2025 წლის მარტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა. ამიტომაც, ის წლის ერთ-ერთ ყველაზე რთულ თვედ ითვლება. ყველაზე მნიშვნელოვანი დაბნელების 2-კვირიანი დერეფანი და პლანეტა მერკურის რეტროგრადული მოძრაობაა.
ასევე, 1-ელ მარტს ვერძის ნიშანში პლანეტა ვენერამ რეტროგრადული მოძრაობა დაიწყო. ეს სიყვარულისა და სილამაზის პლანეტაა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ პერიოდში მოგვიწევს, ზუსტად განვსაზღვროთ, რა არის ჩვენთვის რეალურად ღირებული. ვენერა ვერძის ნიშანში იქნება. ვერძი კი ცეცხლის ნიშანია. ამიტომაც, ამ პერიოდს შესაძლოა, აგრესიულობა და მომატებული შფოთვაც თან ახლდეს.
2025 წლის მარტში დაბნელების დერეფანი გველოდება. ის 14 მარტს თევზების ნიშანში მთვარის დაბნელებით დაიწყება და 29 მარტს სასწორის ნიშანში მზის დაბნელებით დასრულდება. ითვლება, რომ აღნიშნული 2 კვირა ბევრი ადამიანის ცხოვრებასა და ყოველდღიურობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. საინტერესოა ისიც, რომ დაბნელების დერეფანი რეტროგრადული მერკურის პერიოდს ემთხვევა. პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას 15 მარტს დაიწყებს და 7 აპრილს დაასრულებს. ყველა ის სფერო, რომელსაც პლანეტა მერკური მართავს, რეტროგრადული მოძრაობის დროს ფერხდება და კომუნიკაციაც განსაკუთრებით გართულებულია.
დაბნელების დერეფანი მზისა და მთვარის დაბნელებებს შორის არსებული პერიოდია. ის, დაახლოებით, 2 კვირა გრძელდება. ასტროლოგიაში ეს დრო შესაძლებლობების პორტალთან ასოცირდება. მზის დაბნელება ახლის დასაწყისსა და ახალ პერსპექტივებს უკავშირდება, ხოლო მთვარის დაბნელება ძველი ციკლის დასრულებასთან და წარსულის საბოლოოდ გაშვებასთან ასოცირდება.
დაბნელების დერეფნის პერიოდში მოვლენები სწრაფად და ხშირად არაპროგნოზირებადად ვითარდება. ითვლება, რომ აღნიშნულ პერიოდში მომხდარი მოვლენები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ადამიანებზე სამომავლოდაც დიდ გავლენას მოახდენს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ერთი კვირა შეიძლება, ერთი წლის მოვლენებს შეიცავდეს.
ვერძი და სასწორი დაბნელების ზემოქმედებას ყველაზე ძლიერად იგრძნობენ, რადგან მთვარის დაბნელება მათი ნიშნების ღერძის გასწვრივ მოხდება. ისინი პარტნიორულ ურთიერთობებში რადიკალური ცვლილებების წინაშე აღმოჩნდებიან.
თევზებისა და ქალწულის ნიშნებისათვის მზის დაბნელება უფრო საყურადღებოა. თევზები გაიაზრებენ, რომ ახალი წამოწყებების და ცხოვრების განახლების დროა, ქალწულებს კი წარსულის საბოლოოდ გაშვება მოუწევთ.
პლანეტა მერკური ტყუპებსა და მშვილდოსანს მართავს. ამიტომაც, რეტროგრადული მერკურის გავლენას ყველაზე ძლიერად ისინი იგრძნობენ. შესაძლოა, საქმიან ურთიერთობებში, ბიზნესში შეფერხებები შეგხვდეთ და ასევე, ძველმა, გადაუჭრელმა პრობლემებმაც თავი შეგახსენოთ.
პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჭირო ინფორმაციას თავი მოვუყაროთ, ეფექტური კომუნიკაცია დავამყაროთ და სასურველი შედეგი მივიღოთ.
ამიტომაც, აღნიშნული პლანეტის რეტროგრადულ მოძრაობაზე ასტროლოგები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ. რეტროგრადული მერკურის დროს ყველა სფერო, რომელსაც ის განაგებს, ფერხდება, გართულებულია კომუნიკაცია, დიდია არასწორი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისა და შეცდომების დაშვების რისკი. ჩვენთვის ინფორმაციის აღქმა იმაზე რთულია, ვიდრე სხვა პერიოდებში, გვიჭირს სხვადასხვა ამბის გააზრება, ამის გამო კი შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, რადგანაც არასწორად აღვიქვათ ის, რასაც გვეუბნებიან.
რეტროგრადული მერკურის დროს შეცდომებისა და თაღლითური მოქმედებების რაოდენობა იზრდება. შესაძლოა, მოულოდნელად მანიპულაციის, ტყუილის, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მსხვერპლი გავხდეთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას 15 მარტს დაიწყებს და 7 აპრილს დაასრულებს.