უმიზეზო სიცხე, წონაში კლება და ღამის ოფლიანობა ის სიმპტომებია, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ლიმფური კვანძების გადიდებას ახასიათებს. სხეულში არსებული ათასობით ლიმფური კვანძი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამცავი მექანიზმია. მისი გამართული ფუნქციონირება ინფექციებისა და დაავადებების თავიდან არიდებაში გვეხმარება. თუმცა, ხშირად პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ლიმფური კვანძები დიდდება და ანთებითი პროცესები იწყება. ჩვეულებრივმა გაციებამ, ყურის ტკივილმა და კანის ინფექციამაც კი შესაძლოა, მათი ზომაში გადიდება გამოიწვიოს. ყოველთვის საშიშია თუ არა ეს მდგომარეობა და რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას, თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ვრცლად საუბრობს:
- ლიმფური სისტემა ორგანიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ჩვენი იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებაში ყველაზე კრიტიკულ როლს ასრულებს. სითხის ბალანსის შენარჩუნებასა და ორგანიზმის ინფექციებისა და დაავადებებისაგან დაცვაში გვეხმარება. შეუძლია სიმსივნური უჯრედების განეიტრალება და ნაწლავებიდან ცხიმის შეწოვაც.
როდესაც ორგანიზმში გარკვეული ტიპის უცხო აგენტი, ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია შეიჭრება, ლიმფური კვანძები მათთან ბრძოლას იწყებენ და შესაძლოა, გადიდდეს. ეს პათოლოგიას არ წარმოადგენს. ლიმფური კვანძები სწორედ ამ "აგენტებს" ებრძვიან.
ინფექციები - ეს ლიმფური კვანძების გადიდების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციები, მათ შორის, კანის ინფექციები, გაციება, გრიპი, ყელის, ყურის ინფექციები და ტონზილიტი. ასეთ შემთხვევაში, ზედა სასუნთქი ინფექციების დროს, ყველაზე ხშირად ყბისქვეშა ან კისრის ლიმფური კვანძები დიდდება. ლიმფური კვანძები შეიძლება, ნებისმიერ ზონაში გამოვლინდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად კისრის, ყბისქვეშა არის, ფერდქვეშა არის- იღლიებისა და საზარდულის არეში ვლინდება.
უფრო სერიოზული დაავადებები, რომლებიც ასევე ლიმფური კვანძების გადიდებას იწვევს:
კიბო - ზოგიერთ შემთხვევაში, შეშუპებული ლიმფური კვანძები შეიძლება, კიბოს ნიშანი იყოს, როგორიცაა ლიმფომა ან ლეიკემია.
კიბო ასევე შეიძლება, გავრცელდეს ლიმფურ კვანძებში სხეულის სხვა ნაწილებიდან - მეტასტაზირების გზით.
აუტოიმუნური დარღვევები - შესაძლოა, ლიმფური კვანძების გადიდებას თან ახლდეს.
როგორც ვთქვით, ლიმფური კვანძების გადიდების ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციებია. როგორც წესი, ამ მიზეზით გადიდებული ლიმფური კვანძები გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით გაივლის. დაახლოებით, შესაძლებელია, 2 კვირა გაგრძელდეს. ეს პერიოდი სჭირდება ლიმფურ კვანძს, რომ თავის ზომას დაუბრუნდეს.
ლიმფური კვანძების გადიდების დროს, ხშირად ადამიანები თვითნებურად ანტიბიოტიკებს იღებენ, რაც გამართლებული არ არის. აუცილებელია, ექიმს მივმართოთ.
თუ ლიმფური კვანძი 1 თვეზე მეტხანსაა გადიდებული და მას თან მაღალი ცხელება, ღამის ოფლიანობა, წონის აუხსნელი კლება ერთვის, საყურადღებოა. ეს სიმპტომები შესაძლოა, გრიპის ვირუსსაც ჰქონდეს, მაგრამ გრიპი მაქსიმუმ 10 დღემდე გრძელდება.
ასევე, საშიშია, როდესაც ლიმფური კვანძები შეხებით მაგარი და ფიქსირებულია, ანუ არ მოძრაობს.
გააჩნია, რა არის ლიმფური კვანძების გადიდების გამომწვევი მიზეზი. თუ ჩვენ ვირუსულ ინფექციებზე ვსაუბრობთ, სიმპტომურად ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები უნდა მივიღოთ. თუ ბაქტერიული ინფექციითაა გამოწვეული, ასეთ შემთხვევაში ანტიბიოტიკი გვჭირდება, მაგრამ არა თვითნებურად. ყველა ანტიბიოტიკი ყველა ინფექციაზე არ მოქმედებს და ეს ექიმმა უნდა დანიშნოს.
თუ ლიმფური კვანძების გადიდება უფრო სერიოზულ მიზეზებს უკავშირდება, მაშინ აუცილებელია, პირველ რიგში, დავადგინოთ, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე.