ოჯახური და მემკვიდრეობითი დავების შესახებ კითხვებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი პასუხობს:
- უძრავი ქონება იყო მამაჩემის სახელზე, მამა გარდაცვლილია. დედამ გადაწყვიტა მთლიანი ქონება გადააფორმოს შვილიშვილის სახელზე, ანუ ჩემს ძმისშვილზე. შემიძლია თუ არა ჩემი წილი მოვითხოვო?
- თქვენ ხართ მამათქვენის პირველი რიგის მემკვიდრე, როგორც დედათქვენი, თუმცა იმისათვის, რომ სამკვიდროდან წილი მიიღოთ, აუცილებელია მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მიმართოთ განცხადებით ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად. თუ 6 თვეზე მეტია გასული, ნოტარიუსი უარს გეტყვით და მოგიწევთ სასამართლოსთვის მიმართვა და დამტკიცება, რომ მამის ქონებას ფაქტობრივად ფლობდით, რათა მიიღოთ მემკვიდრეობა.
ვარ მეორე ქორწინებაში, პირველი ქორწინებიდან მყავს შვილები, მეორე ქორწინებაში საერთო შვილი არ გვყავს. როგორ შეიძლება ეს ქონება გავაფორმო ჩემი შვილების სახელზე, ისე, რომ ჩემს მეუღლეს არ დარჩეს წილი? ქონება ჩემი შრომით არის შეძენილი.
- თუ ქონება, რომლის გადაფორმებაც გსურთ, თქვენს სახელზეა, შეგიძლიათ შვილებს გადაუფორმოთ საჯარო რეესტრში.
- მეუღლეს მემკვიდრეობით აქვს მიღებული ქონება, მაგრამ ერთად ცხოვრებისას ბევრი რამ შევქმენით, ახლა მივედი განქორწინების გადაწყვეტილებამდე. მინდა სარჩელი შევიტანო სასამართლოში, შემიძლია თუ არა მას მოვთხოვო განქორწინებისას წილი ამ ქონებიდან?
- თუკი ქორწინების პერიოდში მემკვიდრეობით მიღებული ქონება საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ წილი აღნიშნული ქონებიდან, სხვა შემთხვევაში, როგორც მემკვიდრეობით მიღებული ქონება, ასევე ჩუქებით მიღებული, ითვლება იმ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად, რომელმაც ის მიიღო.