უფროსები ხშირად საყვედურით ამბობენ, რომ თანამედროვე ბავშვებს ნაკლებად ახასიათებთ თანაგრძნობის უნარი და ძირითადად, ეგოისტურად უყურებენ სამყაროს, აღარ უწევენ ანგარიშს უფროსებს და აღარ ახსოვთ მოვალეობები. არადა ზოგჯერ - თავადაც რომ ვერ ვამჩნევთ ამას - მსგავსი ქცევის მოდელს თვითონვე ვთავაზობთ ბავშვებს. ზოგს, შესაძლოა, სრულიად ნორმალურად ეჩვენება ბავშვის წახალისება ფულით კარგი ნიშნებისთვის ან სახლში დახმარებისთვის, ზოგი ვერაფერს ხედავს უჩვეულოს იმაში, რომ კამათის დროს ბავშვს დააყვედროს ამ ქვეყნად გაჩენა და გაზრდა, თუმცა "შენ - მე, მე - შენ" პრინციპზე დამყარებული ურთიერთობები შეიძლება მარტოობით და მოხუცთა თავშესაფრით დასრულდეს.
როგორ აღვზარდოთ თანაგრძნობის მქონე ბავშვი, რომლისთვისაც მხოლოდ "მე" არ არის მნიშვნელოვანი:
- ვეცადოთ თავად არ ვფოკუსირდეთ მატერიალურზე. თუნდაც ბავშვების გულისთვის დროდადრო ავწიოთ თვალები მიწიდან - დავტკბეთ ბუნების სილამაზით, დავინტერესდეთ ხელოვნებით, დავტკბეთ ახლობლებთან გულწრფელი ურთიერთობით, ვისწავლოთ გახარება თუნდაც ყველაზე პატარა ბავშვური წარმატებით, რომელსაც არ აქვს მატერიალური გამოხატულება.
- ვაკონტროლოთ, რას ვამბობთ და ვაკეთებთ ბავშვების თანდასწრებით. არ არის კარგი, როცა ჰიპერმარკეტში ყოველი ვიზიტი ზეიმად იქცევა, ხოლო წარმატებული შოპინგის შთაბეჭდილებები პიცერიაში მყარდება. უკეთესია, თუ ბავშვს აღფრთოვანებული ასოციაციები ექნება მუზეუმში ან თეატრში სტუმრობისას, ოჯახური აქტივობისგან,
- ვაკონტროლოთ, რა ღირებულებით ორიენტირებს ვაძლევთ ბავშვებს. ხშირად ყოველდღიურობაში ვივიწყებთ შევაქოთ ბავშვები გულუხვობისთვის, კეთილშობილებისთვის, თანაგრძნობის გამოვლენისთვის, მაგრამ სამაგიეროდ მათ მიერ წაკითხულ ლექსებს, დახატულ ნახატებს, სკოლაში მიღებულ ათიანებს, სიგელებს, მედლებს და ლაურეატის დიპლომებს არასდროს ვტოვებთ ხაზგასმული მოწონების გარეშე. გამოდის, რომ ჩვენ ქვეცნობიერად ვუნერგავთ ბავშვებს, რომ წარმატება, "ცხოვრებაში რაღაცის მიღწევს" და კარგი შემოსავალია ადამიანის მთავარი მიზანია.
- მეტი ვისაუბროთ და ვიკითხოთ ბავშვებთან ერთად. მოვუყვეთ მათ იშვიათ და შესანიშნავ ადამიანურ თვისებებზე, წავიკითხოთ და განვიხილოთ მათთან ერთად წიგნები გმირებზე, ვიფიქროთ ზნეობრიობის თემაზე, ადამიანის დანიშნულებაზე, არ შეგვეშინდეს შევეხოთ სხვა "ყოფიერების საკითხებსაც" - ისინი, სხვათა შორის, ხშირად ბევრად ადრე იწყებენ ბავშვების შეწუხებას, ვიდრე ჩვენ გვგონია.
- არ მოვერიდოთ ბავშვებისთვის "არას" თქმას. ზოგჯერ გვგონია, რომ კეთილი მშობლები შვილებს უარს არაფერზე ეუბნებიან. თუმცა, თუ ჩვენ არ შევზღუდავთ ჩვენი შვილების სურვილებს, ისინი ვერასდროს ისწავლიან ამის დამოუკიდებლად გაკეთებას.
- წავახალისოთ ბავშვები საჩუქრებით, რომლებიც მაღაზიიდან არ არის. როდესაც გვინდა გამოვხატოთ სიყვარული ბავშვის მიმართ, მხარი დავუჭიროთ მას რთულ სიტუაციაში, რომ აღვნიშნოთ მისი რაიმე მიღწევა ან უბრალოდ გავახაროთ, ჩვენ მაღაზიისკენ მივდივართ. მაგრამ თბილი ჩახუტება, გულწრფელი საუბარი ძილის წინ, შინ გამომცხვარი ნამცხვარი არაფერი ღირს, მაგრამ ბევრად ძვირად ფასობს, თუკი, რა თქმა უნდა, ბავშვს ჯერ კიდევ არ დავიწყებია არამატერიალური ღირებულებების დაფასება.
- არ დავტოვოთ ბავშვები ტელევიზორთან მარტო. ტელევიზია ცუდი აღმზრდელია. თუნდაც იმიტომ, რომ ის წარმოუდგენელია რეკლამის გარეშე, რომელიც, როგორც ცნობილია, ძალიან კარგად სწვდება ბავშვის ქვეცნობიერს. ხშირად ვერ ვაფასებთ მის რეალურ გავლენას ბავშვებზე, ზოგჯერ კი ვტკბებით კიდეც იმით, თუ რა სწრაფად იმახსოვრებენ ისინი სარეკლამო სლოგანებს. ამავე დროს, ბავშვებს, რომლებიც დღიდან დღემდე უყურებენ რეკლამას ტელევიზორში, უყალიბდებათ სრულიად დამახინჯებული წარმოდგენები რეალობაზე.
თუ არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა დაიჯერონ, რომ უფულოდ გართობა, გახარება და საჩუქრები შეუძლებელია, მაშინ უნდა ვაჩვენოთ მათ სხვაგვარი - თბილი, ყურადღებიანი, ზოგჯერ მკაცრი, მაგრამ ნამდვილი ცხოვრება.