ფილმი "ფატიმა" კარგადა არის ცნობილი და უმრავლესობას ეს ფილმი არაერთხელ უნახავს, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის მის შესახებ, ვინც მთავარი როლი განასახიერა. პროფესიით ისტორიკოსი სერგი ცენტერაძე წლებია ქართული კინოს და მსახიობების შესახებ სერიოზულ კვლევებს აწარმოებს. ამჯერად იგი თამარ კოკოვას შესახებ გვიამბობს...
სერგი ცენტერაძე:
- არის ფილმები, რომლებიც მაყურებელთა შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ და დრო მათ ვერაფერს აკლებს... 1958 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა სიკო დოლიძის ფილმი-შედევრი "ფატიმა". ფილმი ქართული კინოს კლასიკად ითვლება და დღემდე მაყურებელი დიდი ემოციებით (ვინ პირველად, ვინ მერამდენედ ) ადევნებს თვალს ფილმის გმირების თავგადასავალს ეკრანზე... შესანიშნავმა რეჟისორმა ამ ფილმში თავი არაჩვეულებრივ მსახიობებს მოუყარა. მაყურებელმა პირველად იხილა დიდ ეკრანზე ქართული კინოს ვარსკვლავები: ოთარ მეღვინეთუხუცესი, გიული ჭოხონელიძე და თენგიზ არჩვაძე."ფატიმას" როლს კი დამწყები მსახიობი თამარ კოკოვა ასრულებდა.
ფილმი გადაღებულია ცნობილი ოსი კლასიკოსის კოსტა ხეთაგუროვის ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით. სასიყვარულო სამკუთხედი, მთის მკაცრი ადათ-წესები და მშვენიერი ქალის ტრაგიკული ისტორია, აი ფილმის ძირითადი საკვანძო თემები. ფილმის შინაარსს არ მოვყვები, რადგან ყველა კინომოყვარულმა ლამის ზეპირად იცის. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ფილმის პოპულარობა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა: არაჩვეულებრივი მსახიობები და მათი შეუდარებელი თამაში, შესანიშნავი კოსტიუმები, სულში ჩამწვდომი მუსიკა და გადამეტებულად არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი, რომ ამ ფილმში მართლაც გამოირჩეოდა თამარ კოკოვა - მომხიბვლელი, ნაზი, მელანქოლიური, საოცარი მზერით, რაღაცნაირი სევდანარევი ღიმილით, არამიწიერი სილამაზით და შესანიშნავი გარდასახვის უნარით. განაგრძეთ კითხვა