რევმატოიდული ართრიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სახსრებს აზიანებს, იწვევს ტკივილს, შეშუპებას, მოძრაობის შეზღუდვასა და დილის შებოჭილობას. ეს მდგომარეობა იმუნური სისტემის დარღვევას უკავშირდება, როდესაც სხეული შეცდომით საკუთარ ჯანმრთელ ქსოვილებს, განსაკუთრებით კი სახსრებს უტევს, რაც დროთა განმავლობაში მათ დაზიანებასა და ფუნქციის დაქვეითებას იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადების პრევენცია არ არსებობს, დროული დიაგნოსტიკა და მართვა მნიშვნელოვნად ამცირებს მის გართულებებს.
რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს დროულად? ვინ არის რისკჯგუფში და რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა? – ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ რევმატოლოგი ია დემურაშვილი გვესაუბრება. ის განმარტავს, თუ როგორია თანამედროვე მიდგომები ამ დაავადების მართვისთვის და რა ტექნოლოგიებს იყენებენ მის დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში დღეს „ნიუ ჰოსპიტალში“.
- რა არის რევმატოიდული ართრიტი და როგორ აისახება ორგანიზმზე?
- რევმატოიდული ართრიტი არის ქრონიკული და ავტოიმუნური სისტემური დაავადება, რომელიც უპირატესად მტევნის წვრილი სახსრების დაზიანებით ხასიათდება. თუმცა ის მხოლოდ მტევნის წვრილ სახსარს არ აზიანებს.როდესაც დაავადება პროგრესირებს, მან შეიძლება მსხვილი სახსრებიც დააზიანოს და ჰქონდეს მრავლობითი სისტემური გამოვლინებები სხვადასხვა ორგანოზე.
- ვინ არიან დაავადების განვითარების რისკჯგუფში?
- ზოგადად რევმატოიდული ართრიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. რისკჯგუფში კი ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამრობით სქესთან თანაფარდობა 2:1-ზეა. რისკჯგუფს მიეკუთვნებიან მწეველი და ჭარბწონიანი ადამიანებიც. დაავადების განვითარებისას მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორსაც.
- რევმატოიდული ართრიტი ცნობილია როგორც ხანდაზმულების დაავადება. რა ასაკიდან იზრდება მისი განვითარების რისკი?
- დიახ, ასეა. დაავადება ძირითადად 55 წლის შემდეგ ვლინდება. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ გვაქვს ადრეული გამოვლინების შემთხვევებიც.
- რა არის რევმატოიდული ართრიტის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები?
- ძირითად გამომწვევ ფაქტორებად შეიძლება ჩაითვალოს სტრესი, ჭარბი წონა და გენეტიკური ფაქტორი.
- რომელი სიმპტომების გამოვლენის დროს უნდა მიმართოს ადამიანმა სპეციალისტს?
- ეს გახლავთ ტკივილი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ტკივილის რიტმიც. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს მუდმივი ხასიათის ტკივილი, შეშუპებით, წვრილი სახსრების დაზიანებით, რომელიც მიჰყვება დღის განმავლობაში, არ იხსნება მოძრაობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ასევე, უსივდება მტევნის წვრილი და ტერფის წვრილი სახსრები, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
რევმატოიდული ართრიტი ხშირად ერევათ ოსტეოართრიტში, რომელიც მექანიკური დაავადებაა და არ ახასიათებს დილის შებოჭილობა.
- შესაძლებელია თუ არა რევმატოიდული ართრიტის პრევენცია?
- რევმატოიდული ართრიტის პრევენცია შეუძლებელია. გართულებების თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია დროული დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა.
- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას თუ დროულად და ადეკვატურად არ მოხდა მკურნალობა?
- რევმატოიდული ართრიტი სისტემური დაავადებაა, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ნებისმიერი ორგანო. უპირატესად ზიანდება მტევნის წვრილი ძვლის სახსრები, მაგრამ შორს წასულ შემთხვევაში გადადის მსხვილ სახსრებზეც, მუხლზე, მენჯ-ბარძაყზე. ასევე შეიძლება გამოიწვიოს კანის ვასკულიტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, ფილტვების ინტერსტიციული დაზიანების განვითარება,რაც ხშირად სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ თუ დროული მკურნალობა არ მოხდა, დაავადებამ შეიძლება პაციენტის ინვალიდიზაცია გამოიწვიოს.
- რა ინოვაციური მეთოდები და თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება „ნიუ ჰოსპიტალში“ ამ დაავადების სამკურნალოდ?
- „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობის ყველა ის მეთოდი და ტექნოლოგია გამოიყენება, რომელიც ევროპის წამყვან კლინიკებშია მიღებული. პირველ რიგში, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ACR და EULAR-ის კრიტერიუმებით. ასევე, ტარდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ლაბორატორიული კვლევებით ვიკვლევთ ანთების მწვავე ფაზის მარკერებს, როგორიცაა ისეთი, EDC დაCRP. სწორად დანიშნული კვლევები დიდ შედეგს გვაძლევს დაავადების მკურნალობის პროცესში, რადგან მაგალითად ანტი-CCP(ციკლური ციტრულინირებული პეპტიდი), რომელიც ძალიან მგრძნობიარე და მაღალ სპეციფიკურ ტესტად ითვლება, თავისთავად გულისხმობს ეროზიულ ართრიტს, რომელიც ადრეულ სტადიაზე შეიძლება დაავადებას უსწრებდეს წინ, დაახლოებით 10 წლითაც კი.
დიაგნოსტირების დროს ვიყენებთ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიას. „ნიუ ჰოსპიტალსში“ არის ყველაზე სრულყოფილი, 3 ტესლა სიმძლავრის MRI, რომელიც სულ ორი წელია, რაც დაინერგა და საკმაოდ ღირებულია იმ კუთხით, რომ ადრეული დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს.
- შესაძლებელია თუ არა დაავადების სრულად განკურნება? თუმკურნალობა მხოლოდ სიმპტომების მართვას ემსახურება?
- რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სრულად არ იკურნება. ჩვენი მიზანია, რომ პაციენტმა მიიღოს რემისია და არ ჰქონდეს ჩივილი. პირველ ეტაპზე გვაქვს მედიკამენტოზური რემისია, შემდეგკ ი - უწამლო რემისია.
R