გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ ვრცლად საუბრობს:
-7 და 8 მარტს ტემპერატურამ მოიმატა. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ტემპერატურა დაბლობის ტემპერატურას უტოლდებოდა და +20 გრადუსამდე იყო. აღმოსავლეთ საქართველოში როგორც ბარში, ასევე მთაში, ტემპერატურამ მოიმატა. ღამის საათებში ყინვები აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში და მცხეთა-მთიანეთში შენარჩუნდა. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ღამით უარყოფითი ტემპერატურები რაჭისა და სვანეთის ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა.
გლობალურ რუკებზე დაყრდნობით, მიმდინარე კვირა თბილი იქნება. მზიანი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. არც ქარის გაძლიერებას ველოდებით. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა, კვირის პირველ ნახევარში, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში შესაძლოა, ღამის საათებში 0, +2 გრადუსის ფარგლებში იყოს. მთიან რაიონებში, ღამის საათებში -3, -4 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. მაღალ მთაში -5, -7 გრადუსია ნავარაუდევი. უკვე 13 მარტიდან უარყოფითი ტემპერატურები მოიხსნება და უფრო დათბება. მაქსიმალური ტემპერატურა კვირის პირველ ნახევარში, სანაპირო რაიონებში +13, +16 გრადუსია მოსალოდნელი, დაბლობსა და მთიან რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა +20, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო კვირის ბოლოს შესაძლებელია, +25, +27 გრადუსს მიუახლოვდეს. არ არის გამორიცხული, ცალკეულ რაიონებში +30 გრადუსიც დაფიქსირდეს. მთაში, დაახლოებით, +17 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში კვირის დასაწყისში ღამის ტემპერატურა სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა მთიანეთში, შიდა ქართლში -1, 0 გრადუსის ფარგლებში იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მომატება აქაც მოსალოდნელია. პირველ ნახევარში, დასავლეთ საქართველოსთან შედარებით, რამდენიმე გრადუსით დაბალი იქნება. კვირის ბოლოსკენ ბარში +25 გრადუსამდე, მთიან რაიონებში +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს. მაღალ მთაში, ბაკურიანში, გუდაურში, თოვლის საფარი, ტემპერატურის მომატების გამო, 50 სანტიმეტრამდე დაიკლებს.
მიმდინარე კვირის განმავლობაში დედაქალაქში ქარი, უარყოფითი ტემპერატურა მოსალოდნელი არ არის. 12 მარტის ჩათვლით ღამის ტემპერატურა +3, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება, დღის მაქსიმალური ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდეა ნავარაუდევი. კვირის მეორე ნახევარში დედაქალაქშიც მინიმალური ტემპერატურის +5-დან +7 გრადუსამდე მოიმატებს. ხოლო, მაქსიმალური ტემპერატურა +23, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება. შესაძლებელია, +27 გრადუსიც დაფიქსირდეს. დედაქალაქში ამ კვირის განმავლობაში მზიანი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.