ბავშვებისთვის აშკარად შინაური პასკა ჯობია სააღდგომოდ საკონდიტრო საწარმოები პასკების ისეთ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ, რომ მისი სახლში ცხობა საჭირო აღარ არის. თუმცა დამეთანხმებით, ბავშვებისთვის აშკარად შინაური პასკა ჯობია. ვინც არ დაიზარებს და შინ გამოცხობას გადაწყვეტს, ვთავაზობთ ამ რეცეპტით იხელმძღვანელოს. ამ დოზით 10 საშუალო ზომის (არა დიდი) პასკა გამოდის. თუ თქვენთვის ბევრია, დოზები გაანახევრეთ.
სანამ უშუალოდ ცხობას შეუდგებით, სასურველია 2-3 დღით ადრე 1 ჩაის კოვზ ყვითელ ყვავილს 30 მლ არაყი დაასხათ, რათა პასკისთვის საჭირო ნაყენი მიიღოთ (ძალიან ცოტა დაგჭირდებათ).
ინგრედიენტები:
3 ჭიქა რძე
500 მლ მაწონი
50 გრ. საფუარი
1,300 კგ შაქარი
3,300 კგ ფქვილი
700 გრ. კარაქი (ან მარგარინი)
1 ცალი ფორთოხლის გახეხილი კანი (ცედრა)
ლიმონის ესენცია ან ცედრა.
12 კვერცხი
ქიშმიში 500 გრამი (სურვილის შემთხვევაში - ცუკატებიც)
სუნელები:
მუსკატის კაკალი, მიხაკი, დარიჩინი, ილი - მათი რაოდენობა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თითოეული დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზის ან ნაკლები ოდენობით უნდა აიღოთ.
მომზადება:
ფქვილში ჩაასხით მაწონი და თბილი რძე, რომელშიც საფუარია გახსნილი.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. შეურიეთ ცომს და დაამატეთ გამდნარი მარგარინი. ჩაამატეთ ზემოჩამოთვლილი სუნელები და სპირტზე დამზადებული ყვითელი ყვავილის ნაყენი 1 სუფრის კოვზი. მოზილეთ ჩვეულებრივი ცომი. დადგით ასაფუებლად. რომ ამოვა ისევ ჩაზილეთ ამჯერად ზეთში დასველებული ხელებით. უნდა შეაზილოთ 100 გრამი ზეთი, ქიშმიში და ისევ დადგით ასაფუებლად. რომ ამოვა, ჩაასხით ფორმებში და დამოაცხვეთ საშუალო ცეცხლზე. ცომს ფორმის მხოლოდ მესამედი უნდა ეკავოს. ცხობისას ფორმას რომ გაავსებს და გამოცხობამდე ცოტა რომ აკლდება, ცეცხლს ოდნავ დაუწიეთ. ასე გამოშრობას უკეთ მოასწრებს.