც კი შეეძლო, ემოციურად თუ ფიზიკურად.
ეს უნიკალური ამბავია, რომელსაც არ აქვს ცუდი დასასრული. თუმცა რასაკვირველია, უდიდესი რისკია ასეთ ასაკში ორსულობა-მშობიარობაც და შემდეგ - ბავშვის სრულფასოვნად აღზრდაც.
2008 წელს ადრიანას რეკორდი ინდიელმა რაჯო დევი ლოჰანმა მოხსნა, რომელმაც 70 წლისამ გააჩინა. ქალი 12 წლისა გაათხოვეს. ქორწინების შემდეგ წყვილი 58 წელი ცდილობდა შვილის ყოლას. ქალი ძალიან განიცდიდა უშვილობას, მით უმეტეს, რომ გარშემო ყველასთვის უშვილო ოჯახი არასრულფასოვნად მიიჩნეოდა.
წყვილმა სამედიცინო კვლევები გაიარა. როცა რაჯოს ჯანმრთელობის პრობლემები გამოვლინდა, იმაზეც დათანხმდნენ, რომ მის ქმარს მეორე ცოლი მოეყვანა, მაგრამ მეორე ქალიც არ დაფეხმძიმდა.
წყვილს სულზე მოუსწრო ხელოვნური განაყოფიერების შესაძლებლობებმა. მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა საკმაოდ ძვირი ღირდა, მათ ფული ისესხეს, ქონება ჩადეს ბანკში და გასწიეს ეს უდიდესი რისკი.
ყველა პროგნოზის მიუხედავად, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ქალმა ჯანმრთელი შვილი გააჩინა.
ბავშვი დონორის კვერცხუჯრედის დახმარებით ჩაისახა. თავიდან იგეგმებოდა, რომ ბალარმის უფრო ახალგაზრდა, მეორე ცოლი ატარებდა ნაყოფს მუცლით. თუმცა მას არ აღმოაჩნდა შესაბამისი ჯანმრთელობა, რაჯო კი საკმაოდ ჯანმრთელად მიიჩნიეს ამისთვის. ბავშვი შვიდთვიანი დაიბადა - ნაადრევი მშობიარობა დაეწყო ქალს, საკმაო გართულებებით, თუმცა ექიმებმა დედისა და შვილის გადარჩენა შეძლეს.
ბავშვს ნავინი დარქვეს. დედა ძუძუთი კვებავდა ორ წლამდე. მთელი ეს პერიოდი ოჯახს ჟურნალისტები ეხვეოდნენ, რომ ენახათ, როგორ ცხოვრობდა ყველაზე ხანდაზმული დედა. იმასაც ეკითხებოდნენ, რას ფიქრობდა იმაზე, იცოცხლებდა თუ არა შვილის სრულწლოვანებამდე. რაზეც რაჯო პასუხობდა, რომ თუ ვერ იცოცხლებდა, მეორე ცოლი გადაიბარებდა ბავშვის აღზრდას.
"მე ძლიერი ვარ. მინდორში დღეში 12 საათი ვმუშაობ. ექიმები ამბობენ, რომ 40 წლის ქალის ჯანმრთელობა მაქვს. იმედი მაქვს, ბავშვის 15 წლამდე მაინც ვიცოცხლებ".