"ფრანგი ქალები არ სუქდებიან" - ამ სახელწოდებით გამოსცა წიგნი მირიელ გუილიანომ, რომელიც 40 სხვადასხვა ენაზე ითარგმნა და ბესტსელერი გახდა. ჯამში 3 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. მკითხველების თქმით, წიგნში გაზიარებული რეკომენდაციები მარტივია. ის რეცეპტებსა და ფრანგი ქალების ჩვევებს მოიცავს, რაც მათი ყოველდღიურობის ნაწილია. "საიმედო რეკომენდაცია" წიგნის ავტორს დაუკავშირდა და მან "იმედის დღის" მაყურებელს საინტერესო რჩევები გაუზიარა. მათ შორისაა რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არ სუქდებიან ფრანგი ქალები:
- ჩემი წიგნი, ამ სათაურით, უკვე მილიონობით ადამიანმა შეიძინა, რადგან მასში გაერთიანებული რეკომენდაციები წონის დასაკლებად ნამდვილად ეფექტურია. მოკლევადიანი დიეტები არ მუშაობს. მთავარია, ჩამოიყალიბოთ წესები, რომელიც თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდება. ამ წესების დამსახურებით, კარგ ფორმაში იქნებით და შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას.
საკვების მიღების დროს, როგორც წესი, ფრანგები არ ჩქარობენ. სპეციალისტების თქმით, ჭამის ხანგრძლივობა მირთმეულ ულუფებთან პირდაპირ კავშირშია. შესაბამისად, წონის მატებასა და კლებაზე აისახება.
- თანამედროვე ადამიანი კვებას, საშუალოდ, 6-7 წუთს უთმობს, რაც არასწორია. საკვების მიღების აღსაქმელად ტვინს 20 წუთი სჭირდება. თუ საკვების უფრო ნელად მიღებას ეცდებით, ეს ტვინის "მოტყუებაში" დაგეხმარებათ და შედეგად, 20%-ით ნაკლებ საკვებს მიიღებთ. 3-6 თვეში კი ეს პატარა ჩვევა უკვე თქვენს ვიზუალზეც აისახება.
ხშირად, დროის უქონლობის ან უბრალოდ არასწორი ჩვევის გამო, ბევრი ადამიანი საკვებს სხვა საქმის პარალელურად იღებს, რაც, საბოლოოდ, წონაზე უარყოფითად აისახება. ფრანგები ყოველთვის ყურადღებით და გააზრებულად მიირთმევენ.
- გამორთეთ ტელევიზორი, ნუ წაიკითხავთ მაგიდასთან, არ მოუსმინოთ მუსიკას საკვების მიღების დროს. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რას ჭამთ. მიზეზი, რის გამოც ადამიანები უფრო მეტ წონას იმატებენ, ყურადღების გადატანაა. მაგალითად, ტელევიზორის წინ ჭამის დროს. ამიტომ, მიირთვით მხოლოდ მაგიდასთან, ლამაზი თეფშების გამოყენებით.
ფრანგები გემრიელად მიირთმევენ და არჩევანს ხარისხზე აკეთებენ. მათთვის, როგორც წესი, მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ საკვებით მიღებული სიამოვნება. ამიტომ, მათთვის, ვინც შედარებით დიდი ულუფებით იკვებება, რეკომენდებულია გემრიელი, თუმცა შემცირებული ულუფების მირთმევა.
- კიდევ ერთი მარტივი ჩვევა, რომელიც განსაკუთრებულ შიმშილს ან შეზღუდვას არ მოითხოვს - პორციების 10%-ით შემცირებაა. ეს ქცევა თქვენს ორგანიზმს კრიზისში არ ჩააგდებს, როგორც ეს მკაცრი დიეტების დროს ხდება. თუმცა, თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს და სხვა მოქმედებასთან ერთად, შედეგზეც აისახება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საშუალოდ, ადამიანმა 2 ლიტრამდე წყალი უნდა მიიღოს. თუმცა, წონის კლებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წყლის სადღეღამისო ნორმით მომარაგება, არამედ წყლის კონკრეტულ დროს დალევა.
- როდესაც შიმშილს იგრძნობთ, ჯერ წყალი დალიეთ. ნახავთ, რომ 20 წუთის შემდეგ შიმშილის გრძნობა გაქრება. ფრანგ ქალებს ესმით, რომ წყლის დალევა წონის კონტროლის მძლავრი საშუალებაა, პრაქტიკულად, მსხვერპლის გარეშე. წყალი ორგანიზმის დატენიანებაში დაგვეხმარება. მაგრამ, ასევე მადის დაქვეითებაში და ტოქსინების გამოდევნაში გვეხმარება.
ის, რომ ფიზიკური აქტივობისას კალორიები მაქსიმალურად იხარჯება და ამ დროს წონაში ვიკლებთ, ისედაც ცნობილია. თუმცა, როგორც წესი, ფრანგები სპორტდარბაზებს არ სტუმრობენ. წიგნის ავტორმა გაამხილა, რა განაპირობებს ფრანგი ქალების მოხდენილ ფიგურას:
- ფრანგ ქალებს სპორტი და სპორტულ დარბაზებში სიარული არ უყვართ. სამაგიეროდ, ფეხით სიარული მათი კულტურის ნაწილია. ამიტომ, იარეთ ფეხით. ყოველდღიურად რამდენიმე კვარტლის გასეირნება ან კიბეებზე ასვლა საოცრებას მოახდენს.